დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითდინებაზე მიშვებული თაობა
2010/04/26 17:25:35

ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს, იყო მშობელი. არ ვუფიქრდებით: რა შენიშვნას ვაძლევთ შვილებს, როგორ ვზრდით, რას ვასწავლით მათ. არ ვაქცევთ ყურადღებას, რას მოითხოვენ ისინი ჩვენგან და დროც არასდროს გვყოფნის, რომ მოვუსმინოთ... გვავიწყდება, რომ ერთ დროს ჩვენც ვიყავით ბავშვები და მაინც სულ ერთსა და იმავე შეცდომებს ვიმეორებთ. დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტად ვშორდებით შვილებს და მხოლოდ მაშინ ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას: სად შემეშალა?!

ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმის“ ფსიქოლოგს მანანა გოცირიძეს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო მანანა, როგორი თაობა მოდის?

- ძალიან ცივი ბავშვები მოდიან, მაგრამ ეს ბავშვები ციდან ხომ არ ჩამოცვივდნენ? ეს იგივე საზოგადოების, სოციუმის პრობლემაა. უმეტესად, მშობელს ასეთი მიდგომა აქვს: „მე ჩემს მომავალზე ვიფიქრებ, შვილმა იფიქროს თავის მომავალზე“. კი, შეიძლება, ეს სწორია, მაგრამ გვავიწყდება, რომ ჩვენი შვილი, საზოგადოება და ოჯახი - სამკუთხედია. თუ ამ სამკუთხედში რომელიმე კუთხე ცარიელია, მაგალითად - ოჯახი, ბავშვი მიეჯაჭვება საზოგადოებას და დარჩება მარტო „მე და საზოგადოება“, საზოგადოება კი ყოველთვის „ველურ“ ადამიანს ზრდის, იმიტომ, რომ იქ ცხოვრება არ არის ისეთი, როგორიც ოჯახში, სადაც მშობელს შეუძლია, ნახევრად იდეალური გარემო შეუქმნას შვილს.

კი, მესმის, ქალი იბრძვის გენდერული თანასწორობისთვის, ლიდერობისთვის... ყველაფრისთვის შეიძლება იბრძოლო, მაგრამ პირველი შენი მოვალეობა, როგორც ქალის, არის ბიოლოგიური - დედა თუ ხარ, უნდა იყო აღმზრდელი, უნდა დაფიქრდე, როგორ გაზარდო შვილი.

საზოგადოებას მარტო საკუთარი თავისთვის სცალია. მე ვთვლი, რომ საზოგადოება არ არის ჯერ მომწიფებული. შეიძლება იყო ომი, არეულობა - ეს ის ყველა რისკფაქტორებია, რომლებმაც შეუწყო ამას ხელი, მერე ის მძიმე სოციალური პირობები, რომელიც აიძულებს, ოჯახმა ცალ-ცალკე იცხოვროს - ქალი ან კაცი წავიდეს სამუშაოდ სხვაგან. შვილები რჩებიან მიტოვებულ სათამაშოდ. ბავშვი სათამაშოს რომ მოტეხავს რაღაცას, მერე იმ სათამაშოსკენ არ ბრუნდება - იმავეს ვაკეთებთ ჩვენ, მშობლები.

აქედან მოდის კომპლექსებიც ბავშვებში. ძალიან დიდი კომპლექსები აქვთ ბავშვებს, რომლებიც ცალმხრივ ოჯახში იზრდებიან. ბიჭებს უჭირთ ქალებთან ურთიერთობა...

- თუმცა, ამბობენ, რომ პირიქით, დღეს გაცილებით თამამი, უკომპლექსო თაობა მოდის...

- ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და შვილებსაც ასე ვზრდით... ეს კარგია, თუმცა გვავიწყდება მეორე მხარე - ამ უფლებებთან ერთად მე ხომ ჩემი მოვალეობებიც მაქვს? მე თუ ჩემი მოვალეობა ვერ შევასრულე, რა უფლებებზე უნდა ვილაპარაკო? ამ დროს ხდება ცალმხრივი განვითარება.

„შენ რომ არ დაგჩაგრონ, შვილო, ამის უფლება გაქვს, ამის, ამის...“, მაგრამ მეორე მხარე, „მოვალეობები“ დარჩა ცარიელი. სკოლაში რომ ვუშვებთ ბავშვს, ვაკითხავთ? ბაღში წამოსაყვანად მაინც აკითხავენ, დაწყებით კლასებშიც, მაგრამ მერე მასწავლებლები ჩივიან, რომ შვილებს უმეტესად აღარ აკითხვენ, არ ინტერესდებიან, რას შვრება ბავშვი, სკოლაში რომ გაუშვეს, მივიდა კი ის იქ? თვითდინებაზე ჰყავთ მიშვებული შვილები...

- მოდით, ასე ვთქვათ: რა არის მშობლის უმთავრესი მოვალეობა?

- თუ მშობელი ხარ, არ უნდა დაივიწ-ყო არც საჭმლის კეთება, არც ოჯახის დალაგება, - მაგრამ, არა მგონია, რამე იყოს უფრო მთავარი, ვიდრე შვილთან ურთიერთობა. შეიძლება საჭმელი, ან დალაგება ორი საათით დააგვიანო და ის დრო შვილს აჩუქო. ეს ურთიერთობა თუ დაკარგე შვილთან, ვერასოდეს აინაზღაურებ! მერე ამას ანაზღაურებს ქუჩა, ბაღი, სკოლა, სხვა, მაგრამ შენ უკვე გამოთიშული ხარ იქიდან, ბავშვი არ გემორჩილება. სამ წლამდე უნდა იყო მეგობარი შენი შვილისთვის, მასთან ერთად უნდა იყო ბავშვი. სამი წლიდან სკოლის ასაკამდე - მისი მეგობარი.

- ყველაზე „მძიმე“ შეცდომას სად უშვებენ მშობლები?

- გოგოს ვეუბნებით: შენ გოგო ხარ, ეს უნდა მოითმინო, ის გააკეთო, ოჯახი წაიყვანო, მანქანებთან რა გინდა? ბიჭებთან ნუ ხარ, გოგოებთან ითამაშე! მაშინ, როცა ჯერ არ არის ის ჩამოყალიბებული, როგორც ადამიანი. ამით ჩვენ უკვე ვუშვებთ შეცდომას. რატომ არ შეიძლება მე ცოტა ხანს ბიჭებთან ვითამაშო, ან მოვკიდო ავტომატს ხელი და ნახევარი საათი ვიყო იმ როლში, რატომ ვიღაცამ უნდა განსაზღვროს, რომ ეს ცუდია? თუ ეს ცუდია, დამანახე იგივე მოქმედებით, იგივე თამაშით... მაგრამ არა! ჩვენ ყოველთვის არ გვცალია. შენიშვნას დავტოვებთ და მივდივართ: რატომ? რისთვის? საიდან? რატომ არ უნდა გააკეთო ეს? - ვუხსნით? არა, ჩვენ ამას ვხსნით ასე: ბავშვია, რატომ უნდა აუხსნა? მე არ მცალია...

შენ კი არ გცალია, მაგრამ ის საზოგადოების წევრი ხომ არის, შენ ხომ გააჩინე ის იმისთვის, რომ აღზარდო. სად არის შენი მოვალეობები? თუ იქამდე მომწიფდი, რომ გყავდეს შვილი, მაშინ უნდა მომწიფდე იმისთვის, რომ სწორად აღზარდო ის.

- საჭიროა თუ არა სიმკაცრე?

- მთავარია, მეგობრული იყო როგორც მშობელი და დროს პოულობდე იმისთვის, რომ შვილს ესაუბრო, აუხსნა, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს და ა.შ. ევასთვის რომ აეხსნათ, ვაშლს თუ შეჭამდა, რა მოხდებოდა, დარწმუნებული ვარ, ამას არ გააკეთებდა. უბრალოდ, უთხრეს, რომ ეს არ შეიძლება. იგივე შეცდომებს რატომ ვუშვებთ ჩვენ, როგორც მშობლები? ალბათ, ეს კაცობრიობის პრობლემაა.

ამასთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ვუსვამთ კითხვას შენიშვნის სახით შვილს. თუ კითხვა არის დაკეტილი: „ეს რატომ გააკეთე?“ და შენ არ აყოლებ იმის განმარტებას, ამით ისეთ შეცდომას უშვებ, რომელსაც შენი ცხოვრების მანძილზე ვერასდროს შეავსებ და ვერც გამოასწორებ.

თუ მშობელს უნდა, მართლა თავისუფალი ბავშვი გაზარდოს, ყველა კითხვაზე უნდა მოიცალოს და განმარტოს, - უარყოფითადაც და დადებითადაც, ოღონდ მისთვის გასაგები ენით.

- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ზღაპრების მოყოლა?

- ცუდი არ არის ზღაპრების კითხვა, თუმცა, მარტო წაკითხვა არ ჰყოფნის. წაკითხვის მერე უნდა იმსჯელო. ზღაპარი არის ლამაზი ცხოვრება, მაგრამ ცხოვრება ყოველთვის ვარდისფერი არ არის. შენ თუ ის ვარდისფრად დატოვე მის ასოციაციაში, ამით ძალიან დიდ შეცდომას უშვებ. შეიძლება სულ პატარა განმარტება მისცე, რომ ცხოვრებაში დადებითიცაა და უარყოფითიც. პატარა დოზით ყველა ზღაპრის მერე რაღაც ერთი პატარა, რეალური ელემენტი რომ ჩავდოთ, იდეალური იქნება. ზღაპრებში როცა გმირი მიდის და რაღაც გადამწყვეტი უნდა გააკეთოს, ყოველთვის ხვდება გზაჯვარედინზე. ის სამივე ვარიანტი უნდა დავანახოთ შვილს, რომ თვითონ გააკეთოს არჩევანი.

- რამდენად საჭიროა კომპიუტერთან ურთიერთობა ბავშვის განვითარებისთვის?

- არ არის რეკომენდებული, 6 წლამდე ბავშვი კომპიუტერს რომ მიეჩვიოს, ნარკომანზე უარესად დამოკიდებული ხდება ინტერნეტის და კომპიუტერული თამაშების მიმართ. ამ დროს ტვინის უჯრედი იშლება, ის ვარდისფერი იკარგება, რასაც ზღაპრებში ვუკითხავდით.

კი, ჩავყრით კომპიუტერში ზღაპრებს, ყველაფერს, მაგრამ მარტო ცალმხრივი ურთიერთობა ხდება ამ დროს. თუ ზღაპარს არ წაუკითხავს მშობელი, თუ ბებია, ან ვინმე არ მოუყვება რაღაცას, - კომუნიკაცია დაიკარგება და ბავშვი დამოკიდებული იქნება მარტო კომპიუტერზე. რა მომავალი მოვა? მე მეშინია...

წიგნის შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ახსნა. „აჰა, მე შენ დღეს წიგნი მოგიტანე, 18 ლარი მივეცი!“ კი, ბავშვმა აიღო, დაათვალიერა სურათები - ბევრი წერია, „აუ, არ შემიძლია!“ და გადადო წიგნი. შენ, როგორც მშობელი, თუ არ დაჯექი, აუხსენი და დააინტერესე, ინტერესი საიდან უნდა გაღვივდეს?

- სათამაშო რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის?

- ის, რომ მიუგდო სათამაშო, არ არის საკმარისი, თან უნდა აუხსნა, ეს როგორია, რატომ, რისთვის... თუ გინდა იცოდეს, მანქანა რისგან შედგება, სანამ ბავშვი გატეხავს მას და ბორბალს, საჭეს და ა.შ. ცალ-ცალკე განახებს - ხუთი წუთი გამონახე დრო, დაჯექი და აუხსენი: ეს არის ბორბალი, ეს იმისთვისაა, რომ მანქანამ იაროს, ეს საჭეა, რომ ატარო და ა.შ. 6 თვის ბავშვს რომ ასწავლი, სად არის მისი თვალი, ცხვირი, ყური და ამით ჩერდება ყველაფერი, თვითონ ისწავლის? ვერ ისწავლის...

- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, ჰყავდეს შინაური ცხოველი?

- აქვთ ბავშვებს ისეთი ასაკი, როცა მეგობრებს ეძებენ: „დე, ძაღლი მიყიდე...“ ეს ადრინდელი სკოლის ასაკია, როცა ბავშვი ვერ ეწყობა ბავშვებს, ეს უმეტესად მაშინ ხდება, როცა მომვლელთან იზრდება. იმ ბავშვებს, რომლებიც ბაღიდან მოდიან, უფრო არა აქვთ ამის პრობლემა. სკოლაში კიდევ მიდის შეგუების პროცესი და უჭირთ. როცა უჭირს, სთხოვს დედიკოს, რომ ძაღლი უყიდოს. როგორია ამ დროს მშობლის რეაქცია: „ძაღლი არა, ახლა... შენ თავს მიხედე“. დაფიქრდით, რატომ გთხოვა? შენ, როგორც მშობელს, არ გცალია, რომ იყო შვილის მეგობარი, ბავშვმა თვითონ მიგითითა - ისიც გაუშვი... ასე გამოდიან „ცივი“ ბავშვები, რომლებმაც სიყვარული არ იციან.

- იქნებ ეს იმის ბრალიც არის, რომ თავის დროზე ჩვენმა მშობლებმა დაუშვეს შეცდომა ჩვენს აღზრდაში?

- კი, ეს ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც მოდის, მოდის და მოდის... არ ვიცი, როდის გავჩერდებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1387
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია