დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალებმა ფონად ბანკის დაუმთავრებელი შენობა აირჩიეს...
2010/05/04 13:32:30

გასული კვირა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებით დაიწყო, სადაც თავმჯდომარის და მოადგილის არჩევის შემდეგ ექვს ოპოზიციურ პარტიას ერთმანეთთან შეთანხმებულად მდივანი უნდა აერჩიათ. „ჩვენ თვითონ“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ალიანსი საქართველოსთვის,“ „სამართლიანი საქართველოსთვის“ და „რესპუბლიკელები“ ამ შემთხვევაში ერთ კანდიდატზე შეჯერდნენ. მდივნის არჩევაში ნაციონალური პარტიის წევრი არ მონაწილეობდა. თუმცა ქრისტიან-დემოკრატები და „ჩვენ თვითონ“ ის პოლიტიკური ორგანიზაციები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გასულ კვირას მდივნის არჩევის დროს ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ.

 

ქუთაისის რეალობაში ნაციონალური მოძრაობა ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც პარტიული სია და მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. წარდგენა თავად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა ღია ცის ქვეშ, აღმაშენებლის მოედანზე. ამჯერად ნაციონალებმა ფონად არა მესხიშვილის თეატრი, არამედ - მშენებარე თი-ბი-სი ბანკის შენობა აიღეს, რათა ლოზუნგი „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ რეალობასთან ახლოს ყოფილიყო. ნაციონალების პარტიული სიის პირველი ნომერი ქალქის ყოფილი მერი გიორგი თევდორაძეა, მეორე ადგილს კი მესხიშვილის თეატრის დირექტორი და საკრებულოს წევრობის კანდიდატი გიორგი სიხარულიძე იკავებს. ნაციონალების სიაში საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანიცაა. ამჯერად, ნაციონალური მოძრაობის ძველი სახეები კვლავ შეეცდებიან ახალ საკრებულოში ძველი ადგილების დაკავებას. თუმცა, წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისაგან განსხვავებით, მათი ლოზუნგი შემდეგია - „გასაკეთებელი კიდევ ბევრია,“ გაკეთებულის ჩამონათვალში კი ყველა ის დიდი და პატარა საქმეა, რაც ხელისუფლებამ „ზევიდან“ თუ „ქვევიდან“ გააკეთა.

„ალიანსი საქართველოსთვის“ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ მდივანს დავით ბერძენიშვილს სტუმრობდა, რომელმაც ქუთაისის ჯანდაცვის პროექტი და დასაქმების საკითხები კიდევ ერთხელ განიხილა. რესპუბლიკელების მხრიდან მდივნების არჩევას და საუბნო კომისიების გახსნას ბრიფინგი მოჰყვა. ნატო ქათამაძის განცხადებით, ქალაქის მე-17 და 27-ე საარჩევნო უბნები დაგვიანებით გაიხსნა. მე-17 უბანზე მოქმედი სასადილოა, ხოლო 27-ე უბანზე დღემდე მშენებლობა მიმდინარეობს. მათი თქმით, თითქმის არც ერთი საარჩევნო უბანი მოწესრიგებული არ არის.

ამ ფაქტზე ქუთაისის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „იქ, სადაც მანამდე საუბნო საარჩევნო კომისიები იყო განთავსებული, დღეს დევნილები შეასახლეს და საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილეს. ამიტომ ქალაქში არ აღმოჩნდა შენობების საკმარისი რაოდენობა, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობას შეძლებდნენ. ამიტომ საოლქო კომისია გახდა იძულებული, რამდენიმე უბნისთვის ფართი დაექირავებინა კიდეც. რაც შეეხება ამ უბნებს, ეს საარჩევნო უბნებიც მალე მოწესრიგდება.

კონსერვატიული პარტიის ლიდერი გოგი წულაია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო კამპანიისთვის აქტიურად იყენებს, რისთვისაც დამატებით თანხებს იხდის. მან 16 აპრილს განცხადება შეიტანა მერიაში კონკრეტული პიროვნებების სახელისა და გვარის მოთხოვნით, რომლებიც ამჟამად დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული არიან - მისი ვარაუდით, სწორედ იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. შეტანილი წერილის პასუხს ის დღემდე ელოდება. ეს კი ადმინისტრაციული დარღვევაა სამართალდარღვევათა კოდექსისა, რომელიც ინფორმაციის მიწოდებას ათი დღის ვადაში ითვალისწინებს. მან ეს დარღვევა პოლიტიკური განცხადების საფუძვლად გამოიყენა და განაცხადა: „მე მინდა ქართველ ერს მივულოცო მიშა სააკაშვილის გადადგომა. როგორც იცით, გადამდგარი პრეზიდენტები ამერიკაში დადიან და ლექციებს ატარებენ. ჩვენმა პრეზიდენტმაც ეს გზა აირჩია - გადადგა და ამერიკაში ატარებს ლექციებს. ლექტორად მოეწყო. ამას ყველაზე პირველი გიგი უგულავა მიხვდა და სამუშაოს ეძებს. ისე, მე ვურჩევ, რომ თონესთან აირჩიოს სამუშაო, რამეთუ ჯოჯოხეთთან ახლოსაა და ცეცხლს მიეჩვევა. აქედან გამომდინარე, მერიის თანამშრომლებო, მიშამ მიგატოვათ და დაანებეთ მის სამსახურს თავი, დაიწყეთ კანონით და კონსტიტუციით სამსახური.“

კვირის ბოლოს კი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდნენ და ქალაქის პარტიული სიის და მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელეს. პირველი ნომერი დავით დვალია, რომელიც საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარის ადგილს დღემდე იკავებს. მისი განცხადებით, თუ მას საკრებულოში წევრად აირჩევენ, ყოველთვის ხალხის გვერდით იქნება. დავით დვალი გამარჯვების მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი კანდიდატიცაა. ქრისტიან-დემოკრატების პარტიული სიის მეორე ადგილს კი ამავე პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი შავგულიძე იკავებს.

საარჩევნო მარათონი ქუთაისში ფაქტია, რომ დაიწყო. თუმცა ქალაქში კიდევ რამდენიმე სახის გამოჩენას ელიან. ამჯერად ჯერი სხვა პოლიტიკურ პარტიებზეა, რომლებიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში თავიანთ კანდიდატებს ოფიციალურად დაასახელებენ.

P.S. საარჩევნო ორომტრიალი რაიონებშიც დაიწყო. დარღვევები აქაცაა. სამტრედიის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ იმედა გოგავამ, რომელიც „ალიანსი საქართველოს“ სიაში პირველია, სამტრედიაში საარჩევნო უბნებზე არსებული დარღვევების აღმოფხვრისკენ მიუთითა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1400
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია