დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მწერლები და „ტელებიჭუნები“
2010/06/21 12:50:10

ქართველი მწერლები მაჩაბლის ქუჩის ცამეტიდან რომ გამოყარეს, იმ საშინელ ქაოსსა და განუკითხაობაში მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მაყვალა გონაშვილს, ნება დართეს - შესულიყო და კაბინეტიდან პირადი ნივთები გამოეტანა. „ჩინოვნიკების დაუძინებელ მტერს და დესტრუქციულ ელემენტს“ ხელისათვის სხვა რომ არაფერი გამოეყოლებინა, ზედამხედველი ქალი აახლეს. მაყვალა გონაშვილი, იმდენი საბრძოლო ბატალიის მუდმივ ეპიცენტრში მყოფი, ისე არაფერს გაუკვირვებია, როგორც იმან გააოცა, რომ პოლიციელმა ქალბატონმა კაბინეტში მის ერთ-ერთ წიგნს ხელი წამოავლო და მთელი სულითა და გულით სთხოვა... ავტოგრაფის გაკეთება.  

ქართველი მწერლების ბედი რომ არც ისე ცუდად ყოფილა და ჯერ კიდევ სჭირდებოდათ ქვეყანაში ეროვნულ ფესვებზე დამყნილი ლიტერატურა, ამ პატარა, კურიოზულ შემთხვევაშიც გამოჩნდა მაშინ.

დღეს კი, სარაჯიშვილისეული ულამაზესი შენობა რემონტდება და მალე...

თუმცა, ამის შესახებ, სჯობს, თავად რესპოდენტმა გვიამბოს. ჩვენი გაზეთის დღევანდელი ნომრის სტუმარია საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი.- ქალბატონო მაყვალა, რა ხდება დღეს მწერალთა სასახლეში?

- დავიწყოთ იმით, რომ სამი წლის ბრძოლა დამთავრდა ბედნიერებით: არამარტო დაგვიბრუნეს შენობა, არამედ, ქალაქის მერიამ გეგმაში შეიტანა მისი გარემონტება, გადახურვა - მოკლედ, ყველაფერი, რასაც ვოცნებობდი.

ყოველთვის ვნატრობდი რამდენიმე რამეს, უპირველესად, იმას, რომ შენობას აუცილებლად ჰქონოდა ოქროს ფონდი, ანუ შეკრებილიყო ქართველ მწერალთა შესახებ ვიდეომასალები და შემდეგ, თბილისში მოსული სტუმრებისა და თუ მოსწავლეებისათვის, ფილმებად გვეჩვენებინა ჩვენი კლასიკოსები და თანამედროვე მწერლები (ოთხი თვეა, მაგაზე რომ ვმუშაობ, უნიკალურ მასალებს ვშოულობ... ). გარემონტებულ შენობაში ასევე გვექნება ლიტერატურული თეატრი, საგამოფენო დარბაზი, მესამე სართულზე - სასტუმრო ოთახები უცხოეთიდან ჩამოსული მწერლებისათვის...

ეს შენობა იძლევა იმის საშუალებას, რომ იყოს ძალიან კარგად გამოყენებული.

- მაშასადამე, აქ აღარ იქნება მხოლოდ ცალკეულ, პატივსაცემ პიროვნებათა პერსონალური კაბინეტები?

- მე სულ ვამბობდი, რომ შენობა უნდა იყოს კონკრეტულ პროექტებზე გათვალისწინებული, ახალგაზრდობასაც ჰქონდეს სივრცე, აუცილებლად იყოს ადგილი პირველად წასაკითხი ლექსისთვის, პროზაული ნაწარმოებისთვის. მაგალითად, იქნება პატარა ოთახი, სადაც ფიროსმანის ოცნების განხორციელებას ვაპირებთ: დავდგამთ სამოვარს და მოვაწყობთ საუბრებს. დიდი დარბაზიც რესტავრირდება აბსოლუტურად. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ყველა ქართველისა და არამარტო ქართველისათვის.

- შენობას იგივე სახელწოდება დარჩება?

- სახლი, ტრადიციულად, მწერალთა კავშირს დარჩება და სახელიც ასევე ტრადიციული იქნება. მწერალთა სახლს დახმარებას და კურირებას გაუწევს, როგორც ჩვენ ვიცით, თბილისის მერია. მუდმივ მფლობელობაში - ჩვენ, მწერლებს გვეკუთვნის და მიმხედავი იქნება მერია.

- თქვენი ცნობილი სატელევიზიო გამოსვლების შემდეგ ახლა როგორ ესალმებით მერიის ჩინოვნიკებს?

- (იცინის) როგორც იტყვიან, ჩვენი ბრძოლა იყო სამართლიანი, და როცა სამართლიანია ბრძოლა!.. მთავარი ის გახლავთ, მე არასოდეს მიბრძოლია იმისათვის, პარლამენტში მოვხვედრილიყავი, ან სკამი მეშოვა. მე სამართლისა და სიმართლისათვის ვიბრძოდი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ყველაფერი. ასევე, მე ვარ ის ადამიანი, ვისაც გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს, თუ რამ კარგი კეთდება. ჩემთვის არ არის მიზანი ავი სიტყვა და მიმაჩნია, რომ ამ ბოლო ხანებში მერიამ ჩვენთან - მწერალთა კავშირთან ერთად რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ვფიქრობ, რომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ამას გულწრფელად ვამბობ.

- ამჟამად რამდენი წევრია მწერალთა კავშირში?

- მწერალთა კავშირში 470 წევრი გვყავს. ჩვეულებრივად, როგორც იყო, აქამდე, ყველაფერი ისე კეთდება. ყველანაირად სავსე ცხოვრებით ვცხოვრობთ, გვაქვს გამომცემლობა, სადაც უფასოდ იბეჭდება კავშირის წევრების წიგნები, ვინც განცხადებას დაწერს, 200 ეგზემპლარი საჩუქრად ეძლევა. გამოვცემთ „მწერლის გაზეთს“, საინტერესო წიგნებს...

- მწერლები ახლაც იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას?

- პერიოდული დახმარება გვაქვს ხოლმე, სტიპენდია - არა. ხან გრანტები გვაქვს და იქიდან ვეხმარებით მწერლებს, ხან პრემიებია, ესეც ხომ თავისთავად დახმარებაა. მაგალითად, წელს რომ ჩამოგითვალოთ, რამდენი პრემია გაიცა ფასიანი: 10 ფასიანი პრემია გადავეცით საბავშვო მწერლებს, ასევე იყო: აკაკის პრემია, ილიას პრემია, გალაკტიონის პრემია... ახალგაზრდებზე გავეცით სამი ფასიანი პრემია პროზაში, ხუთი - პოეზიაში. სადღაც, 50-მდე მწერალმა წელს მიიღო ფასიანი პრემიები.

- რეგიონებში რომ ლიტერატურული პრემიები რიგდება, ამასაც გულისხმობთ?

- არა, ეგ ჩვენი დაწესებული არ არის, ადგილობრივია. ბათუმის ორგანიზაციას აქვს თავისი პრემიები, ქუთაისს და თელავს.

ჩვენ ამ ბრძოლებმა დაგვაშორა ახალგაზრდა მწერლებს და სწორედ მერიის თანადგომით ჩატარდა ახლახან ორი კონკურსი ახალგაზრდა პოეტებისათვის, ბარათაშვილის პრემია დავაწესეთ. უნიჭიერესი ახალგაზრდები აღმოვაჩინეთ. პირველი ადგილი, სხვათაშორის, არათბილისელმა მიიღო, ეს არის უნიჭიერესი ბათუმელი პოეტი როინ აბუსელიძე, 21 წლის ბიჭია. მეორე ადგილზე გავიდა ორი თბილისელი, ძალიან საინტერესო პოეტი. ხოლო მეოთხე ადგილზე - ხევსური ბიჭი, გიო არაბული! მე მგონი, პოეზიით განთქმულ არაბულებში ამნაირი არაბული არ ჰყავთ!

ასევე ჩავატარეთ პროზის კონკურსი და მე ვარ ბედნიერად გაოცებული, ისეთი ახალგაზრდა პროზაიკოსები აღმოვაჩინეთ და მივანიჭეთ მათ გურამ რჩეულიშვილის პრემია. გამოვიდა ძალიან საინტერესო ანთოლოგიები: პოეზიის, პროზის, საბავშვო პოეზიის.

ახალი პრემიებიც დავაწესეთ - მაყვალა მრევლიშვილის პრემია საბავშვო პოეტებისათვის და ოქროს მედალი. ამ დღეებში უკვე დავაჯილდოვეთ პირველი ავტორები.

მწერალთა კავშირის ინიციატივით, დაფუძნდა ახალი წოდება - „ქართული სიტყვის რაინდი“. პოეზიაში ეს წოდება მიიღეს მუხრან მაჭავარიანმა, თამაზ ჭილაძემ და ჯანსუღ ჩარკვიანმა, ხოლო პროზაში მიენიჭათ: ოტია იოსელიანს, ჭაბუა ამირეჯიბს და რევაზ მიშველაძეს.

- მხოლოდ ცოცხალ მწერლებს ანიჭებთ?

- ჰო, ცოცხლებს.

- მწერლები სათუთი და საფერებელი ხალხია, „რაინდის“ წოდების მხოლოდ ერთი ჯგუფისათვის მიკუთვნებამ სხვები ხომ არ გაანაწყენა?

- ძალიან ვცდილობთ, ვინმე არ გამოგვრჩეს და უყურადღებოდ არ დავტოვოთ.

- ერთმანეთს ყოველთვის ემთხვევა დაჯილდოებული მწერლის პიროვნებაში რაინდული თვისება და ლიტერატურული ნიჭი?

- ახლა, რა არის, იცით? ვისაც მივეცით, აქ ნიჭიერებაც გავითვალისწინეთ და რაინდობაც: მუხრანზეც, ჯანსუღზეც, ჭაბუაზეც, ოტიაზეც...

- რეზო მიშველაძეზეც...

- რეზო მიშველაძეზეც, ჰო.

ახლა აღვადგინეთ ძალიან კარგი ტრადიცია: ეს არის გალაკტიონის მიერ 1920 წლის 7 მაისს დაარსებული პოეზიის დღე. 90 წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც პირველად გაიმართა. 24 წელში აიკრძალა ბოლშევიკების მიერ, რადგან ძალიან ეროვნული სახე მიიღო ამან და არ აწყობდათ.

- სად გამართეთ პოეზიის დღე?

- რაკი მწერალთა კავშირის შენობაში რემონტი  მიმდინარეობს,   ეზოში   მოვაწყვეთ,  ჩვენ  ხომ  ულამაზესი  ეზო  გვაქვს. ჰოდა, სწორედ 7 მაისს დავაჯილდოვეთ პრემიებით მწერლები და ასევე გავეცით „ქართული სიტყვის რაინდის“ წოდებაც. ეს წოდება ახლა პირველად გაიცა. ეს მოხდება ორ წელიწადში ერთხელ, დანარჩენი პრემიები ყოველწლიურია.

- ვინ არის დღეს უხუცესი ქართველი მწერალი?

- აქამდე მარიკა ბარათაშვილი იყო, 100 წლის, შარშან გაიდაიცვალა. ახლა, თუ არ მეშლება, ყველაზე უხუცესია ვასო გვეტაძე, 90 წლის ხდება და ჭაბუა ამირეჯიბი 89 წლისაა.  მარიკა ბარათაშვილი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მწერალი იყო, კარგი ქალბატონი, ნათელში ამყოფოს ღმერთმა. შარშან გალაკტიონის პრემია მივეცით და 100 წლის იუბილე  გადავუხადეთ მარჯანიშვილის თეატრში. ჰოდა, რატომღაც, რეჟისორმა ჩათვალა, რომ საღამო დასრულებულია, ყველამ უკვე მივულოცეთ იუბილარს და, რაკი საუკუნისაა, ვერ ილაპარაკებსო, ჩამოუშვა ფარდა. უცებ იყვირა მარიკამ: რას აკეთებთ თქვენო? მე მადლობაც არ უნდა მათქმევინოთო? ასწიეს უცებ ფარდა, ჩემო კარგო, და მარიკამ თქვა იქ საოცარი სიტყვა (სხვათა შორის, მარიკაზეც მაქვს გაკეთებული სამი ფილმი ოქროს ფონდისათვის)!.. იგი მართლაც გასაოცარი ქალბატონი ბრძანდებოდა, იმ ასაკშიც კი აბსოლუტურად ბრწყინვალე გონება ჰქონდა და სიცოცხლის ბოლო დღეებამდე წერდა ლექსებს.

- ახლა თქვენზე გკითხავთ: როგორ შეეგუვნენ მწერალი მამაკაცები ქალის         „ტახტზე ასვლას“?

- პირველად, ალბათ, გაუჭირდათ. მე ახლა ცოტა თავი უნდა შევიქო (იცინის): რიგით მე-17 თავმჯდომარე ვარ, ვარ პირველი ქალი თავმჯდომარე და ასევე - პირველი თავმჯდომარეც, ვინც მესამე ვადით აირჩიეს.

- ქალი კი არა, ალბათ, კაციც ვერ გაუძლებდა იმ პერმანენტულ ომებს, რაც თქვენ და თქვენმა თანამოაზრეებმა გადაიტანეთ ამ სამი წლის განმავლობაში...

- მართლაც ბევრი რამ გადავიტანეთ. ცალკე ბათუმში გვიყიდდნენ მიწას და სასამართლო სასამართლოზე გვქონდა აჭარაში, ცალკე თბილისში - ეს უმძიმესი სასამართლოები და უმძიმესი მდგომარეობა! მაინც მგონია, რომ უფალი გვეხმარება, იცი?

- პატრიარქი ძალიან ამოგიდგათ მხარში.

- რა თქმა უნდა, უდიდესი რამ იყო პატრიარქის თანადგომა. აი, იმ დღეებში, როცა ჩვენ დაგვირეკა პატრიარქის მდივანმა და გვითხრა, რომ გელოდებათ პატრიარქიო და სია წაგვიკითხა - როგორც იტყვიან, სახელობით მიგვიპატიჟა - 25 მწერალი მიგვიწვია თავისთან, როცა მივედით, გაგვაფრთხილეს, ერთ საათზე მეტი არ შეიძლება პატრიარქთანო, მაგრამ, იმდენად თბილი შეხვედრა იყო, ერთი საათი რომ გავიდა, თავადვე გვთხოვა, თუ შეიძლება, არ წახვიდეთ, ვისაუბროთო. და მაშინ გვიამბო ასეთი რაღაც: მორის ფოცხიშვილს დავურეკე, რაღაც, მომენატრაო. მორისი ხომ ბოლოს დაბრმავდა, შაქარი ჰქონდა... და მორისმა მითხრაო: უწმინდესო, გულმა გიგრძნოთ, თუ რა იყოო? სიკვდილზე ვფიქრობდიო, თავის მოკვლაზეო, ჰოდა, რატომ დამირეკეთო?

მერე, მე რომ სიტყვაში გამოვედი, ვუთხარი: თქვენ ახლა მწერალთა კავშირიც გადაარჩინეთ-მეთქი, უწმინდესო, თვითმკვლელობისაგან. ჩვენ, ხომ, ფაქტობრივად, ამ განდევნის შემდეგ თვითმკვლელობის ზღვარზე ვართ და ის, რომ თქვენ დაგვითმეთ სამების ტაძარი, ნიშნავს გადარჩენას-მეთქი.

დიახ, ძალიან დიდი წვლილი აქვს პატრიარქს ამ საქმეში, ძალიან დიდი წვლილი აქვთ დიდ მწერლებსაც. აი, ჭაბუა ამირეჯიბის მადლობელი ვარ საერთოდ, არ დამავიწდება არასდროს: ყოველთვის და ყველგან გვიჭერდა მხარს. კაცი ფიზიკურად ვერ მოდიოდა ჩვენამდე, მაგრამ წუთი არ  იყო,  ჩვენს   გვერდით   არ    დამდგარიყო.  ანა  კალანდაძის  საოცარი თანადგომა მახსოვს. ბოლო წუთამდე, სანამ ანა ფეხზე იდგა, სასამართლოს ესწრებოდა. თანაც ანა,  ხომ  იცი,   გულუბრყვილო იყო, არ ბრძანდებოდა ეშმაკი ქალი და რომ გამოვდიოდი სიტყვებით, ჩვენ ისეთი ომახიანი გამოსვლები გვქონდა, ანას სულ ეგონა, გავიმარჯვეთ.  რაღაცას   რომ    ვიტყოდით,  თვლიდა,  რომ  ეს  საკმარისი იყო სიმართლის მისაღწევად. რომ დამთავრდებოდა სასამართლო სხდომა, ხელს მომკიდებდა და მკითხავდა: „გავიმარჯვეთ ხომ, მაყვალა?“ მე ვეტყოდი: „არა, ანა! კიდევ გადადეს სასამართლო!“

ლადო მრელაშვილი?! ნათელში იყოს მისი სული! არ დამავიწყდება მისი თანადგომა! არ დამავიწყდება ჯანო ჯანელიძე - პატარა ტანის კაცი, საოცრად გულიანი, მთელი არსებით რომ იბრძოდა! არ ყოფილა დღე, ის  სასამართლოზე  არ  მოსული-ყო და ჩვენს გვერდით არ დამდგარიყო.

ფრიდონ ხალვაში და... რა ვიცი, ძალიან ბევრი, ბევრი მახსოვს. მეტად მნიშვნელოვანი იყო იმ დროს ვინმეს თანაგრძნობა და მხარდაჭერა.

მადლობელი ვარ იმ მწერლების, რომლებიც მობრუნდნენ მწერალთა კავშირში, როცა მე ამირჩიეს: ოტია იოსელიანი დაბრუნდა მაშინ, მაშინ დაბრუნდა ნოდარ წულეისკირი, მაშინ დაბრუნდა მიშა ქვლივიძე... 40 მწერალი დაბრუნდა იმ ხანებში და იცით, როგორი თანადგომა იყო ეს იმ პერიოდში ჩემთვის? თუნდაც, ამ საქმეში გამოუცდელი ადამიანისათვის, რომელიც ჯერ მოულოდნელად აირჩიეს ამ თანამდებობაზე და მერე შეეფეთა საშინელ რეალობას.

გამოდიოდა, ვთქვათ, იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი არველაძე და ამბობდა ასეთ სისულელეს, რომ თამარის დროს, რუსთაველის, დროს არ იყო მწერალთა კავშირი, და რა საჭიროა ახლა? არც სამინისტრო არსებობდა იმ დროს და რა საჭირო იყო ახლა მინისტრი?

ასეთ, ბევრს ვიტანდი და არც მე ჩამოვრჩებოდი ხოლმე, ჩემო კარგო. მე მახსოვს, ერთხელ ყველა ქვეყნის ელჩების შეკრებაზე ვიყავი და აზერბაიჯანის მწერალთა კავშირმა წარმოადგინა თავისი ანთოლოგია. ყველა აღფრთოვანდა: რა კარგია, რა დიდ საქმეებს აკეთებს აზერბაიჯანიო. გამოვედი მე და ვთქვი, დედა, რა ბედნიერები არიან ეს აზერბაიჯანელები! ნიზამი განჯელის დროს თურმე ყოფილა მწერალთა კავშირი აზერბაიჯანში და, რაკი რუსთაველის დროს საქართველოში არ იყო, ჩვენ იმიტომ გვშლიან-მეთქი.

ყველა ელჩი დაინტერესდა, რას ამბობსო. უთარგმნეს და... ატყდა ერთი ამბავი. და მთელ მსოფლიოს მოვდე, რა დღეში ვიყავით.

- ქართველმა მწერლებმა საერთაშორისო საზოგადოებისაგან დიდი მხარდაჭერა მიიღეთ...

- სადაც კი მივდიოდი, ყველგან ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობდი ჩვენს პრობლემებზე და დიდი თანადგომა გვქონდა. შარშანწინ, როცა ახალი გამოყრილი ვიყავით შენობიდან, გახლდით უკრაინაში. იქ მსოფლიოს 15 ქვეყნის მწერლებმა შევქმენით ორგანიზაცია „სიტყვები საზღვრების გარეშე“. მწერალთა ამ მსოფლიო ფორუმზეც გამოვედი და ვთქვი, რა მოხდა საქართველოში.

საერთოდ ჩაიშალა ის დღე, როგორც იტყვიან! ყველა გაოცდა. პრეზიდენტის სახელზე სასწრაფოდ დაიწერა ჩვენი თანადგომის წერილი და 15-ვე კავშირის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი.

ასევე ძალიან გულთან მიიტანა ჩვენი მდგომარეობა ნატოს კულტურის ატაშემ და პრეზიდენტთან გამოგზავნა წერილი, რომ   სასწრაფოდ   გამოსწორებულიყო   ეს   მდგომარეობა.  მხარი დაგვიჭირეს ევროპის შემოქმედებითმა კავშირებმაც. ერთი სიტყვით, უამრავი ქვეყნიდან იყო გამოხმაურება და მხარდაჭერა.

ყველაფერს დაემატა ჩვენი კარგი ურთიერთობაც თბილისის მერიასთან და... შარშან პირველად გაიდო ხიდი მერიასა და ქართველ მწერლობას შორის. შემდეგ ჩვენი ურთიერთობები გადავიდა სერიოზულ პროექტებში. ეს არის ბატონი გიგისა და მისი გუნდის ძალიან დიდი დამსახურება. ასევე მადლობელი ვარ ჟურნალისტთა კავშირის, პირადად ჰამლეტ გეგიასი, რომელმაც მაშინ აქტიურად დაგვიჭირა მხარი.

- ვისაუბროთ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე. თქვენი, როგორც შემოქმედის, პირადი გადმოსახედიდან რა ხდება ქართულ მწერლობაში?

- ყველაზე ცუდი, რაც ხდება დღეს საქართველოში, ისაა, რომ არ არის კრიტიკა და არ არსებობს კრიტერიუმები, ანუ მოხდა საშინელი აღრევა. ეს წლები მწერალთა კავშირის წევრებისთვის იყო ომის წლები, ცალკეული მწერლებისთვის - სხვადასხვა ხერხებით თავის გამოჩენის წლები. იმ ქვეყანაში, სადაც კრიტიკა არ არის, ძალიან ძნელია, გაარკვიო - ვინ კარგია და ვინ ცუდი, ანუ მოხდა უცნაური რამე: ქართულ ცნობიერებაში დამკვიდრდა არა მწერლობის წაკითხვა, არამედ - მწერლობის ყურება. ასეთი რამე არსად ხდება, მე მგონი. გაჩნდნენ ტიტრით მწერლები ანუ ტელემწერლები... „ტელებიჭუნები“ მაქვს ერთი ლექსი, - აი, „ტელებიჭუნები“! ეკრანზე წარწერები აქვთ, რომ მწერალი არის და ბევრმა არ იცის, რას წერენ. და არის სხვა, ძალიან სერიოზული მწერლობაც, რომელიც ხალხმა არ იცის.

დავიწყოთ იმით, რომ წიგნი გამოდის ძალიან პატარა ტირაჟით და ვერავინ კითხულობს, გარდა მეგობართა ვიწრო წრისა. მაშ, რა რჩება მწერალს? ისეთი გზებით სიარული, როგორიც ამ ბოლო წლებში რამდენიმე მწერალმა აირჩია: შოკის მომგვრელი ნაწარმოებების დაწერა! ანუ მწერლობა თურმე არის ის, რასაც გაახმიანებ, და უკვე რამდენიმე მწერალმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი შეიძლება იკადრო, ოღონდ კი მიიპყრო ყურადღება. ეს, იმდენად, ამ მწერლების ბრალი კი არ არის, რამდენადაც - სახელმწიფოსი, რომელსაც ერთიანი კულტურის პროგრამა არ გააჩნია. ნებისმიერ  ქვეყანას აქვს თავისი კულტურის პოლიტიკა,  რომელიც ითვალისწინებს    მწერლობის   ხელშეწ-ყობას   რამდენიმე   განხრით.  ეს  არის, უპირველესად, თვითონ მწერლობის, ნიჭიერების ხელშეწყობა; მეორე - ეს არის მთარგმნელობითი კულტურა - გატანა და შემოტანა მსოფლიო ლიტერატურის (და მაგაშიც სრული აღრევა არის, ვინ რას თარგმნის: კარგია, ცუდია - სულ ერთია); და მესამე - ეს არის კრიტიკა. იმ ქვეყანაში, სადაც არ ფინანსდება კრიტიკა, კრიტიკული ნაწარმოები არ დაიწერება. არ დაიწერება იმიტომ, რომ მწერლობა მაინც ბედისწერულია, განსაკუთრებით - პოეზია. შენ გაძლევენ თუ არა ფულს, ღმერთი გიკარნახებს, უნდა დაწერო. მაგრამ კრიტიკოსობა არის ხელობა, ხელობა კი აუცილებლად უნდა ფინანსდებოდეს.

და მოხდა ისე, რომ, ფაქტობრივად, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს ახლა, ამ წუთში. ჩემთვისაც კი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარისთვის, რომელიც ლიტერატურული პროცესების საქმის კურსში უნდა იყოს, აღმოჩენები გახლდნენ ეს ახალგაზრდა ავტორები, როცა კონკურსი ჩავატარეთ. არ ვიცოდით, თუ ასეთი ნიჭიერები იყვნენ, მათი სახელები არც ფართო საზოგადოებამ იცის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 60 ახალგაზრდა პოეტის ანთოლოგია გამოვეცით და 35 წლამდე ასაკის პროზაიკოსების კრებულიც. იცი, რა ნიჭიერები არიან? გაოცებული დავრჩი: ნუთუ ასეთი ახალგაზრდები გვყავს და ჩვენ არც კი ვიცნობთ! ამ დროს წამდაუწუმ გვესმის: ლაშა ბუღაძე, ლაშა ბუღაძე! ზაზა ბურჭულაძე, ზაზა ბურჭულაძე! გახმაურდა ეს დეისაძეც. და, ფაქტობრივად, აიძულებენ ადამიანებს, რომ ასეთი ხერხებით მიიპყრონ ყურადღება. ეს იგივეა, რომ  ლამაზმა  ქალმა  ბოლოს  გადაწყვიტოს, დედიშობილა გავიდეს ქუჩაში. ადრე ახალგაზრდა მწერლებს ზრდიდნენ, უამრავი ტელეგადაცემა იყო, ჟურნალებსა და გაზეთებში გზას ულოცავდნენ დიდი მწერლები. დღეს არის მასტერკლასები? არაფერი არის, აბსოლუტურად აღრეულია ყველაფერი ერთმანეთში. ეს იწვევს უკვე სრულ ქაოსს, რომელიც უნდა დადგეს.

პროფესიონალური ორგანიზაცია არ უნდა ყოფილიყო ამდენი ხანი ასეთ მდგომარეობაში. ის თავის ჩარჩოებში უნდა ყოფილიყო, სასამართლოში კი არ უნდა ერბინა, თავისი საქმე უნდა ეკეთებინა, მწერლობის საქმე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია