დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„თხემით ტერფამდე იგრძნო ხალხმა დაკარგვა მისი...“
2010/07/06 13:11:23

ორმოცი დღე გავიდა მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის კლასიკოსის მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან. დიდებული ადამიანი შესაფერისად უნდა გიყვარდეს, რომ ასევე დიდებულად გაიხსენო; გიხაროდეს მისი არსებობა და გეტკინოს მისი წასვლა.

ჩვენი რესპონდენტი პოეტის სიყრმის მეგობარი, 81 წლის ფილოლოგი, მისივე თანასოფლელი ზურაბ თოდაძეა. იგი წლების მანძილზე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. ჩვენც სწორედ არგვეთში შევხვდით ბატონ ზურაბს, რომელმაც დიდი ტკივილით, სიყვარულითა და რუდუნებით გაიხსენა მუხრან მაჭავარიანთან გატარებული ბავშვობის წლები.

 

მუხრანი საერთოდ თუ მოკვდებოდა, არ მეგონა, უკვდავი მეგონა. მინდოდა, მისი ცრემლი მე დამვარდნოდა გულზე და ჩემი დაკრძალვის დღეს სასიყვარულო და მეგობრული სიტყვები მას ეთქვა. ასე მგონია, წაწყმედილი მივდივარ იმ ქვეყნად... საშინელებაა, როცა კაცი უკვდავად მიგაჩნია და იმ დროს მოკვდება! ორჯერ ჰქონდა ინფარქტი გადატანილი, ამ ბოლოს ჯანმრთელად იყო, არ უჩიოდა თითქოს ტკივილს.

... ჩემი შვილი იყო იმ დილას მასთან. ჩემი დაკრეფილი პიტნა და მწვანილი მიართვა. ძლიერ გახარებოდა, დაეკოცნა ჩემი შვილი, ეთქვა: დიდი მადლობა გადაეცი ზურაბს, ასე მგონია, ჩემს არგვეთს ვხედავო... ასე მგონია, ჩემი ბავშვობის წლები განმეორდაო...

მე და მუხრანი ბაღშიც ერთად დავდიოდით და დაწყებით კლასებშიც, მერე თბილისში გადავიდა და ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე.

ბაღში ყველაზე დიდი ბიჭი იყო, ბუთხუზა, ცეკვა „დავლური“ უყვარდა. დედამისი, თამარი, ტაშს დაუკრავდა: „აბა, მუხრან, ჩამოუარეო...“ და ისიც ჩამოუვლიდა...

ბავშვობიდანვე დიდი იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა. ერთხელ, ზაფხულში მე და მუხრანი ეზოში, ვაშლის ხის ძირში ვისხედით და პატარა ურმის ბორბალს ვაკეთებდით. მას ეხერხებოდა ხის ნაკეთობებზე მუშაობა. მზე კარგა დიდზე იყო გადმოწეული... ძროხამ დაიბღავლა... აივანზე მისი მამიდა, ცაგურა, გადმოდგა და დაუძახა: „მუხრან, ძროხის ხმა გაიგონე?“ - „გავიგონე, ყრუ ხომ არ ვარო!“ - უპასუხა. - ხოდა, ეშივნება, დაგენაცვლე, გადააბი, მამიდაო!..

წავედით. მეორე მამიდას კაკლის ხის ძირში მისძინებოდა, ძროხაც იქვე ება. მუხრანმა ბაწარი ჩახსნა, ერთი ბოლო ძროხას მიაბა, მეორე - მძინარ მამიდას. წამოვედით და გავაგრძელეთ ჩვენი საქმე.... თურმე ძროხას ბუზი დააჯდა და აკუნტრუშდა. მიშველეთ, მიშველეთო! - აყვირდა დაბმული მამიდა... დიდი ამბავი დაუწიეს მაშინ მუხრანს, ის კი ამბობდა: „მითხრეს, გადააბი მამიდა...“ და მეც გადავაბი, რა გინდათ ჩემგანო?!

მუხრანი პატარაობიდანვე მოყვარული იყო თავისუფლებისა, თავიდანვე ჰქონდა შეგნება, რომ სიცოცხლისა და დამოუკიდებლობისაკენ მებრძოლი კაცი ღირსი იყო პატივისცემისა და დაფასებისა.

ლაშურაში გველენა თევზები იცოდა. ერთგან წყალი დავაშრეთ და ამ თევზებთან ერთად ერთი თეთრი წვერა თევზიც დავიჭირეთ, რომელიც, სხვა თევზებთან ერთად, ცალკე გაკეთებულ გუბეში მოვისროლეთ. თევზაობას რომ მოვრჩით, ამოვყარეთ თევზები გუბიდან, წვერა არსად ჩანდა... თურმე მიწის გათხრა უცდია და ცხვირით სილაში იყო ჩარჭობილი. მუხრანმა თქვა: „მოდი, ნუ ამოვიყვანთ, სიცოცხლისთვის ამდენი უბრძოლია, ამდენი უწვალია და შევუნარჩუნოთ სიცოცხლეო...“ მაშინ 10 წლისანი ვიყავით.

პატარა მუხრანს ბია უყვარდა. მეც ჩავიგდებდი ჩემს ნაჭრის ჩანთაში ორ-სამ ცალს და სკოლიდან მომავალნი შევექცეოდით. მუხრანს დიდი, თეთრი, ნაფოტა კბილები ჰქონდა, გავუწოდებდი ბიას, ის ერთს დაკრავდა კბილებს და უკვე ნახევარს გადმომაწოდებდა. ასე, მუხრანის ქათქათა კბილებით ხდებოდა ბიის განაწილება. ამიტომ ერთხელ, როცა თავისი წიგნი გამომიგზავნა, ავტოგრაფად ეწერა: „ჩემს საყვარელ ბიამტეს!“ - ძუძუმტეს ნაცვლად „ბიამტეს“ მეძახდა.

მეც მივუძღვენი ჩემს საყვარელ მეგობარს ლექსი:

„არ გვიწოვია ზიარად ძუძუ,

ერთმანეთისთვის კი გვითქვამს ძმობა

და ბიამტეებს გვერდიგვერდ, ტკბილად

გვიტარებია ჩვენი ბავშვობა.

ლაშურაშიაც გვიბანავია,

ცინცოლაურის შეგვისვამს წყალი,

ხან მოგვიპარავს კაკოს ყურძენი,

ხან თაფლო ბებოს ნაადრი მსხალი...

და სიყვარულში დაკაცებულებს

დაგვილევია ღვინო ყანწებით

კიდეც დავმთვრალვართ, მაგრამ ვყოფილვართ

ერთი ფიქრით და ერთი გაგებით,

რომ ვართ სხვადასხვა დედმამის შვილი,

და ძმაკაცები მხოლოდ განგებით!“

 

მუხრანს ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა: მურმან ლებანიძე, გივი ძნელაძე, ჯურხა ნადირაძე... როცა თბილისში, მასთან ჩავიდოდი, ან მურმანი იყო მუხრანთან, ან - პირიქით. განსხვავებული ხასიათისანი იყვნენ, მაგრამ ორივე დიდი პოეტი იყო, იცოდნენ ეს და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მურმანის და მუხრანის საუბრის თემა, ძირითადად, სამშობლო იყო, ნატრობდნენ, როდის ეღირსებოდათ ის დღე, როცა საქართველო თავისუფალი იქნებოდა. ამას მოესწრნენ, მაგრამ მუხრანი მაინც გაუხარელი წავიდა ამ ქვეყნიდან, რადგან საქართველო ასე დაწეწილ-დაგლეჯილი დატოვა. ეს იყო ამ ბოლო დროს მისი ყველაზე დიდი გულისტკივილი, ყოველთვის ნატრობდა, რომ სამშობლო ენახა ისეთი ძლიერი და ერთიანი, როგორიც დავითისა და თამარის დროს იყო.

შოთა რუსთაველის შემდეგ პირველ პოეტად აკაკის თვლიდა.

„შოთა რუსთაველის ალავერდი აკაკის ეკუთვნისო!“ - ამბობდა ხოლმე...

მურმანის, ანას, ოთარ ჭილაძისა და დიდი მუხრანის გარდაცვალებით, სამწუხაროდ, დაიხურა მეოცე საუკუნის ქართული კლასიკური პოეზიის დიდი წიგნი. ნატრობდა: „რა ბედენაა მთაწმინდის და დიდუბის მიწა,  თუ სიკვდილია, აი, მესმის წოლა შამქორში!“ მაგრამ მთაწმინდაც ხომ პოეტთა შამქორია...

მთაწმინდის აღმართებზე სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობისას გამახსენდა ოცდაათი წლის მუხრანის ზუსტი ნაწინასწარმეტყველევი:

„გაქრა, დამარხეს, დასამარდა სიცოცხლის ღირსი,

აღმართის შემდეგ თავდაღმართზე დაეშვა ხალხი,

და თუ გაჩენა ვერ შენიშნა ვერავინ მისი,

ვით თრიმლის ძირას წვიმის შემდეგ ამოსვლა ვარყის,

სამაგიეროდ, ოდეს ხორცი მიეცა მიწას,

ოდეს ლექსშიღა ხმაურობდა პოეტის სისხლი,

ქვეყანა შეძრა სიკვდილმა მისმა

თხემით ტერფამდე იგრძნო

ხალხმა დაკარგვა მისი.“

 

მაკა შუკაკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1418
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია