დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
13 ცისფერყანწელი და უთვალავი დამფასებელი
2010/09/20 12:52:33

გრძელდება ცისფერყანწელთა საღამოების ტრადიცია, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის საქალაქო სამსახურის თაოსნობით 2007 წელს დაიწყო.

მაშინ, პირველი საღამოსათვის, საგანგებოდ გამოვიდა წიგნი „ცისფერყანწელები - ცისფერყანწელებზე“, 2008 წელს დაიბეჭდა „ცისფერყანწელთა ახალი მითოლოგია“, 2009 წელს -        „ცამეტი“ (ქართველი ლიტერატორების წერილები ცისფერყანწელებზე). 17 სექტემბერს კი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გამართულ მორიგ საღამოზე კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიზო თავაძემ დამსწრე საზოგადოებას სანდრო ცირეკიძის თხზულებათა სრული კრებული „რაინდთა ლანდები“ წარუდგინა.

წინასიტყვაობის ავტორმა მაია ჯალიაშვილმა, რედაქტორებმა როსტომ ჩხეიძემ და ელგუჯა თავბერიძემ ვრცლად ისაუბრეს ამ წიგნის შესახებ. განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ ეს არის მინიატურული პროზის დიდოსტატის, ლიტერატურის ბრწყინვალე თეორეტიკოსის, საგამომცემლო საქმის შესანიშნავი ორგანიზატორის - სანდრო ცირეკიძის ნაწარმოებთა სრული კრებული. ქართველ მკითხველს პირველად მიეცა შესაძლებლობა, თვალი გაადევნოს „ქართული პროზის ბატონიშვილის“ მთლიან შემოქმედებას, ისიამოვნოს მისი გამოკვეთილი, უნატიფესი ხელწერით.

ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ ნიუპორტში ამასწინანდელი ვიზიტი გაიხსენა, როცა, მისდა გასაოცრად, ერთ-ერთმა უელსელმა მასპინძელმა ცისფერყანწელების ინგლისურენოვანი თარგმანის მოძიებაში სთხოვა დახმარება.

„პოეზიის ქარი“ მოგვიანებით მუხნარის ტყეში „ამოვარდა“. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ თბილისელი, ქუთაისელი, ბათუმელი, ხაშურელი, დუშეთელი პოეტები: მარიამ წიკლაური, გიორგი გაბაიძე, ეკა ბაქრაძე, ცირა ყურაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, მინდია ცეცხლაძე, ნანა გასვიანი, ნინო ქოქოსაძე, გიორგი არაბული, კატო ჯავახიშვილი, ნუკრი ბერეთელი, თამარ გაბროშვილი, ბელა უჩაძე, ზაზა ფირცხალაიშვილი, ენრი დოლიძე და სხვები.

და მაინც, 17 სექტემბერს ქუთაისი ცისფერყანწელთა პოეზიით სუნთქავდა...

 „ისინი ცამეტნი იყვნენ. 

ცამეტი არაორდინარულად მოაზროვნე, უნიჭიერესი ახალგაზრდა, თავიანთ სხეულში ვერდატეული, სისხლმოჭარბებული, ვერც პატარა ქალაქში, ყოფილ საგუბერნიო ცენტრში, ვერც დედამიწაზე ვერდატეული ბიჭები, რომლებიც ღამეებს ათენებდნენ რიონის პირას; რომლებიც ეტლებითა და ფაეტონებით დაიარებიან აღმა-დაღმა, ხან არქიელის გორას მიადგებიან, ხან არესის ჭალების მიმოგარეშე დაქრიან და თავიანთ ლექსებს უკითხავენ გაოცებულ და განცვიფრებულ ქალაქელებს...“

17 სექტემბერს ცისფერყანწელების ქალაქი კიდევ ერთხელ ამაყობდა ცამეტი შემოქმედით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია