დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენი ბულვარი
2010/06/28 12:54:22

„პატივცემულო რედაქცია! თქვენს გაზეთში გავეცანით მასალებს, რომლითაც იუწყებოდით, რომ ხელისუფლებამ გადაიფიქრა ბულვარში რაღაც ობიექტის მშენებლობა. ამის მიუხედავად, ის რკინის ღობეები ჯერაც არ აუღიათ... დროის გასვლას და საზოგადოებრივი აზრის შეგუებას ხომ არ ელოდებიან? გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ბულვარის ისტორია, რომ ზოგიერთ უგუნურს ტვინში ჩავუდოთ: არის ისეთი ფასეულობები, რომელთა ხელყოფა არ შეიძლება! ბულვარიც, ბაღისკიდეც, ხომ ჩვენი ქალაქის დიდი ისტორიის ნაწილია. პატივისცემით - რაჟდენ გელაშვილი, ყოფილი ინჟინერ-კონსტრუქტორი.“ 

 

ეს წერილი ამ დღეებში მივიღეთ. სხვა დროსაც უთხოვიათ მკითხველებს ბულვარის წარსულის გაცნობა. ვფიქრობთ, ყველას დააინტერესებს ჩვენი ქალაქის ისტორიის მკვლევარის, სულ ახლახან გარდაცვლილი მეცნიერისა და პედაგოგის, ნოე ბალანჩივაძის სტატია, რომელიც წლების წინათ გამოქვეყნდა და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა.

ჩვენი ბულვარი, როგორც საბაღო-საპარკო ხელოვნების თავისებური ნიმუში, თვალსაჩინო ისტორიული ძეგლია. მართალია, ფართობით იგი დიდი არ არის, მაგრამ ხელოვნების ნაწარმოების ღირსება მისი სიდიდით როდი იზომება. ჩვენი პატარა ბაღი კიდევ იმით არის საგულისხმო და მნიშვნელოვანი, რომ მის სახელთან დაკავშირებულია ქუთაისის წარსულის არაერთი ღირსშესანიშნავი ამბავი და მოვლენა.

 

ეს ბაღი თავიდანვე მოქალაქეთა სასეირნოდ და დასვენება-გართობის მიზნით გაშენდა. სახელიც შესაფერი ეწოდა - ბულვარი, რაც ფრანგულია და ნიშნავს ხეებით დაჩრდილულ ფართო ქუჩას. მაგრამ მისი მნიშვნელობა ამით არ შემოფარგლულა, სულ მალე თვალსაჩინო ადგილი დაიკავა ქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისი ფორუმი გახდა. ამიტომ იყო, რომ მას ერთხელ აკაკიმ „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა.

ქუთაისს ბულვარის გაშენებამდეც ჰქონდა საქალაქო ბაღი. ეს ბაღი, რომლის დაარსებას ოფიციალური წყაროები იმერეთის მმართველს გორჩაკოვს მიაწერენ, გაშენდა 1821 წელს და დეკორატიულ მცენარეებთან ერთად შეიცავდა ხეხილს, ვენახსა და ბოსტანსაც კი. იგი, მართალია, ევროპული ტიპის პირველი საზოგადოებრივი ბაღი იყო საქართველოსა და ამიერკავკასიაში, მაგრამ აღმოსავლური საქალაქო ბაღისათვის დამახასიათებელ ელემენტებსაც შეიცავდა, როგორც ითქვა - ხეხილს, ვენახსა და ბოსტანს. ამ ბაღმა იარსება მე-19 საუკუნის 50-იანი წლების დასასრულამდე და მსხვერპლად შეეწირა ჯერ წმინდა ნინოს სასწავლებლის შენობას, მერე კი ქალაქის მოუფიქრებელ განაშენიანებას (შ. ისაკაძე, „საქართველოს პირველი საქალაქო ბაღი“, გაზ. „ქუთაისი“, 1986 წ. 18 სექტემბერი).

ქუთაისის ბულვარი გაშენდა მაშინ, როცა გორჩაკოვისეული ბაღი ჯერ კიდევ არ იყო განადგურებული. ბულვარის საფუძველი გახდა ჭადრის ხეები, რაც დაირგო ქალაქის დიდ მოედანზე ვ. ვებუკოვის მმართველობის დროს (1825-1828 წწ.). გაშენდა კი, ერთი ცნობით (პ. გლინესაროვისა) 1848 წელს, ხოლო კ. ბოროზდინის გადმოცემით - 1850 წელს. უნდა დავუჯეროთ პ. გლინესაროვს, რადგან იგი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად მუშაობდა სწორედ აღნიშნულ ხანებში. ასე რომ, ჩვენს მშობლიურ საქალაქო ბაღს ორი წლის შემდეგ - 1988 წელს 140 წელი შეუსრულდება.

ვინ იყო ბულვარის სპეციალისტი-მშენებელი, ვის მიერ დამუშავებული გეგმით და უშუალო მონაწილეობით გაშენდა იგი, არ ჩანს, შეიძლება მხოლოდ ვიფიქროთ, რომ ის ფრანგი მებაღე იყო, რადგან ბაღი, ჯერ ერთი, თავიდანვე ფრანგულ სახელს ატარებდა, მეორეც, მისი გეგმა საბაღო-საპარკო ხელოვნების ფრანგული სტილის ნიშნების მატარებელია. ასე უნდა ვიფიქროთ კიდევ იმიტომ, რომ იმ დროისათვის ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობა ჩვენი ქალაქის „მწვანე“ მშენებლობაში ცნობილი ამბავია.

როგორი სახე უნდა ჰქონოდა ჩვენს ბულვარს გასული საუკუნის 50-იან წლებისათვის? გაზეთ „კავკაზის“ ერთი კორესპონდენტის ცნობით, ამ დროს იგი ასე გამოიყურებოდა: ბაღი, რომელიც კორესპონდენტს აგონებს ფართო კვადრატს, ოთხივე მხრივ შემორაგული იყო წითლად შეღებილი ფიცრული ღობით. ბაღის შიგნით ღობეს პარალელურად მიუყვებოდა ხეივანი, იყო კიდევ ორი ხეივანი, რომელიც ბაღის მთელ ტერიტორიას ჯვრის სახით ჰკვეთდა. ამ ხეივანთა გადაკვეთის ადგილზე მოწყობილი იყო მოედანი მუსიკისა და ცეკვებისათვის.

ხეივნების ორივე მხარეს გასდევდა ყვავილნარი და ტანაყრილი ხეები, რომელთა ხშირფოთლიანი ტოტები საუცხოო საჩრდილობელს ქმნიდა. აქვე იდგა ხისა და ქვის მოგრძო სკამები. ბულვარის დანარჩენი ფართობი დაფარული იყო მწვანე კოინდრით, აქ ყოველ კვირას უკრავდა მუსიკა, მწვანე მინდორზე მსხდარი, ნაირფერი ტანსაცმლით მორთული ქართველები მომაჯადოებელი ბუნების წიაღში ტკბებოდნენ მუსიკისა და ზურნის მელოდიური ხმებით. სხვა დღეებში ხალხი აქ თავს იშვიათად იყრიდა.

შემდეგი ცნობა ქუთაისის ბაღის შესახებ ეკუთვნის გასული საუკუნის 70-იან წლებს. ამ დროს ბაღისათვის სიახლეს წარმოადგენდა იქ შეყვანილი წყალი და ფარდული, სადაც უკლკოჰოლო სასმელი იყიდებოდა. მ. ვლადიკინის „თანამგზავრის“ (1874წ.) მიხედვით, ბაღში მოწყობილ გუბურებზე გადაყვანილი იყო  პატარა, ლამაზი ხიდები.

ბაღის კეთილმოწყობისათვის, რა თქმა უნდა, შემდგომშიც ზრუნავდნენ, განსაკუთრებით - ქალაქის თვითმმართველობის შემოღების დროიდან, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე აკეთებდნენ.

80-იან წლებში ქალაქის თვითმმართველობამ ჩაატარა ბაღის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია. დაუმატებიათ ბილიკები, ხეივნები შემოურაგვავთ მსხვილი მავთულით, ბაღის დასავლეთ მხარეზე დაურგავთ ეკლიანი ბუჩქები და სხვ. ამასთან, განზრახული ჰქონიათ, ბაღი გაემდიდრებიათ ახალი დეკორატიული მცენარეებით, გაეზარდათ ფანრებისა და სკამების რაოდენობა, მაგრამ არ ჩანს, შეასრულეს თუ არა აღნიშნული სამუშაობი (ქუთაისის არქივი, ფონდი 108, საქ. 657)...

90-იანი წლებისათვის მოხერხდა ბაღისათვის რკინის მოაჯირის გაკეთება, ხოლო გარედან ქვაფენილის დაგება. ამასთან დაკავშირებით აკაკიმ მწარედ იხუმრა: „მოაჯირის სვეტები სასაფლაოს ძეგლებს ჰგვანან. დავთვალე და ზუსტად იმდენია, რამდენიც ხმოსანია ქალაქის რჩევა-გამგეობაშიო“.

მწარე, მაგრამ სამართლიანი შენიშვნა იყო... რკინის მოაჯირი ბაღს სილამაზეს უკარგავდა. შეცდომის გასწორება ამ 10-15 წლის წინათ მოხერხდა - ბაღს მოაჯირი მოაცილეს და თავის ბუნებრივი მიჯნების ამარა დატოვეს, რითაც თითქოს ტყვეობიდან გაათავისუფლეს, თავდაპირველი სახე დაუბრუნეს, ბულვარი ახლა ქვით ნაშენ ქართული ჩუქურთმებით მორთულ მრავალსართულიან სახლებს შორის ბეჭედში ჩასმულ ძვირფასი თვალივით მოჩანს.

დაარსებიდან დღემდე ბაღში პერიოდულად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მისი მცენარეულობის განახლება და შევსება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისი, როცა აქ მოტანილ იქნა და დაირგო მრავალი სახის ძვირფასი დეკორატიული მცენარე სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან.

ბაღის ნაგებობათაგან აღსანიშნავია ხის პავილიონი, რომელიც აშენდა 1888 წელს იმპერატორ ალექსანდრე III შესახვედრად, როცა ეს უკანასკნელი კავკასიაში მოგზაურობის დროს ქუთაისს ეწვია. ამის შემდეგ პავილიონი ქალაქმა გამოიყენა თეატრისათვის, მაგრამ თეატრს აქ დიდხანს არ უმუშავნია. 1894 წელს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა.

პავილიონის თეატრის მემკვიდრედ შეიძლება ჩაითვალოს საზაფხულო თეატრის კაპიტალური ნაგებობა, რომელიც აქ სრულიად მოუფიქრებლად აიგო ჩვენი საუკუნის 50-იან წლებში და ასევე მოუფიქრებლად აღებულ იქნა ორი ათეული წლის შემდეგ.

1948 წელს ბაღს, მისი კეთილმოწყობის მიზნით, აღმოსავლეთის მხრივ გაუკეთდა შესასვლელი კოლონადა.

ბულვარს, როგორც ითქვა, თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქუთაისის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუ მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში აქ თავს იყრიდა უსაქმო, მხოლოდ გართობას მიჩვეული თავად-აზნაურობა და დროს ჭორიკნობასა და ლაზღანდარობაში ატარებდა, 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან ვითარება შეიცვალა.

ბატონყმობის გაუქმებამ და ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა თავად-აზნაურობა საგონებელში ჩააგდო, ჩააფიქრა, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა ბულვარზე არსებულ განწყობილებაში. ცნობილი პუბლიცისტი სერგეი მესხი ამ ხანების ქუთაისისა და მისი ბულვარის შესახებ წერდა: „არა თუ ბულვარი, ქუთაისის ქუჩებიც რაღაც მივარდნილად და მიყრუებულად მეჩვენაო“.

ბულვარს მეტი სიცოცხლე დაეტყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა ქუთაისში შემოღებულ იქნა საქალაქო თვითმმართველობა და სათავადაზნაურო ბანკი გაიხსნა. ამ დაწესებულებათა მმართველი ორგანოების არჩევნების დღეებში ბაღი, მართლაც, პარლამენტად იყო გადაქცეული. არჩევდნენ კანდიდატთა ავ-კარგს, დავობდნენ, ქმნიდნენ მიმართულებებს და ა.შ.

შალვა დადიანის სიტყვით, აქ იყრიდნენ თავს ქუთაისის მაშინდელი ინტელიგენცია, რომელსაც მსჯელობა ჰქონდა პოლიტიკურ საკითხებზე, ადგილობრივ საჭირბოროტო საგნებზე - ქალაქის თვითმმართველობის საქმეებზე, საადგილმამულო ბანკის ვითარებაზე, ქუთაისში გაზეთის გამოცემაზე. აქვე მოისმენდით ჩვენს მწერლობაში თავის დროზე კარგად ცნობილი ერთ-ერთი თერგდალეულთაგანის კირილე ლორთქიფანიძის ჭკვიანურსა და შეუვალი ლოგიკით სავსე საუბარს, ცნობილი ადვოკატის მოსე ქიქოძის „გამყინავ კამათს“, კოტე მესხის სხარტულ გამოთქმებს და სხვ.

აქვე იყვნენ საზაფხულოდ ჩამოსული სტუდენტები, რომელთაც დინჯ საუბარში შემოჰქონდათ თავიანთი მღელვარე პროტესტის ხმები, რაც შემდეგში აჟღერდა რევოლუციურად მომართული ახალგაზრდების მძლავრ ჰანგებად და ქალაქის ბაღი ბოლოს გადაიქცა ამ რევოლუციონერთა ერთ მთავარ ლეგალურ საკრებულოდ, სადაც ცნობილი მიხა ცხაკაია თავისებური დინამიტიური საჭურვლით აიარაღებდა მის მიმყოლ „ჯგუფებს“.

1905-1907 წლების რუსეთის პირველი სახალხო რევოლუციის წლებში ბულვარი რევოლუციური მასების თავშეყრის მთავარი ადგილი იყო. იგი მაშინ აბობოქრებულ ზღვასა ჰგავდა: იმართებოდა ხალხმრავალი კრებები, პოლიტიკური მანიფესტაციები, წარმოებდა რევოლუციური პროპაგანდა, ზოგჯერ კი პოლიციასა და ჯართან შეტაკებისას სისხლიც იღვრებოდა.

ქუთათურებმა 1905 წლის 14 თებერვალს ქალაქის მთავრობის მიერ პროვოცირებული სომხებისა და აზერბაიჯანელების სისხლისმღვრელი შეტაკებების საპროტესტოდ მოაწყვეს დიდი დემონსტრაცია. დემონსტრანტთა მრავალრიცხოვანი კოლონები სიმღერითა და დროშებით გაემართნენ ქალაქის ბულვარისაკენ. ბოლშევიკური გაზეთი „პროლეტარი“ ქალაქის მშრომელთა ამ გამოსვლის შესახებ წერდა:

დემონსტრანტებს თავს დაესხნენ კაზაკები ქალაქის ბულვართან და მათრახები აამოქმედეს. ამან დემონსტრანტთა საპასუხო მოქმედება გამოიწვია. ახალგაზრდები ჩაიკეტენ ბულვარში და იქიდან დაუწყეს კაზაკებს ქვების სროლა. კაზაკებმა ცეცხლმსროლელი იარაღი აამოქმედეს. ტყვია ცელავდა ხალხს... გაისმა შურისძიების და სასოწარკვეთილების ხმები, ქალებისა და ბავშვების ტირილი. დრო და დრო ისროდნენ დემონსტრანტთა მხრიდანაც. რამდენიმე სტრაჟნიკი ცხენიდან ჩამოვარდა. ქუჩაში დამდგარი სისხლის გუბიდან ამხანაგებმა სამი მოკლული მუშა აიყვანეს. ქუჩები დაცარიელდა. მთელი ეს ველური ვაკხანალია დაღამებისას დასრულდა, მაგრამ კაზაკთა აღვირახსნილი თარეში ქალაქში კვლავ გაგრძელდა...“

ქუთაისის ბაღი არაერთხელ გამხდარა შეტაკებისა და ბრძოლის არენა, მაგრამ მას ახსოვს სიხარულისა და სახალხო ზეიმის დღეებიც. ეს იყო 1908 წელს, როცა ქუთაისმა ქალაქის ბაღში დიდი ზეიმით აღნიშნა სახალხო მგოსნის აკაკის იუბილე. საქართველოში საბჭოთა ხელსუფლების გამარჯვების შემდეგ ბაღში ყოველწლიურად იმართებოდა სახალხო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული წარმოდგენები და ფიზკულტურული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

ქუთაისის ბულვარი, როგორც ითქვა, ისტორიული ძეგლი, საბაღო-საპარკო ხელოვნების საუცხოო ნიმუშია და მას გაფრთხილება და სათანადო მოვლა სჭირდება. ჩვენი აზრით, იგი უნდა დავიცვათ იმ სახით, როგორიც წინა თაობათაგან მიგვიღია. თუ არ მოითხოვს აუცილებელი საჭიროება და ისიც მხოლოდ მისი ძველი ელემენტების რესტავრაციისათვის, თორემ მასში რაიმე ცვლილების შეტანა,       „გაუმჯობესების“ მიზნით, არავის არ უნდა დავანებოთ. იგი ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც გუშინ იყო.

 

ნოე ბალანჩივაძე

(გაზ. „ქუთაისი“, 27 იანვარი, 1987 წ.)



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია