დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ასაკით „დაწუნებული“ მასწავლებელი
2010/09/20 12:48:55

სკოლებში ბოლო დროს განხორციელებულ შიდა რეფორმას ანუ პედაგოგთა საყოველთაო შემცირებებს, შესაბამისად, უკმაყოფილებაც მოჰყვა. სკოლის დირექტორებმა მასწავლებლების შერჩევა-გადარჩევა სუბიექტური კრიტერიუმების მიხედვით მოახდინეს.

ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლაში დაწ-ყებითი კლასების მასწავლებელი ლამარა გულუა ამბობს, რომ დირექტორმა ციალა ანთიძემ საათები უკანონოდ ჩამოართვა და ასევე უკანონოდ გადასცა სხვა მასწავლებელს.

ლამარა გულუა: „ჯერ კიდევ მაისში მითხრა, რომ საათები უნდა დამეთმო. მართალია, მე 67 წლის ვარ, მაგრამ, როგორც მხედავთ, ჯერ კიდევ შემიძლია და, რაც მთავარია, თავმოყვარეობა მაქვს. მე უარი განვუცხადე, ვუთხარი, შეამოწმეთ ჩემი დამამთავრებელი კლასი, მე მათ ტესტირებასაც ჩავუტარებ,  ნახეთ, რა მოსწრება აქვთ, დაესწარით ჩემს გამოსაშვებ ღონისძიებასაც და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება-მეთქი. მივმართე სამეურვეო საბჭოსაც, თუმცა, პასუხი ვერც მათგან გავიგე, დირექტორი ერთპიროვნულად წყვეტს ყველაფერს და, რაც ყველაზე შეურაცხმყოფელია, ამ ხნის მანძილზე ნორმალური პასუხის ღირსადაც კი  არ ჩამაგდო. ყოველთვის არიდებს თავს სიმართლის თქმას და ამბობს, პირველი კლასი უნდა მივცე მანანა კაპანაძეს, რომელიც ახალგაზრდა მასწავლებელიაო. როცა რესურსცენტრს მივმართე და ქალბატონ ციალას მოსთხოვეს ამ საკითზე პასუხი, მან წერილობით უპასუხა, პირველი კლასის მასწავლებლობაზე რამდენიმე პედაგოგი აცხადებს პრეტენზიას და ამ საკითხს კონკურსის წესით მოვაგვარებთო, რა კონკურსით შეარჩია მანანა კაპანაძე, ვერ გეტყვით. მე არ ვამბობ, რომ ქალბატონი მანანა ცუდი პედაგოგია, ის წლებია, ჩვენს სკოლაშია, გახანგრძლივებული კლასი გაუხსნა დირექტორმა...

მე-5 სკოლის დირექტორი ციალა ანთიძე ამბობს, რომ მასწავლებლები სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩია: „არ სურთ ამ მშობლებს ასაკოვანი პედაგოგი, ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნიათ. ქალბატონი ლამარა მიიღებს ხელოვნებისა და ბუნებისმცოდნეობის საათებს, რადგან არანაკლებ მნიშვნველოვანია. რატომ ჰგონიათ, როცა ოთხ კლასს დაასრულებენ, მერე მობრუნდებიან და პირველი კლასის დამრიგებლები არიან? სკოლა მასწავლებელი და დირექცია არ არის, სკოლა არის მოსწავლე და მშობელი. რაც შეეხება კონკურსს, ეს გადაწყვეტილება, რომ პირველ კლასში შესულიყო მანანა კაპანაძე, მშობელთა განცხადების საფუძველზე მივიღე.“

დირექტორმა მართლაც გვაჩვენა განცხადებები, სადაც პირველი კლასის მშობლები თავიანთი შვილების მასწავლებლად მანანა კაპანაძეს ითხოვდნენ, თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალბატონ მანანას დაწყებითი კლასის  მასწავლებლად არ უმუშავია, (მის შრომის წიგნაკში კი არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ის მე-5 სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლადაა მიღებული), მშობლების ასეთი მოთხოვნა ცოტა უცნაურია...

ლამარა გულუა ამას იმით ხსნის, რომ სკოლაში მისულ მშობლებს დირექტორი აძალებს, განცხადებაში მასწავლებლად მანანა კაპანაძე მოითხოვონ.

ციალა ანთიძე: „მანანა კაპანაძე საათების გარეშე არ ყოფილა, ადრე მას თავისი ჯგუფი ჰყავდა და მერე დარჩა საათების გარეშე. რაც შეეხება მოსწავლეების არჩევას, აქ მოსულ მშობელს ვუხსნით, ესა და ეს მასწავლებლები გვყავსო და მერე ისინი თავად ირჩევენ, ვინ სურთ. ერთ-ერთ მშობელს განცხადების უკან გატანაც უნდოდა, ლამარა გულუამ ისეთი ამბავი დამიწია, რომ არ მინდა საერთოდო. მე პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად გადავწყვეტ ყველაფერს. მე არ მესმის, რატომ არ სურს ქალბატონ ლამარას ხელოვნებისა და ბუნების საათები.“

ქალბატონი ლამარა გულუა კი უფრო წინ იხედება:

„მე არასდროს მისწავლებია ხელოვნება და არანაირი გამოცდილება არა მაქვს ამ მხრივ, არც თვალსაჩინოება და დამხმარე მასალა, ხელოვნების სწავლებას თავისი სპეციფიკა აქვს, დირექტორს ამის გაგება არ სურს. მაგრამ მან ერთხელ თქვა, ხელოვნების მასწავლებლად აკადემიადამთავრებული კადრი მყავს შერჩეულიო. ხვალ ამ კადრს მოიყვანს და მე საერთოდ ქუჩაში გამიშვებს. მითხარით, მერე რა, რომ 67 წლისა ვარ (მე არც ვმალავ ჩემს ასაკს), ისევ შემიძლია მუშაობა და რატომ უნდა დავჯდე სახლში? 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია