დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს განათლების სისტემა პროკრუსტეს სარეცელზე
2010/07/06 12:48:53

წესით, მსგავსი პრობლემები ქვეყანაში პრეზიდენტის შეწუხების გარეშე უნდა გვარდებოდეს. მაგრამ თქვენგან ხელდასხმული მინისტრები სხვა გამოსავალს რომ აღარ გვიტოვებენ? - წერილებს მისწერ, უპასუხოდ დაგტოვებენ, დარეკავ, არ შეგეხმიანებიან, თუ მაინც მოახერხე და შეხვედრა ითხოვე - მუდამ მოუცლელები ბრძანდებიან. ეჰ, მინისტრებს ვიღა დაეძებს, მათზე დაბალ საფეხურებზეც რომ „გამინისტრ-გაპრეზიდენტებულან ადამიანები!..“

საკითხი ეხება განათლების სამინისტროს მიერ წამოწყებულ პიარაქციას (რაც ფინანსთა მინისტრმაც დაადასტურა) - სისტემაში 25 მილიონი ლარის დაზოგვის შესახებ, სკოლების ოპტიმიზაციის საფუძველზე.

ნეტა, ჩვენ რაღა გვაქვს დასაზოგი! მაშინ, როცა სკოლების უმრავლესობას, ათეული წლებია, კაპიტალური შეკეთება არ ღირსებია და სავალალო მდგომარეობაში არიან. ეს ყბადაღებული ოპტიმიზაცია კი ერთი რომელიმე პედაგოგის, ან სკოლის ადმინისტრაციული თუ ტექნიკური მუშაკის მიმართ წარმოებული კამპანია კი არ გახლავთ, რომელიც დაიწყება და იქვე დამთავრდება, არამედ - ის შედეგი, რომელიც ძაღლყურძენას გამოიღებს მშვენიერი მტევნის მაგივრად. მაშინ კი თქვენი შეფასებები იმაზე მკაცრი და უკიდეგანო იქნება, ვიდრე ამასწინანდელი გახლდათ: ისტორია-გეოგრაფიის ხელოვნურად შერწყმისა და განათლების რეფორმაში არსებული სხვა არსებითი ხარვეზების ავტორებს რომ მიაგეთ, რადგან სკოლა ცოცხალი, განვითარებადი ორგანიზმია და იგი ვერავითარ ხელოვნურ ჩანერგვა-გადანერგვას ვერ იტანს. 

ჩვენმა მასწავლებლობამ, სკოლის თითოეულმა მუშაკმა, გმირულად ზიდა ქვეყნის 20 წლიანი ქარტეხილების სუსხი, სიცივე, შიმშილი, ფეხით სიარული, უკიდურესი გაჭირვება, მთელი თავისი სული, სითბო და სიყვარული გაუნაწილა ერთ ბედქვეშ მყოფ ახალგაზრდებს; სკოლაც გადარჩა, არც ამდენი აგრესიულობა და დაუნდობლობა ყოფილა ახალგაზრდებს შორის, დღეს რომაა. თუ ქართული სახელმწიფო დღეს შემდგარია, ამაში ლომის წილი მასწავლებელს უდევს, ამიტომ სკოლიდან კი ნუ მიერეკებიან, პატივი უნდა მიაგონ ქვეყნის ბურჯსა და დვრიტას - მასწავლებელს, თითოეული სკოლის მუშაკს, რას ჰგავს პატივ და ღირსება ამყრელი დამოკიდებულება მათდამი?

ისე, თქვე დალოცვილო, ერთი პროფესიონალი კადრის მოყვანა რა გახდა განათლების მინისტრად! მე ვიტყოდი, ქვეყნისათვის ამ უპირველეს სამინისტროს, პროფესიონალები როცა მართავდნენ, მიუხედავად ქვეყანაში არსებული რყევებისა, სკოლას უსაფრთხოების და მრავალი სხვა თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა.

განათლების მინისტრის, დირექტორებისა და განათლების სისტემის სხვა მესვეურთა ერთობლივ ბრიფინგზე (არსი ტელევიზიებმა სხვა რაკურსით გააშუქეს, მინისტრმაც ხელი დირექტორებისაკენ გაიშვირა, მაგრამ განათლების სამინისტროს საიტზე დადებული მასალა დღესაც თუ არსებობს, საქმეში ჩახედულ კაცს ნამდვილად შეუქმნის ნათელ აზრს), ყოველგვარი საკანონმდებლო ბაზის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებისა თუ ზეპირი მითითების საფუძველზე, განაცხადეს: მასწავლებლები, ვისაც 18 საათის დატვირთვა არა აქვთ, სკოლიდან უნდა წავიდნენო!

ყურში ნაჩურჩულევი თუ თითდაქნეული რესურსცენტრების მესვეურები და დირექტორები კი, მინისტრის განცხადებით დამფრთხალნი („თქვენი არჩევითობა არ ვიცი მე, მალე ჩემი დასანიშნი იქნებითო“), პლებეური გულმოდგინებით შეუდგნენ სკოლების ოპტიმიზაციის მინისტრისეული იდეის პრაქტიკულ განხორციელებას, დაერივნენ ახალგაზრდა თუ ღვაწლმოსილ პედაგოგებს, „ვითარცა არწივნი და განაბნივეს ვითარცა კაკაბნი“.

ახლა კი ამოიღო ხმა ლაბა ხარივით ერთგულმა მასწავლებელმა (რა ვიცი, იქნებ თქვენც კი ჩაერიეთ) და... საკითხი დროებით მოიხსნა თუ საბოლოოდ, არავინ იცის, მასწავლებლებს უკვე ნდობა დაეკარგათ: აშშ სახელმწიფო მდივნის სტუმრობის გამო ხომ არ შემოდეს დროებით თაროზე, რომ მაღალ სტუმარს ქვეყანაში სიმშვიდე დახვედროდაო...

ახლა ჯერი სკოლის საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციაზე მიდგა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მისი დროდადრო გადახედვა არ უნდა ხდებოდეს და შეუსაბამობა არ უნდა სწორდებოდეს. მინისტრმა 115 დასახელების შტატი ახსენა, რაც მართლაც მეტისმეტია. ნდობას დირექტორები ამ მიმართულებით ბოროტად არ უნდა იყენებდნენ. მაგრამ აქაც სკოლის დირექტორს, ყოველგვარი საკანონმდებლო ბაზის გარეშე, სიტყვიერი მითითების საფუძველზე, ჩამოართვეს კანონით მინიჭებული შტატების განსაზღვრის უფლება და რესურსცენტრებმა იტვირთეს: ესა და ეს შტატი არ დატოვო, მაინც გადაგიშლითო. როგორ, დასაბუთების საშუალებაც უნდა წაართვა? მაშინ ჩვენ მაინც მოგვცენ საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება, ასეთი ხისტი პოლიტიკა წარმატებას ნამდვილად არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

1870 წელს, როდესაც საფრანგეთი პრუსიასთან ომში დამარცხდა, ორიგინალობის მოყვარულმა ფრანგებმა თქვეს, გერმანელმა მასწავლებელმა სძლია საფრანგეთსო. ასე შეაფასა გერმანელი მასწავლებლისა და განთლების სისტემის როლი ფრანგმა ხალხმა გამარჯვებისათვის ბრძოლაში. ჩვენ კი უამრავი დიდგორი გვაქვს მოსაგები. სკოლაში მარტო მასწავლებელი ხომ არ არის, ასეული წლების განმავლობაში პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის მამამთავრებმა, პრაქტიკული დაკვირვებებიდან გამომდინარე, განსაზღვრეს რა საშტატო ერთეულები სჭირდება სკოლას ნორმალური ფუნქციონირებისათვის. დღეს პედაგოგებს წვრილად აზუთხვინებენ პიაჟეს, ბლუმს, ბიჰევიორიზმს, რომლის გარეშე არც არასდროს უმუშავია მასწავლებელს, იმიტომ, რომ ეს თეორიები „არ ახალია - ძველია“. იმ სკივრში, სადაც ჩვენი განათლების მესვეურებმა ესენი იპოვეს, სკოლის მართვის მეცნიერული საფუძვლები ვეღარ აღმოაჩინეს?

იქ მრავალი დასაბუთებული თეორიაა, ძველიც და ახალიც. XXI საუკუნეში კი არა, XIX საუკუნეშიც ითვალისწინებდნენ იმ უამრავ წვრილმანს, რაც სკოლაში ტექნიკური, სამედიცინო, თუ სასწავლო-აღმზრდელობითი თვალსაზრისით იყო საჭირო. კარგად დაუკვირდნენ იმ შენობას, სადაც დღეს განათლების სამინისტროა განთავსებული. ის ძველი რეალური გიმნაზია იყო და შენობა კარგად მოუყვება თავის თავზე, დანარჩენისათვის კი არქივებს მიმართონ: სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის თითოეულ შტატს თუ სამსახურს თავისი აუცილებლობის დამამტკიცებელი განმარტებითი ბარათები ახლდა თან. დღეს კი იქით მოვითხოვთ, მეცნიერული დასაბუთებით დაგვიმტკიცონ, რატომ დააწვინეს სკოლები პროკრუსტეს სარეცელზე, რატომ უნდა დაემგვანონ ერთმანეთს, ყოველგვარი ინდივიდუალობის გაუთვალისწინებლად, რატომ არ უნდა ჰყავდეს სკოლას ექთანი: ბავშვები ხომ წარამარა იტკივებენ რაღაცას, გოგონებს სხვა პრობლემები უჩნდებათ, ბიჭებს - სხვა. ქალაქის ერთ ბოლოში არსებული სასწრაფოს მეორე ბოლოში მისვლამდე , ვინაა პასუხისმგებელი, რომ არაფერი მოხდება? შემდეგ - დაითვალა კი ვინმემ, ეკონომიურად ეს რა დაუჯდება სახელმწიფოს, გაცილებით დიდი თანხა, ვიდრე ერთი ექთნის შტატია? ბიბლიოთეკარი, ბუღალტერი, ფსიქოლოგი, მოადგილე, სხვადასხვა საფეხურის კოორდინატორები, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით... ამ მცირე ჩამონათვალზეც კი სკოლებს, მცირედი სხვაობით, უკვე შეექმნათ პრობლემები.

სკოლაში ბიბლიოთეკას რომ ვეხებით, სულ ახლახან არ იყო, იგივე სამინისტროს ინიციატივით, ბიბლიოთეკები „კარცერ-ლუქსებად“ რომ უნდა გადაქცეულიყვნენ, კომპიუტერებითაც აღჭურვილიყვნენ, სადაც სადამსჯელო ღონისძიება მოსწავლის გადაცდომისათვის წიგნის კითხვა იქნებოდა? თქვენი პროგრამითაც ხომ ისეთი საჭირო წიგნები გადმოგვეცით, რისთვისაც - უღრმესი მადლობა.

ახლაც, სოციალურად დაუცველ ბავშვებს წიგნები რომ უნდა შეუძინოთ, მის მომდევნო კლასებისათვის გადაცემას ბიბლიოთეკარი აწესრიგებს, მისი სამუშაო ხომ სპეციალურ განათლებას მოითხოვს. მოვაბრუნოთ ბავშვი წიგნისკენო. ბიბლიოთეკარს, ასაკის შესაბამისად, თითოეულ ჯგუფში მოძრავი ბიბლიოთეკა აქვს, თუ ესეც მოვშალეთ, ჩვენს ქვეყანას, წერა-კითხვის თვალსაზრისით, მსოფლიო ბაზაში ერთ-ერთი ბოლო ადგილი ეკავა და შემდეგ სულ აღარ გვეშველება, ალბათ, რამე. დაწყებით სკოლას - არც სპეციალისტი კოორდინატორიო! მიკვირს, რა განათლება მიიღო ამ ხალხმა ასეთი, რომ ყველაფერზე უარს ამბობენ, აქ ეკონომია შეიძლება?

არ ვიცი, რა მეცნიერული დასაბუთება გააჩნია ფსიქოლოგის შტატის შემცირებას სკოლებში. თუ პირიქით - ეს სამსახური უფრო უნდა გაძლიერდეს, თანაც ხუთწლიანები მოდიან სკოლაში, ეს მრავალ პრობლემას შექმნის და იგი ფსიქოლოგმა უნდა მოაგვაროს, ვისაც ამ მიმართულებით წლების განმავლობაში განხორციელებული კვლევების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. აღარაფერს ვამბობ ინკლუზიურ, ჰიპერაქტიურ, არასაიმედო, მიტოვებულ ოჯახებიდან (დღეს კი ასეთი უამრავია) ბავშვებზე.

იტყვიან, ყველაფერს მანდატურები გააკეთებენო! მესმის, უსაფრთხო სკოლის მიმართულებით იქნებ დღეს საჭირონი არიან. თუმც ჩვენი ქალაქის კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, ამ სამსახურის საჭიროება, თამამად ვიტყვი, რომ არც ერთ სკოლას არ გააჩნია. ახლა ბრძანეთ, აქ რატომ არ შეიძლება ეკონომია გაკეთდეს? მაგრამ ვინ დაამტკიცა, რა ცოდნა მიიღეს მათ ყველა მიმართულებით 3-4 თვეში ისეთი, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამსახური რომ უნდა ჩაანაცვლონ? ან, თუ მათთვის მოიძებნა ხელფასი - 800 ლარი, მასწავლებლისათვის 300-400 ლარი დაენანა ჩვენს სახელმწიფოს? რის საფუძველზე გავხდით ბალასტი ჩვენი სახელმწიფოსათვის?

ჩვენს ქვეყანაში, ერთის მხივ, პრიორიტეტი დასაქმებაა, მეორეს მხრივ ამდენი ოჯახის მარჩენალი, პატივდებული ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გაიღო, რისი გაღებაც კი შეეძლო სკოლისათვის - ქუჩისა და შიმშილისათვის უნდა გაწიროთ? ან აიძულეთ, სხვადასხვა ხერხებით ქვეყანა დატოვოს და სხვათა მომსახურებაში ამოძვრეთ სული? აბა, მითხარით, სხვა რა არჩევანს სთავაზობთ, ესაა ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური, შრომის უფლების დაცვა?

ნუთუ არ გყოლიათ „სასწავლო-ნაწილი“ - ამაგდარი პედაგოგი! მე უმეტესად ასეთებს შევხვედრივარ. წარმოიდგინეთ მისი მომავალი, ქუჩაში ხელგაწვდილი ხომ ვერ დადგება, ღირსება არ მისცემს ამის საშუალებას!.. შემდეგ კი რა უნდა მოხდეს?..

განათლების რეფორმა დროის მოთხოვნა იყო და არავინ დაობს, წესიერ ქვეყანაში განათლების მუდმივი განახლებისათვის ზრუნავენ. მაგრამ ჩვენთან არაპროფესიონალების (თქვენივე შეფასებაა, ჩემგან შერბილებული) მიერ გატარებულმა რეფორმამ გამოიწვია ის აგრესია, რაც მოსწავლე ახალგაზრდობისაგან მოდის ერთმანეთისა თუ უფროსების მიმართ. პედაგოგიკის ეროვნულ ფესვებს მოწყვეტილმა, ფსევდოკოსმოპოლიტიზმით ნასაზრდოებმა რეფორმამ, ისეც რთულ დროში მოხვედრილ ახალგაზრდობას ახალი ღირებულებები და სულიერი საზრდო ვერ შესთავაზა. ხშირად მოტივაციაც ვერ გაუჩინა სწავლისადმი (იგივე დასაქმების პრობლემიდან გამომდინარე). ჩვენ მოსწავლეთა აგრესიულობის მიზეზებს კი არ ვიკვლევთ, შედეგებს ვებრძვით ვიდეოთვალებით, ახალი სამსახურებით, ძველი (გამოცდილის, აპრობირებულის) ჩანაცვლების ხარჯზე და არა ურთიერთთანამშრომლობით ძველსა და ახალს შორის. ვიდეოთვალი დრომ მოიტანა, აქამდე როგორ ვარსებობდით? იმას აღარ ვუკვირდებით, რომ მოსწავლეთა აგრესიულობა იქიდან მოდის, როცა ყველამ დავივიწყეთ ქართველის სისხლში გამჯდარი უფროს-უმცროსობის, პატივგების წესი და რიგი. კიდევ მეტი, ახლა სკოლიდან გაძევებული, უმეტეს შემთხვევაში, მათთვის პატივსაცემი  ადამიანების შესახებ რომ გაიგებენ, ფსიქოლოგიურად რა შედეგების მოტანა შეუძლია ამ ღონისძიებას მათ ცნობიერებაზე, ეს არ გაფიქრებთ? რომელი ვიდეოთვალი და ახალი სამსახური უშველის ამას? რისკენ ვუბიძგებთ? ერთსაც გავიხსენებ: XIX საუკუნეში თურქების მიერ პროვოცირებულ, აფხაზებისა და იმერლების ბრძოლაში მოხუცმა აფხაზმა თავადმა მოწინააღმდეგე ახალგაზრდა იმერელს უთხრა: რას უცდი, ყმაწვილოო... უფროსისაგან პირველ შემოკვრას ველიო - უპასუხა ახალგაზრდამ! აი, რა განძი და ფენომენი დაგვრჩა მიუხედავი.

ჩვენი მასწავლებლობა დღესაც გმირია. მიუხედავად ასეთი სტრესული სიტუაციისა სკოლებში, იგი მაინც ცდილობს, სასერთიფიკაციო გამოცდებით დაუმტკიცოს ხელისუფლებას, რომ       „მაგარია“ და მისი გამოწვევა მიიღოს, მაგრამ აქაც ერთი რამ მაწუხებს: გამოცდებზე გამსვლელ რიგ პედაგოგებს რიგმა დირექტორებმა, „ბრძნული“ რჩევა-დარიგება მისცეს - თუ ამა და ამ პროფკავშირში გადახვალ, ჩაბარება და წარმატება გარანტირებული გექნებაო. ჩემთვის და იქნებ სხვისთვისაც სულერთი იყოს, სად ვიქნებით გაერთიანებული, მაგრამ მთავარია ის, რომ სასერთიფიკაციო გამოცდების სანდოობისა და გამჭვირვალობის საკითხი დააყენეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ეჭვქვეშ. რას ამოფარებიან ადმინისტრაციულ რესურსს ზურგს უკან, მახინჯი ფორმითა და აქციებით რომ ცდილობენ ადამიანთა სულში ჩაძვრომას, ან რატომ აქვს დირექტორს უფლება - ჩემივე განცხადებით, ხელმოწერით დადასტურებული ჩემი ხელფასის 1% არ გადარიცხოს იქ, სადაც მე მივამისამართე? ერთის ანგარიშზე თუ შეიძლება გადარიცხვა, მეორის, ჩემს მიერ არჩეულის - არა? რატომ არა? მაშ, ვინ უნდა გამოიყენოს ჩემი 1%. მე ვგონებ, ამგვარი საკითხებით საჭიროა შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ. რატომ ბედავენ, პრეზიდენტო, თქვენი მთავრობის წევრები ამდენს? დამალული ხომ რა დარჩება და თქვენს ყურამდე დღეს თუ ხვალ მოვა... თქვენ სწავლა-განათლება აშშ-ში გაქვთ მიღებული, ასე ადმინისტრაციული რესურსით ზემოდან შექმნილ პროფკავშირს რომ  შტრეიკბრეხერული პროფკავშირები ჰქვია, ისიც კარგად გეცოდინებათ და შესანიშნავი ფილმიც გექნებათ ნანახი: „რაფერტი“, რომელიც ნათლად ასახავს მათ საქმიანობას.

ჩვენს ტელევიზიებსაც რა სჭირთ, განათლების სისტემაში მიმდინარე პრობლემატიკაზე რომ დამუნჯებულან მაინცა და მაინც და ცალ კარში რომ თამაშობენ. რამდენიმე გადაცემა შეიძლებოდა დიალოგის ფორმატში, იქ ხომ მაინც გამოჩნდებოდა შავი და თეთრი და ამოდენა წერილით არ შეგაწუხებდით. საზოგადოებრივი არხი, რომელიც ჩვენი გადახდილი თანხით სულდგმულობს, რაღამ დაამუნჯა? ალბათ, კარგია „სირაქლემას პოზაში“ ყოფნა. დაამთავრა გადაცემა „დიალოგი“ და დამთავრდა ყველაფერი!..

უმორჩილესად გთხოვთ, თუ სადმე რამე  შეცდომა ხდება, გამოწვლილვით გამოარკვიონ და მათ აგებინონ პასუხი, ვინც შეცდომებს უშვებს ქვეყნის საზიანოდ.

კამელია მინდაძე,

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1396
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია