დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ემოცია თიხაში
2010/06/28 12:48:50

მოქანდაკე გიორგი კიკვაძის ნამუშევრებს ქუთაისელები კარგად იცნობენ: იპოლიტე ხვიჩია, აკაკი წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი... ახლა ოპერის ახალ შენობაზე მუშაობს. სულ 30-ზე მეტი ნამუშევარი აქვს. ქუთაისში არ ჩატარებულა გამოფენა, სადაც ცნობილი მხატვრის აკაკი კიკვაძის შვილს არ მიეღო მოანაწილეობა. საკუთარი ნამუშევრები თბილისშიც ხშირად გამოუფენია. ჯერ მხოლოდ 33 წლისაა: უკვე ცნობილი მოქანდაკე, ჩოხოსანი, პატრიარქის ლაშქრის წევრი, „ჯერ მეტი არაფერი“, - ამატებს გაღიმებული.

 

სასაუბროდ სამხატვრო სტუდიაში დამიბარა: „უკვე 30 წელია, მამა ამ სტუდიაში მუშაობს. მეც აქ ვარ“, - მითხრა მოქანდაკის სახელოსნოში შესვლისას, სადაც ხელოვანისთვის დამახასიათებელი არეულობა სუფევდა: ქანდაკებების ფრაგმენტები, მათი ყალიბები, ბიუსტები... მაგრამ პირველი, რაც სახელოსნოში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებოდათ, ნახევრადდაუმთავრებელი ლომის უზარმაზარი ქანდაკება იყო.

„ეს ქალაქის შეკვეთაა. ოპერის შენობის თავზე სამი ლომის და ათი ადამიანის ფიგურა იქნება, ერთ-ერთი ეს არის. უკვე სამი თვეა ვმუშაობ, სხვა ფიგურებიც მზად არის, ზოგიც აწი გაკეთდება,“ - მითხრა გიორგიმ.

უზარმაზარი მასშტაბის მტაცებელი ცხოველის გვერდით, მისი მცირე ზომის ანალოგიც იდო. პირველი - ტექნიკური სამუშაოს ნაწილი აღმოჩნდა, მეორე  -  „შემოქმედებითი წვის“ შედეგი. როგორია გიორგისათვის მუშაობის პროცესი?

„მუშაობის დაწყებისას თავიდან რადიოს ვუსმენ, მაგრამ მერე ნერვებს მიშლის. საერთოდ, კლასიკური მუსიკის მოსმენაა კარგი მუშაობის დროს. როცა რაღაც შემოქმედებითს აკეთებ, ისეთს, ჯერ მარტო შენს თავში რომ არსებობს და უნდა გადმოსცე - ამ დროს ყველაფერი ხელს გიშლის: მეზობელი, შვილი, მუსიკა... იმ პატარა ლომს რომ ვქმნიდი, არაფერს უნდა შეეშალა ხელი. ხოლო, როცა უკვე შექმნილია და, უბრალოდ, ვადიდებ, - ეს სუფთა ტექნიკური საკითხია“.

მუშაობაში მეგობრებიც ეხმარებიან. მარტო სამ ტონა თიხას თავს ვერ გაართმევს... მასალად იმ თიხას იყენებს, რომელიც ადრე მამამ სოხუმიდან ჩამოიტანა.   „ნახეთ, პლასტელინივითაა“, - მაწოდებს თიხას და მეტი დამაჯერებლობისთვის თვითონაც ზელს. მასალა მეც ადვილად მომყვება ხელში. თიხა უკვე არამარტო ჩვენს ირგვლივ არსებული ნამუშევრების მასალაა და ყველა ნივთზეა მოცხებული, - საუბრის მსვლელობისას, ხელები ორივეს თიხიანი გვაქვს...

როგორ მოდის მუზა მანამ, სანამ მასალას მოკიდებს  ხელს? ამ შემთხვევაში „მუზა“ მოქანდაკისთვის ძალიან პირობითი მცნება აღმოჩნდა. მთავარია ემოცია! ემოცია, რომელიც ჯერ ხელოვანში ჩნდება, მერე ქვაში გადადის, მოგვიანებით კი - ყველა იმ ადამიანში, ვინც მის ნამუშევარს თვალს შეავლებს.

„გოგი ოჩიაური იყო ჩემი პედაგოგი. ერთხელ მუზაზე ვკითხე და ასეთი პასუხი გამცა: „ექვსი თვე რომ მიადგები ქვას და ჩაქუჩს ურტყამ, რა მუზაზეა საუბარიო?!“ მუზა არ არსებობს. მუზა არის ემოცია, რომელსაც მიიღებ და ხვეწავ. ჩემში ემოციებს იწვევს კარგი სიმღერა, ლამაზი ადამიანი... ზოგი არ არის მთლად ლამაზი, მაგრამ შიგნიდან არის კარგი ადამიანი და ის ბადებს იმ ემოციას, რომელიც შემდეგ უნდა გამოხატო. ცუდ ემოციას მოუყვები ძმაკაცს, ან მამაოს, მაგრამ კარგ ემოციასაც ხომ უნდა დაცლა? მე ჩემს ნამუშევრებში გადამაქვს ეს ემოცია. სწავლაც იმისთვის არის საჭირო, რომ ეს ემოცია კარგად გადმოსცე. თუ არაფერი იცი, ის „მუზა“ დარჩება მუზად და არაფერი გამოვა. როცა წლების მანძილზე, ბავშვობიდან სპეციალიზდები ამაში - ყველაფერს იყენებ იმისთვის, რომ ეს ემოცია განახორციელო. უმაღლესი საჭიროა იმისთვის, რომ გახდე სპეციალისტი, შეასრულო ის, რაც შენ გინდა“.

პროფესიის არჩევაზე არასდროს უფიქრია. უბრალოდ, იცოდა, რომ მხატვარი უნდა გამხდარიყო! არც ის ახსოვს, მისი პირველი ნახატი როგორი იყო, რადგან პატარაობიდან სულ ფანქარი და ფურცელი ეჭირა ხელში. ირგვლივაც სულ მხატვრებით იყო გარემოცული...

„თავიდანვე ისეთ წრეში ვარ გაზრდილი, რომ ყველა მოქანდაკე და მხატვარია. ის სახლი, სადაც მე ვცხოვრობ, მხატვართა სახლია და მეზობლებიც მხატვრები მყავს. თითქმის ყველას კი არა, - ქალაქში ყველა მხატვარს ვიცნობ. ბავშვობიდან შეზრდილი ვარ ამ სფეროში. შევეზარდე ამ საქმეს და მესმის. უბრალოდ, ვიცოდი ეს საქმე დაბადებიდან“.

მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, მანამდე კი ხელოვნების ლიცეუმში სწავლობდა, თვლის, რომ ეს არ არის ის, რაც შეიძლება „ისწავლო“. ამ საქმეში მთავარია ნიჭი და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა.

„შენს თავს ზრდი შენ თვითონ! ეს ისეთი დარგია, რომ ინდივიდი უნდა გახდე: ეძებ შენს მანერას, ჟანრს, რა გინდა... არავის არ უნდა ჰგავდე. თუ ჰგავხარ, მაღალი რანგის სპეციალისტები ამჩნევენ, ვის ჰგავხარ და ვერასდროს გააკეთებ რაღაც საკუთარს, გამოძერწავ  გარდაცვლილთა პორტრეტებს...“

ამბობს, რომ საკუთარი სტილისთვის ჯერ არ მიუგნია, - ისევ ძიებაშია. სამაგიეროდ, აქვს დაკვირვების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ბავშვობიდან აღიქვამს სამყაროს და უხილავი სენსორი, რომელიც ყოველთვის მაშინ ირთვება, როცა საჭიროა. პროფესიონალიზმი კი უსულო მასალაში პიროვნების ხასიათის ზუსტად გადატანაში ეხმარება.

„ქანდაკება იმ მუხტს გადმოსცემს, რასაც პიროვნება დებს შიგნით: სიხარულს, ტკივილს... პროფესიულად გაკეთებული თუ არის, ის ზუსტად გაწოდებს იმას, რაც საჭიროა. ნატურას ყოველთვის ვალაპარაკებ, მისი შინაგანი რაღაც მინდა დავიჭირო. ქანდაკება, უბრალოდ, ასლი არ უნდა იყოს ფოტოსურათივით. რომ შეხედავ, იმასაც უნდა მიხვდე, ვინაა: პოეტი, მოკრივე, ქალების მოყვარული, ხელოვანი თუ ა.შ. ის შთაბეჭდილება, რაც ამ ადამიანზე დაგრჩა, უნდა გამოხატო ქანდაკებაში. ვინც ამას გადმოსცემს, ისაა კარგი ხელოვანი“.

საკუთარი პორტრეტის გაკეთებაზე არასდროს უფიქრია. კითხვაზე: „საგანი, რომელსაც საკუთარ თავთან გასაიგივებლად გამოძერწავდით?“ - პასუხი „ანკესი“ აღმოჩნდა. ალბათ, იმიტომ, რომ თევზაობა, და ზოგადად, გართობა ძალიან უყვარს. კიდევ უყვარს სიმღერა, ზოგჯერ დალევაც... თვითონაც მღერის, გალობს. თუმცა, ყველაზე დიდი ემოცია მისთვის სილამაზის აღქმასთან არის დაკავშირებული. ჰარმონიისკენ მიდრეკილი მოქანდაკე ამბობს, რომ მისი მანუშევრები ზოგადსაკაცობრიოა და სილამაზეს, სიკეთეს ემსახურება. მთავარია, ის არ იყოს შექმნილი ერთი ადამიანისთვის, ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის.

„თუ ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მიხვდა, რა არის, ის აბსოლუტური სიყალბეა. ყველა უნდა ხვდებოდეს, რა არის ეს, იმიტომ, რომ მარტო ჩემთვის არ კეთდება. თუ რამეს ვაკეთებ და დროს ვხარჯავ, ბარემ იყოს ზოგადსაკაცობრიო!

ზოგი ხელოვანი ძალიან მახინჯ და ცუდ რაღაცებს აკეთებს. მეცოდებიან ასეთი ადამიანები... ზოგი უნიჭობის კომპენსაციას ახდენს ამ სისულელეებით. ნამუშევარი სიკეთის მატარებელი უნდა იყოს. სამყარო ისედაც დუღს ამ სიბინძურეში და მე ამ დარგიდან კიდევ შევმატო სიბინძურე და სიმახინჯე?“

რა არ უყვარს?

„უი, რამდენი რამე არ მიყვარს... ნარკომანები მაღიზიანებენ ძალიან. არ მიყვარს ის, რომ ადამიანი თავის თავს ანგრევს. ადამიანები ზოგადად მიყვარს, შეიძლება, ზოგი შეგეცოდოს, - ჩემი თავი არ მიყვარს მაგ დროს. ზოგადად, ჩემი სახელმწიფოს მტერი არ მიყვარს“.

თავად ძალიან ლაღია. ჯერ ახლობლებისთვისაა, ოჯახის წევრებისთვის და მერეა ყველაფერი დანარჩენი, - მათ შორის ხელოვნებაც. ის, რისი გაკონტროლებაც საშინლად უჭირს, დროის ფაქტორია.

„დროის ფაქტორი საშინლად არის ჩემთან, ისევე, როგორც ბევრი ხელოვანისთვის. დროს ვერ ვაკონტროლებ. მუშაობის პროცესი ემოციაზეა დამოკიდებული და თუ განერვიულებული ხარ, ვერ გამოგივა ისეთი და, ჯობია, გადადო. „იპოლიტეს“ გაკეთება რომ დავიწყე, მაგალითად, ომი დაიწყო და რა გვეიპოლიტება, გვბომბავენ-მეთქი, შევფუთე კარგად და ექვსი თვის მერე გავაკეთე“.

ნაჩქარევად ვერც გააკეთებ იმას, რამაც საუკუნეებს უნდა გაუძლოს! ყველაზე მეტად კი ის უკვირს, რომ ამხელა თანხებს აძლევენ იმ საქმის კეთებაში, რაც თვითონ ძალიან სიამოვნებს. ამბობს, რომ საკუთარ ნამუშევრებს მუშაობის პროცესში კრიტიკულად უყურებს, შემდეგ - სიყვარულით, რადგან მათი ყოველი წერტილი ზეპირად იცის, ყოველი მილიმეტრი მისი თითის დანადებია... ძველ ნამუშევრებსაც ყოველთვის პროფესიული თვალით ამოწმებს. კეთების პროცესში კი ნამუშევარს მანამდე არ ანებებს თავს, სანამ თვითონ არ მოეწონება. თვლის, რომ თუ ნამუშევარმა მის კრიტიკას გაუძლო, სხვის კრიტიკასაც აუცილებლად გაუძლებს.

„პირველ რიგში სასიამოვნოა ის, რომ საზოგადოება გენდობა და განდობს შენ რაღაცის გაკეთებას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ანაზღაურება. მესამე არის უკვე ის - გაძლებს თუ არა შენი ნამუშევარი? რაც უფრო დიდი ხანი გაძლებს, უკეთესია. თუ არ გაძლებს, ამაზეც არ უნდა დაგწყდეს გული. ამდენმილიონიანია დედამიწა და ვინ ხარ შენ, რომ საუკუნეს დარჩე?“

საკუთარ ნამუშევრებს შორის, გამორჩეულად მაინც „იპოლიტე ხვიჩია“ უყვარს. საუბრისას რამდენჯერმე ახსენა, მიუბრუნდა... მისი მცირე ზომის ქანდაკებაც მაჩვენა, ემოციების ქვეშ გაკეთებული, რომელსაც შემდეგ ის დიდი ქანდაკება მიამსგავსა.

„იპოლიტეს“ გვერდით რომ ჩავივლი, სურვილი მიჩნდება, სულ ვუყურო... მის გვერდით რომ პატარა ბიჭი ზის, ჩემი მეზობელია. შემომყავდა სახელოსნოში, დავსვამდი და ვძერწავდი. ის ბავშვი ხვედელიძეა, ფილმში - „ხვედელიძე, დაცვას მიხედეო!“ - იპოლიტე რომ ყვირის. მერე, ამ ბავშვს სკოლაში დაუწყეს ხვედელიძე ხარო. ბაბუამისი ეჩხუბებოდა თურმე, ხვედელიძე კი არა, კუტივაძე ხარო. კუტივაძე ხვედელიძეს არ ჯობიაო... არა და, ვინ არის? ერთი პატარა ბიჭია და ძეგლი დაუდგეს. მე თვითონ ვაქანდაკებ და ჩემს ძეგლს ვინ დადგამს? არც არის საჭირო მოქანდაკის ძეგლი და ლუკას ძეგლი კი დგას. ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რამხელა რაღაც მოხდა“.

ახლა ოპერის შენობის გარდა, საშემოდგომო გამოფენისთვის ემზადება და ექიმ თეიმურაზ ძიძიგურის პორტრეტს ძერწავს. გამოფენისთვის კიდევ ერთი ექსპოზიციის მოსწრება უნდა. შეკვეთები ხელს არ უშლის. რაც მთავარია, ემოცია და შექმნის სურვილი ყოველთვის არის. დროის ფაქტორსაც მოევლება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1440
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია