დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩაგაცვამ ნაჭერს ჭრელაის“
2010/05/24 12:37:38

ხევსურთა ეს გამონათქვამი 19 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექსტილის ტექნოლოგიის და ტექსტილის დიზაინის III კურსის სტუდენტებმა გააცოცხლეს. ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მათივე შექმნილი სურათების ფონზე, სტუდენტებმა საკუთარი ხელით შექმნილი შვიდი ნამუშევარი წარმოადგინეს. მასალა - თექა, ესკიზების ავტორი - სრული პროფესორი, მხატვარი თამარ (ბაილა) ჭეიშვილი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელიზავეტა ბუაძე.

თექაში შესრულებულ, ყოველდღიურ თუ გამოსასვლელ კაბებს შორის, ორი სადედოფლო, ერთიც - საღამოს კაბა იყო წარმოდგენილი, რომელსაც „კოქტეილის კაბა“ დაარქვეს. წარმოდგენილი იყო ქულაჯები თავისი ქუდებით, ტრადიციული, ლურჯი გადასაფარებლები...

კაბებზე მუშაობა თამარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ორი წლის წინ, პირველი კურსიდან დაიწყეს. თავად ქალბატონი თამარი კი უკვე 35 წელია, ამ საქმეს აკეთებს. ეს მისთვის იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ უკვე წლებია, წუთი არ გასულა, რაიმე არ გაეკეთებინა. ეს სიყვარული საკუთარ სტუდენტებსაც გადასდო...

მადონა ზერაგია, ნინო ჯაფარიძე, ნინო მაისურაძე, ნათია კაკუშაძე, სალომე ვაწაძე და ლიკა ცისკარაძე - ეს ის სტუდენტები არიან, ვინც მის ესკიზებს სული შთაბერეს. მათ გვერდით მუშაობდა ასისტენტ-პროფესორი ელისო მგელიაშვილი. პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო.

„დიდი ხანია, რაც ამ კაბებზე ვმუშაობთ. საკმაოდ რთული პროცესი იყო, მაგრამ საინტერესო. პირველი სემესტრიდან ვმუშაობთ. ეს ჩვენი პირველი ნახელავი იყო და, შესაბამისად, ძალიან გვაინტერესებდა, რა გამოგვივიდოდა. - მე მგონი, კარგი გამოვიდა“, - გვითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა ნინო ჯაფარიძემ.

ახლა საკუთარ ნამუშევრებს ფესტივალზე წარსადგენად ამზადებენ. „ქართული ეროვნული ორნამენტებით დატვირთული ქართული სამოსი“ - ასე ჰქვია ფესტივალს, რომელზეც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები და მათი ხელმძღვანელი, ქალბატონი თამარი სულ შვიდ ნამუშევარს წარადგენენ.

„ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ პატრიარქი აკეთებდა ფესტივალს, რომელიც ივნისის დასაწყისში იქნება, თუმცა, ზუსტი რიცხვი ჯერ არ არის ცნობილი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 80-მდე ორგანიზაცია: საწარმოები, უმაღლესი სასწავლებლები. მათ შორის დასავლეთიდან ჩვენს კულტურას ჩვენც წარმოვადგენთ.

ჩვენ გამოვიტანთ ამ კაბებს - ქართული შტრიხებით, ოღონდ, ახლებურად გადმოცემულს. თექაში, მაგალითად, ასეთი მოსაცმელი საქორწინო კაბას არ ჰქონია. საინტერესოა ისიც, რომ ბავშვებმა ეს ყველაფერი, „სარეწაო“ მომენტები, თვითონ გააკეთეს, თვითონ დააწყვეს ყველაფერი ესკიზების მიხედვით...“ - აღნიშნა თამარ ჭეიშვილმა.

კაბების გარდა, უჩვეულო იყო ლურჯი სუფრაც.

„უხსოვარი დროიდან, ნადიმებს რომ აკეთებდნენ ჩვენი მეფეები, „გაშალეთ სუფრა!“ - რომ იტყოდნენ, ეს ლურჯი სუფრა გაიშლებოდა, რომელიც ძალიან გრძელი იყო, 60 სანტიმეტრი ჰქონდა განი. ჩვენ უფრო დიდი გავაკეთეთ: 100-150 სანტიმეტრზე. ქართული ლურჯი სუფრის ორნამენტებს გარეთ არ გამოვსულვართ და ახალი არ შეგვიტანია, ოღონდ, ჩვენი კომპოზიცია გავაკეთეთ. ძირეული არის ლურჯი ფერი - თეთრი ორნამენტებით“, - დასძინა მხატვარმა.

დანარჩენ სამოსს თუ სხვა ნამუშევრებს შორის, ყველასგან მაინც ხევსურული კაბა გამოირჩეოდა.

„მსგავსი ხევსურული კაბა ხევსურებსაც არ აქვთ. ისინი თვითონ ქსოვდნენ, თავიდან ბოლომდე მოქსოვილი იყო და არა - თექაში გაკეთებული, როგორც ჩვენ გავაკეთეთ. ისინი ძაფით ქსოვდნენ, მერე თავიანთი ნაქარგობა ჰქონდათ, გამზადებული მძივები, - საკმაოდ საინტერესოდ აკეთებდნენ.

ამ კაბაში ყველაფერი ხელით არის გაკეთებული. ღილები დამზადებულია თეთრი ბოჭკოდან და შეღებილია საღებავით, რომელიც რეცხვის დროს არ ამოდის.  ყველა ღილი განსხვავებული ერთმანეთისგან, თუმცა, ერთიან ფორმაშია მოქცეული. თითოეული ფერი ბავშვების მიერ არის მიღებული. აბსოლუტურად ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთეს: თეთრი მატყლი, რომელმაც ჯერ სხვადასხვა გარდამავალი ფერი მიიღო და ამის შემდეგ უკვე, ჩემს მიერ შექმნილი ესკიზები გაცოცხლდა“, - გვიხსნის ქალბატონი თამარი.

რაც შეეხება ფერებს, - აქ საკმაოდ მრავალფეროვანი გამაა, თუმცა ნამუშევრებში მაინც მწვანე ფერი ჭარბობს. რატომ?

„ესეც ქართულია, ჩვენი, ძირეული. მწვანე ფერი მოდის ჩვენი კაკლის წენგოდან. ნიგვზის ტყეები ჭარბობს საქართველოში. სწორედ ნიგოზს აგროვებდნენ და მისი წენგოდან გამოჰყავდათ ფერი. გამოდიოდა ზუსტად ის ფერი, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენც იგივე ტექნოლოგიით ვიღებთ ფერს, როგორც მაშინ: ჯერ ერთი წლის მანძილზე უნდა გახმეს, მერე დაფხვნა, - ამის გარეშე ტრადიციულ ქართულ ფერს ვერ მიიღებ. ზოგიერთი ქიმიკატიც გვაქვს აღებული, ანუ პირდაპირ საღებავსაც ვიყენებთ, რომლითაც ვიღებთ ტონებს“.

ფესტივალს გამოფენა-გაყიდვის სახე ექნება. აღებული თანხა კი მთლიანად უსახლკარო ბავშვებს გადაეცემათ. მიუხედავად ამხელა შრომისა, საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა არ ენანებათ, პირიქით: „ამ ნამუშევრების გაყიდვა კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება ჩვენთვის - უკეთესს და უკეთესს გავაკეთებთ!“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1381
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია