დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვნებათაღელვანი მაისის ბოლოს
2010/05/24 12:20:08

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს მოგვადგა და, როგორც წესი, წინასაარჩევნო კამპანიები გადამწყვეტ ფაზაში შედის.

14 პოლიტიკური პარტია, რომელიც, უკვე თვეებია, საკუთარ ამომრჩევლებს ხვდება და მათ დაპირებებითაც ავსებს, 30 მაისის მოლოდინშია.

ხელისუფლება წლების წინ დაწ-ყებული საქმის გაგრძელებას აპირებს, ოპოზიცია კი ამ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას გეგმავს.

არჩევნებამდე 26 მაისია და, ცხადია, ხელისუფლება აღლუმისთვის ემზადება, რასაც ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი ეწინააღმდეგება. ეროვნული საბჭოს ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური აცხადებს:

„თუ ხელისუფლება 26 მაისს აღლუმის ჩატარებას გადაწყვეტს, რისი უფლებაც არ აქვს, ეროვნული საბჭო და მე, ცხადია, შევეწინააღმდეგებით.“

ზვიად ძიძიგური იმაზეც საუბრობს, რომ მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და არჩევნებამდე ხელისუფლება მის დაპატიმრებას შეეცდება (საქმე ეხება ძიძიგურის სახლთან დაპირისპირებას ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის, როდესაც მერობის კანდიდატმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა).

საზოგადოებაში ბოლო დროს გახშირებულ კითხვას, რა მოხდება არჩევნების შემდეგ, ბევრი პოლიტიკოსი სკეპტიკურად პასუხობს.

პარტია „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც კრემლის ხშირი სტუმარია, აცხადებს:

„სააკაშვილი და მისი ადმინისტრაცია, როგორც ყოველთვის, შეეცდება ამ არჩევნების გაყალბებას. თუ ის ამას გააკეთებს, ჩვენ აჯანყებას მოვაწყობთ. საქართველოს მთავრობა თავად წერს ბიშკეკის რევოლუციის სცენარს.“

ყოფილი პრემიერი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად აპირებს აჯანყების მოწყობას, მაგრამ ოპოზიცია უკვე საუბრობს „საზაფხულო აქციებზე“.

ნოღაიდელის მსგავსად, 9 მაისის აღლუმს ესწრებოდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც, ექსპრემიერისაგან განსხვავებით, დიდი პოპულარობით სარგებლობს მეზობელ სახელმწიფოში. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას მან აგვისტოს ომში ქართული მხარე დაადანაშაულა:

„რომ ვიხსენებ ომის პერიოდს, ვფიქრობ, რომ გორის ცენტრი ჩვენების დაბომბილია. რატომ გვეგონა, რომ რუსეთის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დაივიწყებს და საქართველოზე ფიქრით დაიძინებს და გაიღვიძებს.“ აღნიშნულმა განცხადებამ პოლიტიკურ წრეებში და ელექტრონულ მასმედიაშიც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ცდილობს თუ არა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი კრემლის თვალში მსგავსი განცხადებებით ქულების დაწერას? ნაკლებ სავარაუდოა, მას სხვა მიზანი ჰქონდეს.
მაშინ, როცა ოპოზიციურ წრეებში მსგავსი განცხადებები კეთდება და წინასაარჩევნო მზადებაა, თურქეთის პრემიერს, ერდოღანს, პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმური „შერატონის“ ფონზე „ოქროს საწმისის“ ორდენით აჯილდოებს (პრეზიდენტი იმდენად ხშირად არიგებს ამ ორდენებს...).

მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ქუთათურების აზრი არაერთგვაროვანია:

გიორგი გიგატაძე, იურისტი, 33 წლის (მუშაობს სხვა პროფესიით): „საერთოდ არ ვაპირებ არჩევნებზე წასვლას. ეს ყველაფერი ფარსია. ხალხს თვალებში ნაცარს აყრიან. ქართული პოლიტიკური თამაშები უცხო ხილი არაა ჩვენი საზოგადოებისთვის.“

ეკა მშვენიერაძე, ისტორიკოსი, 24 წლის: „მე არ ვენდობი ქართულ ოპოზიციას. მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. რატომღაც სახელისუფლებო გუნდის იმედი მაქვს.“

ლელა ჩახუნაშვილი, გერმანული ენის სპეციალისტი, 25 წლის: „არც კი ვიცი, რა გითხრათ. არჩევნებზე მივდივარ, მაგრამ გადაწყვეტილი არ მაქვს, ვის მივცემ ხმას. რაღაც, ეს ალასანია სხვებთან შედარებით უფრო სანდოა.“

ნანი დოლაბერიძე, პენსიონერი, 68 წლის: „არცერთი, შვილო არ უქნია ღმერთს! პოლიტიკოსებს მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით. დაგვპირდნენ, ქუჩაზე ხრეშს დაგიყრითო და რა? ისევ ტყუილი.“

დათო ნიჟარაძე, იურისტი: 22 წლის: „დამღალა ამდენმა არჩევნებმა. მაგათიც ერთი!..“

ფიქრია ვერულაშვილი, ჟურნალისტი, 23 წლის: „არ მომწონს, როცა ტყუილ დაპირებებს იძლევიან. ქრისტიან-დემოკრატები წყალს რომ გვპირდებიან უფასოდ, როგორ იქნება წყალი უფასო, როცა ჩვენი არ არის? თუნდაც გაზი და დენი!..“

ნინო თორთლაძე, ინგლისური ენის სპეციალისტი, 28 წლის:„აუცილებელია, ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში, რათა ნათლად გამოვლინდეს და გამოიკვეთოს ღირსეული, ვინც მართლა იზრუნებს ხალხის კეთილდღეობისთვის.“

ამდენად ისღა დაგვრჩენია, გაყალბებასა და ხმების ქურდობას დიდი ხნის შეჩვეულებმა დაველოდოთ მორიგ არჩევნებს და მის შედეგებს.

 

ლიკა ჩახუნაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1362
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია