დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დედამიწაზე წიგნებისთვის „შემოხეტებული“ ადამიანი
2010/05/10 12:32:14

როცა ბელა უჩაძე გავიცანი, ჩემი საყვარელი ნაწარმოების - პაველ ვეჟინოვის „ბარიერის“ მთავარი გმირი - დოროთეა გამახსენდა. გოგონა, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურულ პერსონაჟად წარმოიდგენს თავს და მცირე ხნით მათი ცხოვრებით ცხოვრობს... ვკითხე კიდეც, „ბარიერი“ თუ წაგიკითხავთ-მეთქი? „კიო, - გაეღიმა, - შეიძლება, ეს გოგონა ბევრისთვის უჩვეულოდ გამოიყურება, ის, უბრალოდ, წიგნებით ცხოვრობს!“

ბელა უჩაძეც ასეთია... თავად თვლის, რომ ადამიანია, რომელიც რატომღაც შემოეხეტა დედამიწაზე, არის და ყველაფერს ათვალიერებს, ყველაფერი აინტერესებს.

ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილა დღე, რაიმე არ წაეკითხა. ჯერ მხოლოდ ლექსების და პოემების ერთი კრებული აქვს გამოცემული: „მერკურის ტერმინატორი ანუ შემიცვალეთ ზოდიაქოს ნიშანი“. ეს ის წიგნია, რომელიც შეიძლებოდა 15 წლით ადრეც გამოსულიყო და რომელშიც მეგობრების წყალობით ბელას მიერ განადგურებას გადარჩენილი მისივე ნაწერებია შესული. წიგნიც მეგობრების დაჟინებული თხოვნით, „ძალით“ გამოსცა.

- მე ახლაც არ მინდოდა, გამომეცა, არ მიმაჩნია, რომ ჩემი ლექსები შეიძლება ვინმემ წაიკითხოს. თუკი ვინმეს აინტერესებს (ეს შეიძლება იყოს ათეული ადამიანი), ისედაც კითხულობენ. არამგონია, მე მასები დავაინტერესო და იკითხონ ჩემი პოეზია. ეს წიგნი მეგობრების დაჟინებული თხოვნით გამოვეცი, დახევასაც კი ვაპირებდი... ხშირად ვაპირებ ხოლმე, რამდენჯერმე მქონია შემთხვევა და ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს, ვიდრე ცოცხალი ვარ.

- არ გიყვართ საკუთარი ნაწერები?
- არ მიყვარს. იცით, იმდენად არ მიყვარს, რომ ხანდახან ძველი ლექსების წაკითხვა, მითუმეტეს, თუ ხმამაღლა ვკითხულობ და ვინმე მისმენს, - ძალიან უსიამოვნო გრძნობას ბადებს. რამდენიმე ლექსი მიყვარს, მაგრამ ზოგადად არა, თუმცა, მაინც ვწერ!

- რატომ წერთ?

- მართლა არ ვიცი, რატომ ვწერ. მე მყავს მეგობრები, პოეტები, რომელთაც აქვთ ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული, რატომაც წერენ, გაცნობიერებული აქვთ თავიანთი, ასე ვთქვათ, მისიაც. მე არა... უბრალოდ ვწერ ჟამიდან ჟამზე, არ ვიცი, რატომ. შეიძლება ხანდახან ფურცლის სითეთრე რომ მიმიზიდავს, მაშინ  დავიწყო წერა.

- „მუზა“ მხოლოდ ცარიელი ფურცლის დანახვისას მოდის?

- თუკი „მუზა“ არსებობს, ის ყოველთვის ჩემთანაა. ყოველთვის არ ვწერ, თუმცა ბევრი ვწერო - ესეც შემიძლია, თუ ბევრი თეთრი ფურცელია. ფურცელი მიზიდავს და იმიტომ ვწერ უმეტესად.

- რაზე წერთ?

- ყველაფერზე და არაფერზე...

- თქვენს ლექსებზე ამბობენ, რომ მათთან შეხვედრა მკითხველის ინტელექტუალურ მზადყოფნას მოითხოვს, რომ ეს არ არის თამაშით წასაკითხი ტექსტები...

- ეს მათი აზრია. არ მიყვარს საკუთარ ლექსებზე საუბარი...

- რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში წიგნს?

- ჩემთვის კითხვა არის ერთადერთი ბუნებრივი მდგომარეობა, თავშესაფარიც. ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ რაიმე არ წამეკითხოს. შემიძლია მატარებელში, ავტობუსში, ყველგან ვიკითხო, - სადმე რომ მივდივარ, ყოველთვის თან მიმაქვს წასაკითხი. ოღონდ რაიმე ჩამივარდეს ხელში წასაკითხი და ყველაფერს ვკითხულობ, რამდენიმე წიგნსაც ვკითხულობ ერთად.

- რა ჟანრის ლიტერატურა გიზიდავთ?

- მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს კითხულობს. თუკი შევხედავ, რომ ის არ არის ისეთი, მეორედ აღარ წავიკითხავ. რაც დაწერილია, ერთხელ შემიძლია ყველაფერი წავიკითხო.

- ალბათ, საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვთ...

- მგონი, კი, თან ბიბლიოთეკარი ვარ - მეცამეტე საქალაქო ბიბლიოთეკაში ვმუშაობ.

თავიდანვე სულ წიგნებს ვხედავდი ჩემს ირგვლივ. დედაც და დეიდებიც ბიბლიოთეკარები იყვნენ. ოთახში რომ შევიდოდი და წიგნები არ იყო, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. წიგნებს რომ დავინახავდი, უკვე კარგად ვიყავი.

ახლაც მახსოვს, როგორ ვიჯექი შუშაბანდში და ვკითხულობდი. მეგობარი მართლა არავინ მყავდა, სულ უნდა მეკითხა...

- წიგნი, ან მწერალი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია თქვენზე?

- ასეთი უამრავია. ალბათ, „გავლენას“ ახდენენ ყველა ის მწერლები და მსოფლიო კლასიკოსები, რომლებიც, რაღაცნაირად, ჩვენში შემოვიდნენ და დარჩნენ, მათ გარეშე რანაირად იქნებოდა ჩვენი ყოფა? ვთქვათ, ბალზაკის, სტენდალის, ფოლკნერის გარეშე...

- პირველი წიგნი თუ გახსოვთ, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

- პირველი წიგნი იყო ნინო ნაკაშიძის „თეთრი და უხუ“ (მგონი ასე ერქვა) - წაკითხვა რომ არ ვიცოდი, დედა მიკითხავდა. ასე შევედი წიგნების სამყაროში. მე თვითონ რომელი წიგნი წავიკითხე პირველად, არ მახსოვს. სხვათაშორის, სახლში ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა მქონდა და ისე დავიწყე კითხვა - დედის რჩევის გარეშე, ჩემი ასაკისთვის ცოტა შეუფერებელ წიგნებს ვკითხულობდი.

- შემდეგ, ალბათ, გადაფასებაც მოხდა...

- ხდება, რა თქმა უნდა, ეს ყოველ წუთს ხდება ადამიანში.

- ანუ, სულ ძიებაში ხართ...

- ასეც ვერ ვიტყოდი, - არ ვეძებ... ძიებებში ხარ, როცა რაღაცნაირად იზრდები, მე ასეთ ძიებებში არ ვარ: ეს რაღაც სხვაა, არ ვიცი...

- საყვარელი ლიტერატურული გმირი თუ გყავთ?

- ძალიან ბევრი. რატომღაც ძალიან მიყვარს ჰექტორი „ილიადადან“.

- საკუთარი თავი თუ გაგიიგივებიათ რომელიმე პერსონაჟთან?

- კი, ბევრჯერ, თუნდაც მედეასთან. ადამიანებს ჰყავთ არა მარტო ბიოლოგიური, არამედ სულიერი და ინტელექტუალური წინაპრები...

მე ლიტერატურაში ვცხოვრობ! ჩემს მეზობლებზე მეტად ვიცნობდი ლიტერატურულ გმირებს და ახლაც ისე ვარ. შეიძლება ყველაფერი ვიცოდე ამა თუ იმ ლიტერატურული გმირის შესახებ და არაფერი ვიცოდე ჩემს მეზობელზე.

- არის ისეთი ნიჭი, რომელსაც გინდათ, რომ ფლობდეთ?

- ასეთი ბევრია... ძალიან მინდა კარგად ვხატავდე, უფრო მეტად, ვიდრე მინდა ვმღეროდე. მინდა ფოტოგრაფიც ვიყო.

- რა გიშლით ხელს?

- ბუნებით ვარ ძალიან ზარმაცი. იმისთვის, რომ რაიმე გადაწყვეტილება მივიღო, თვეები მჭირდება. დროს ისე ვექცევი, თითქოს 100 და 200 წელი მეპყრას ხელთ. 15 წელი შეიძლება ვიფიქრო ერთ რაღაცაზე, ვიფიქრო და გაკეთება ვერ მოვიფიქრო.

- რა არის თქვენთვის ბედნიერება?

- ალბათ, ის, რომ ვინმემ, გარემომ არ შეგიშალოს ხელი. ვიყო ჩემთვის, ვიკითხო ჩემს შვილებთან ერთად და ეს გარემო ამ მოუწესრიგებელ სამყაროში არ ახდენდეს ჩემზე გავლენას.

- თქვენი წიგნის სათაურია: „შემიცვალეთ ზოდიაქოს ნიშანი“. გჯერათ ზოდიაქოსი? რატომ „მოითხოვთ“ მის შეცვლას?

- მჯერა, თუმცა ბოლომდე არა. აბსოლუტური ჭეშმარიტება, მგონია, რომ არ არსებობს. ზოდიაქოთი ტყუპები ვარ და თითქმის ვგავარ. ამას ნიშნავს სათაურიც: რომ შეხედავ ძალიან გავხარ, უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს მოგინდება თავისუფლება!

 

***

რას ფიქრობენ მეგობრები ბელა უჩაძის შესახებ?

„მისი ლექსები მკითხველის მზად-ყოფნას მოითხოვენ - ინტელექტუალურსაც და პოეტურსაც - რადგან აქ ფაქიზ, ნათელ, გამჭვირვალე ლირიკას გამუდმებით ენაცვლება ბიბლიურისა და მითოსურის თემა, არატრადიციულ გააზრებაზე დაფუძნებული მედიტაციური ნაკადი. გარეგნული ფორმაც იმაზე მიუთითებს, რომ თამაშ-თამაშით წასაკითხ ტექსტთან არა გვაქვს საქმე“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია