დღეს ქუთაისში, კლინიკურ საავადმყოფოში, ექიმთა პროფკავშირების მიერ ორგანიზებული კრება ჩატარდა. კლინიკური საავადმყოფოს მედ-პერსონალი საავადმყოფოს შენობის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. ამ ფაქტის შესახებ მათ უკვე მიმართეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს.
საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, კოტე ხელაძის თქმით, დღეისათვის კლინიკური საავადმყოფო არცერთი კერძო კომპანიის საკუთრება არ არის. შესაძლებელია, თვის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი და კლინიკური საავადმყოფო რომელიმე კერძო კომპანიას გადაეცეს, საავადმყოფოს მედ-პერსონალს კი მიაჩნია, რომ ეს მათ სამუშაო ადგილებს საფრთხე შეუქმნის.