დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რას გვპირდებიან მესხიშვილელები?
2010/09/13 14:06:37

ქუთაისელ თეატრალებს (და არა მარტო მათ) ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სხვადასხვა სიახლეს ჰპირდება.

 

სეზონი 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულსა და სოხუმის დაცემის დღეს, ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლის - „ბამბაზიის სამოთხის“ ჩვენებით გაიხსნება. ეს აფხაზეთის კონფლიქტის თემაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრალური დადგმაა. სწორედ მისი პოპულარობის გამო გადაწყდა იმავე სცენარით ფილმის გადაღებაც, რომლის რეჟისორი კვლავ გიორგი სიხარულიძეა.

სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება 2010 წლის „საბას“ პრემიის ლაურეატი პიესის „მთავარი როლის“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერა. ქუთაისის თეატრის სცენაზე მას მოწვეული რეჟისორი გეგა ქურციკიძე დგამს.

ასევე განსაზღვრულია ბეკეტის „გოდოს მოლოდინის“ პრემიერაც, რომელზეც რეჟისორი პაატა მილორავა მუშაობს, მთავარ როლს კი მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე შეასრულებს.

ოქტომბრის ბოლოსთვის თეატრის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, რომელზეც ამჟამად მუშაობენ გიორგი სიხარულიძე და ავთანდილ სახამბერიძე.

თეატრის დასი მაყურებელს შესთავაზებს 10 წლის წინ დადგმული სპექტაკლის „ვატერპოლოს“ განახლებულ ვერსიასაც, რომელზეც რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი მუშაობს.

სხვადასხვა სიახლესთან ერთად, რეპერტუარში იგეგმება ქუთაისელი მწერლის გიზო თავაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის „როცა ფესვები ლაპარაკობენ“ - პრემიერა.

მთავარი სიურპრიზი, რომელსაც თეატრალური დასი მაყურებელს ჰპირდება, თვლიან, რომ ეს სენსაცია იქნება ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ესაა სპექტაკლი „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“. მასზე რეჟისორი გიორგი სიხარულიძე მუშაობს, პრემიერა ახალ წლამდე იგეგმება.

გარდა რეპერტუარში დაგეგმილი ცვლილებებისა, თეატრის დირექცია აპირებს საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობას.

„30 სექტემბერს გაიხსნება თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელზეც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან არიან სტუმრები მოწვეული. ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი ამჯერად წარსდგება 2009 წელს დადგმული სპექტაკლით „ რომეო და ჯულიეტა“. გასულ წელს ამავე ფესტივალზე ჩვენ ჩატანილი გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლი „ანა კარენინა“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. იგეგმებოდა მისი ჩვენება გერმანიასა და ინგლისში, თუმცა დეკორაციის გადაადგილების სირთულის გამო სპექტაკლის ჩვენება საზღვრებს გარეთ დროებით შეუძლებელია - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თეატრის პიარ-მენეჯერმა ნანა ქაჯაიამ.

27 სექტემბერს სეზონის გახსნასთან ერთად იგეგმება განახლებული ლიტერატურული სალონის პრეზენტაციაც, რომელმაც თავისი ფუნქცია ობიექუტრი თუ სუბიექტური მიზეზების გამო ჯერჯერობით ვერ შეასრულა. ეს იქნება ლიტერატურის მოყვარულთა თავშეყრის ადგილი, დახვეწილი დიზაინით, რომელიც შექმნა ესმა ხეცურიანმა.

კიდევ ერთი სიახლე თეატრის ცხოვრებაში ახლადშექმნილი საიტია (www.meskishvilitheatre.ge), რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და სრულყოფილ სახეს უახლოეს თვეებში მიიღებს. მისი მეშვეობით დაინტერესებულ პირებს საჭირო ინფორმაციის მიღება შეეძლებათ მესხიშვილის თეატრის რეპერტუარზე, ადმინისტრაციის საქმიანობაზე და ა.შ.

 

ნინო ბაქრაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1450
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია