დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში ენერგოავტობუსი დადის
2010/04/19 13:21:32

თანამედროვე ეპოქაში აქტიურად დაიწყო არატრადიციული, განახლებადი ენერგიის ეფექტურად გამოყენების საშუალებების ძიება, ტრადიციული ენერგეტიკული რესურსები უნდა შეიცვალოს. ფაქტია, რომ სხვადასხვა სახის ენერგიის ათვისების გარეშე ადამიანს არ შეუძლია სრულფასოვნად არსებობა. ენერგიის განახლებადი წყაროები - ეს არის ბუნებაში მუდმივად არსებული ან პერიოდულად შევსებადი ენერგიის ნაკადებზე დაფუძნებული ენერგიის წყაროები.

ტრადიციული ენერგიების ჩანაცვლების მიზეზი ენერგორესურსების შეზღუდული მარაგი გახდა. მსოფლიო მეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ ტრადიციული ენერგორესურსების ამოწურვის ვადები მოხმარების ზრდის დღევანდელი ტემპის პირობებში თითოეული წიაღისეული რესურსისათვის შემდეგია: ქვანახშირის მარაგი საკმარისი იქნება დაახლოებით 270 წელი; ურანის - 100 წელი, ნავთობის - 35-40 წელი; გაზის - 50 წელი. მეორე მიზეზი კი გლობალური დათბობაა, რადგან მზის ენერგია ათბობს დედამიწის ზედაპირს და ატმოსფეროს. სითბოს დაახლოებით 70% უკან, კოსმოსში ბრუნდება. წიაღისეული საწვავის წვა ატმოსფეროში სათბური გაზების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას იწვევს, რაც ხელს უწყობს ამ სითბოს ატმოსფეროში დაკავებას, ანუ ქმნის „სათბურის ეფექტს“ და აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს. მესამე მიზეზი, რამაც მსოფლიოში განახლებადი ენერგიების გამოყენებაზე სპეციალისტები დააფიქრა, ენერგიის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა აზრით, 21-ე საუკუნის ბოლოსთვის კაცობრიობის რიცხვი გაორმაგდება და 10-12 მილიარდს მიაღწევს, რაც ლოგიკურად დააყენებს ენერგომომარაგების პრობლემას, რომლის გადაჭრაც მხოლოდ ენერგიის განახლებადი რესურსების გამოყენების ხარჯზეა შესაძლებელი.

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად საუბრობენ განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე. მოსახლეობის მხრიდან ინტერესი ახალი ენერგიის დანერგვა-გამოყენებაზე დიდია, თუმცა ეს დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში ძნელად ხელმისაწვდომია.

ინფორმაციის ზუსტად და ეფექტურად გამოყენების მიზნით, უკვე ერთი წელია კომპანია bp და მისი პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად პროექტს - ენერგოავტობუსს ახორციელებს. ენერგოავტობუსი, რომელიც უცხოელი სპეციალისტების თანადგომით საქართველოსთვის შეიქმნა, ქვეყნის ყველა რეგიონში ჩადის და სპეციალისტები მოსახლეობას განახლებადი ენერგიების დანერგვის და პოტენციალის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ენერგოავტობუსი უკვე ერთი თვეა იმერეთის რეგიონშია და ამ ხნის მანძილზე მისი ნახვის საშუალება, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ხონის მოსახლეობას უკვე მიეცა. რამდენიმე დღის წინ კი ენერგოავტობუსი ქუთაისშიც ჩამოვიდა და დიდი ინტერესი გამოიწვია.

ენერგოეფექტურობის პროგრამის „ენერგოავტობუსი საქართველოს რეგიონებში“ პროექტის მენეჯერი ლიანა ღარიბაშვილის თქმით: „იმერეთის რეგიონში მოსახლეობის ინტერესი ენერგოავტობუსის მიმართ გაცილებით დიდია, ვიდრე ეს იყო ქვემო ქართლში. მაგრამ დაბრკოლება ის არის, რომ მოსახლეობას არ აქვს ფინანსური საშუალება, რათა ჩვენი ეს ინოვაციები დანერგონ. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ისეთი დანადგარების დამზადებას, რაც გაცილებით იაფი დაუჯდება. გარდა ამისა, მოსახლეობას შეუძლია თუნდაც თანამედროვე კარ-ფანჯრის ჩასმით ენერგია დაზოგოს, საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების დიდი პოტენციალია. მზის კოლექტორების დადგმა დაახლოებით 600-700 დოლარი ჯდება. თუმცა ამ დანადგარით დაზოგილი ენერგია რაღაც პერიოდის შემდეგ კვლავ უბრუნდება, რადგან ელექტროენერგიის გამოყენება ნაკლებად დასჭირდებათ და, შესაბამისად, ამ კუთხით გადასახადები შეუმცირდებათ.“

სპეციალისტების თქმით, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება გარემოს არ ავნებს. დღეისათვის არსებული მილევადი რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზიანს აყენებს ბუნებას, რაც ეკო-კატასტროფებს იწვევს. ეკოლოგიური კუთხით არსებული ენერგოკრიზისისა და იმპორტულ ენერგოშემცვლელებზე გაზრდილი ფასების პირობებში ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების ხელშეწყობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო, ასევე რეგიონულ დონეზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეგრეთ წოდებული „მწვანე ენერგიის“ გამოყენებისთვის სახელმწიფოს გარკვეული შეღავათებიც აქვს დაწესებული.

საქართველოს საკანონმდებლო კუთხით ცვლილებები არ განუხორციელებია. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში ენერგიის განახლებად წყაროებს დიდი პოტენციალი აქვს, რაც შემდეგნაირად არის ფორმულირებული: - მცირე ჰიდროჰესების ეკონომიკური პოტენციალი - 4 მლრდ.კვტ. საათი, ქარი - 1,5 მლრდ კვტ. საათი წელიწადში, ხოლო მზე - 60-120 კვტ.სთ/მ2 დღეში. ფაქტია, რომ არატრადიციული ენერგიის ხარჯზე ახლო მომავალში შეუძლებელია ქვეყნის ენერგეტიკული პრობლემის სრული გადაწყვეტა, მაგრამ მისი უგულებელყოფაც არ იქნება სწორი, რადგანაც სათანადო განვითარების შემთხვევაში, ენერგიის განახლებად წყაროებს შეუძლიათ საკმაო წვლილის შეტანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია