დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხონში გაყიდული ჩვილი
2010/07/26 12:26:23

ხონში ჩვილის გაყიდვაში ეჭვმიტანილი 9 პიროვნება დააკავეს. დაკავება 17 ივლისს მოხდა - მაშინ, როდესაც ახალშობილი მშვილებლის ოჯახში წაიყვანეს. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარეს.

 

დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული არიან: ხონის რაიონული საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ექიმ-გინეკოლოგი დავით ჩაგუნავა, ხონის რაიონული საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ექიმ-გინეკოლოგი და ბავშვთა ექიმი ფატიმა ტიგიევა, ექთანი ტარიელ კუხიანიძე, ბავშვის ექთანი ნათია მსხილაძე, ახალშობილის დედა ანა აბრუნია, ბავშვის მშვილებელი ლონდა ფერცულიანი, შუამავლები ეკა აბლოთია, მაყვალა ხაჭაპურიძე და ეკატერინე გოგოხია.

რამდენიმე თვის წინ აფხაზეთიდან, კერძოდ, გალის რაიონიდან გადმოსულმა ანა აბრუნიამ, რომელიც ორსულად იყო, დახმარებისთვის ხონში მცხოვრებ მეგობარს, ეკა აბლოთიას მიმართა, მან კი ხონის სამშობიარო სახლში მიიყვანა მეგობარი, რომელიც სამშობიაროს ექთანმა ტარიელ კუხიანიძემ ნახა. კუხიანიძის თქმით მას და აბლოთიას ერთმანეთში ჩვილის გაშვილებასა და გასხვისებაზე საუბარი არ ჰქონიათ, თუმცა მისთვის ცნობილი იყო, რომ დედა ბავშვის გაშვილებას აპირებდა. ამავეს ამბობს ხონის რაიონული საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ექიმ-გინეკოლოგი დავით ჩაგუნავა. 

დავით ჩაგუნავა: „მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ჩვენს კლინიკაში ექთნისთვის მოუმართავს ორ პიროვნებას - ანა აბრუნიას და ეკა აბლოთიას. ანა აბრუნია იყო ორსულად და მოუთხოვია მშობიარობის დროზე ადრე შეწყვეტა. მას არ უნდოდა პირადი პრობლემების გამო ბავშვის გაჩენა. თუმცა მან შემდგომ ეტაპზე განყოფილებას სამშობიარო ტკივილებით მომართა. მშობიარობამ გართულების გარეშე ჩაიარა და ბავშვსაც და დედასაც აღმოუჩნდა შესაბამისი დახმარება. დედა გადაყვანილ იქნა პალატაში, ხოლო ჩვილი - ბავშვთა ოთახში. ანა აბრუნიას არ ჰქონდა პოლისი და ამიტომ ვუთხარი, რომ აქ თანხა იყო გადასახდელი. ვუთხარი, რომ მას უნდა გადაეხადა 500 ლარი. აქედან 200 ლარი ბუღალტერიაში შევიტანე, ხოლო 300 ლარი მე და ექთანმა გავიყავით. თანხის გადმოცემის შემდეგ ჩემთან ოთახში შემოვიდა ერთ-ერთი ქალბატონი (რომლის სახელი და გვარი მაშინ არ ვიცოდი) და ვიღაც მერაბი, რომელიც მთხოვდა, რომ მივხმარებოდი ბავშვის გაფორმებაში. მე შევპირდი, ბავშვის გაფორმებაში დაგეხმარებით-მეთქი და დამატებით მოვითხოვე 1 500 ლარი.“    

ლონდა ფერცულიანი, მშვილებელი: „სახლში ვიყავი და ქუჩიდან ძაღლის ხმა შემომესმა. რომ გავედი, დავინახე ერთი მამაკაცი და სამი ქალბატონი. ყველაზე ასაკიანი ქალბატონი რომელიც იყო, იმან მითხრა, შვილი თუ გინდაო? თანაც დაამატა, რომ იყო ახალგაზრდა გოგო, რომელსაც  შვილი არ უნდოდა. მე სიხარულით დავთანხმდი და ჭიშკართან მოსულები სახლში შემოვიპატიჟე. მეორე დღეს ბავშვის დედა დავიბარეთ, რადგან მინდოდა, რომ შევხვედროდი და მენახა, ლამაზი თუ იყო. რომ შევხედე, ძალიან მომეწონა ეს გოგო, ანა აბრუნია იყო. იგი ზუგდიდიდან მოდიოდა. ნახევარ საათში წავიყვანე სამშობიაროში და იმშობიარა.

მას მფარველობდა მისი დაქალი ეკა, რომელიც იყო ჩვენს შორის შუამავალი. ამ ეკამ მომთხოვა 1 500 ლარი. ამის შემდეგ შევედი ექიმთან და მასთან დავიწყე მოლაპარაკება. მან მითხრა, რომ პრობლება არაფერი იქნებოდა, თუ 2 000 ლარს გადავიხდიდი. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.“

ასაკიანი ქალბატონი, რომელმაც ბავშვის დედა მშვილებელს დაუკავშირა, მაყვალა ხაჭაპურიძეა. როგორც ამბობენ, დედამ და მშვილებელმა  „საქმის  მთავარი  გამკეთებლები“ „მოტეხეს“  და  ფული  არ გადაუხადეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა შუამავალმა ცხელ ხაზზე დარეკა. სასამართლომ, რომელიც 20 ივლისს ხონში გაიმართა, ანა აბრუნიას და ეკა აბლოთიას ადმინისტრაციული სასჯელი 2 000 ლარი დააკისრა, რომელიც მათ 30 დღის ვადაში ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადონ. ანალოგიური სახდელი შეუფარდეს თხუთმეტი წლის მანძილზე შვილის მომლოდინე დედას, ლონდა ფერცულიანსაც.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა მაყვალა ხაჭაპურიძე და  სამშობიარო განყოფილების ბავშვთა ექიმი ფატიმა ტიგიევა, რომელსაც ბრალი ვერ წაუყენეს და წინა დღით დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

სასამართლო პროცესზე ეჭვმიტანილ ტარიელ კუხიანიძეს ადვოკატი არ ჰყოლია, მან თავის დაცვა თავად მოახერხა.  ექიმ დავით ჩაგუნავას ინტერესებს კი, ადვოკატი ბადრი ორმოცაძე იცავდა.

აღსანიშნავია, რომ ხონში გინეკოლოგიური განყოფილება სულ რამდენიმე თვეა, გაიხსნა. სასამართლოზე პროკურორი ვახტანგ ჩიკვაიძე ზუსტად ერთი წლის წინ ხონში ჩვილის გაყიდვის იმ გახმაურებულ ფაქტებზე აპელირებდა, რომლის შემდეგაც რაიონში სამშობიარო განყოფილება დაიხურა. აქედან გამომდინარე, პროკურორმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ეჭვმიტანილებმა მიმალვა სცადონ გამოძიების პროცესში, და ამიტომ მოსამართლისგან ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ამჯერად დავით ჩაგუნავა და ტარიელ კუხიანიძე დაკავებულები არიან.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული. დანაშაული კი თავისუფლების აღკვეთას  ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს. ჩვილი შესაბამისმა სამსახურმა ქუთაისის ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1837
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია