მოდით, ცოტახნით მოვეშვათ ჩინოვნიკებს და იმ ხალხითაც დავინტერესდეთ, რომლებიც დიდ სამსახურს გვიწევენ, თუმცა ჩვენგან დამცირების მეტს ვერაფერს იღებენ. დატვირთული რეჟიმი, ანაზღაურებაც ნაკლები - აი, ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს დასუფთავების სამსახურში მომუშავე პერსონალი, მათ შორის - შალვა პაპაც.
სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდე, მანამდე მინდა გითხრათ, რომ უფრო ადვილია, ინტერვიუ ჩამოართვა თანამდებობის პირს, ვიდრე ამ სფეროში მომუშავე პიროვნებებს - მათი დროის დეფიციტის გამო. სამი კვირა უშედეგოდ მაინც არ მირბენია და დღეს ჩვენი რესპონდენტი იქნება დასუფთავების სამსახურის რიგითი მუშაკი შალვა გიორგაძე - ადამიანი, რომელიც დიდი სიყვარულით დაჰფოფინებს ქუთაისის ქუჩებს და იცავს მათ დაბინძურებისაგან.
გავიცნოთ ის უფრო ახლოს:
ვინ იყო, ახლა ვინ არის და რას აკეთებს?!
„უკვე 5 წელია, რაც დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ. ჩემი მეუღლე - 12 წელია. მე ვასუფთავებ წერეთლის ქუჩას და ახლა, დამატებით, მერიის ტერიტორიასაც ვგვი.“- ამბობს იგი.
ამ სამსახურში მოხვედრისთვისაც აუცილებელია განათლება. შალვა პაპას კი დიდი ხნის სტაჟი აქვს, არც მეტი და არც ნაკლები - პედაგოგი გახლდათ. მოვუსმინოთ თავად მას:
„დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჩემი სპეციალობა ისეთი იყო, რომ რუსულ სკოლაში უნდა მესწავლებინა ისტორია და ქართულ სკოლებში - რუსული ენა-ლიტერატურა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1963-1975 წლებში ვასწავლიდი ასპინძის საშუალო სკოლაში, ანუ თითქმის 12 წელი ვიმუშავე. შემდეგ ჩემი პროფესიული კარიერა გავაგრძელე ქუთაისის მე-13 (რუსულ) სკოლაში. მაშინ ის სკოლა დაკომპლექტებული იყო მხოლოდ სამხედროების შვილებით. თან, ვიყავი დირექტორის მოადგილე. იქ პატარა ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც მე ჩემი ნებით დავტოვე სასწავლებელი: ბავშვები სკოლის შემდეგ დადიოდნენ წყალწითელაზე, იქ, თამაშში, ერთმა ბავშვმა მეორეს კისერზე მოარტყა თვითნაკეთი პისტოლეტის სათამაშო ტყვია, რის გამოც დირექტორისგან მივიღე დიდი საყვედური. თურმე სკოლის მერეც უნდა გავყოლოდი ბავშვებს. ამის შემდეგ ვასწავლიდი 21-ე პროფტექნიკურში. რამდენიმე წლის შემდეგ მოვხვდი ავტოქარხანაში, სადაც ვიყავი სამხედრო საამქროს დისპეტჩერი და იქ ვიმუშავე ორი წელი. ამის შემდეგ ოჯახური პირობების გამო მომიხდა სოფლად (ასპინძაში) წასვლა. ხოლო იქიდან წამოსვლის შედეგ კი ვმუშაობ აქ.“
გავიცნოთ მისი ოჯახიც:
„მყავს სამი ვაჟი. აქედან ორს აქვს უმაღლესი განათლება. პირველმა დაამთავრა მილიციის აკადემია და ახლა უკრაინაშია, მეორემ - პუშკინის ინსტიტუტი და ახლა ჩემი მეუღლის სოფელში ცხოვრობს, ხოლო მესამეს საშუალო განათლება აქვს და ისიც საზღვარგარეთაა მის უფროს ძმასთან. ერთი პერიოდი უფროსი ვაჟი მეხმარებოდა, მაგრამ ახლა შეგვიწყვიტა რატომღაც... ჩემი მეუღლე მუშაობდა ექთნად, ჯერ პირველ სამშობიაროში, შემდეგ - წყალტუბოს გადასახვევთან მდებარე სამშობიაროში. ახლა ისიც ქუჩებს ასუფთავებს.კარგი იყო ძველად, ძლიერი ოჯახიც ვიყავით. მქონდა საკუთარი სახლ-კარი, საკმაოდ კარგი ბინა, რომელიც შემდეგ გაყიდა უფროსმა ვაჟმა ფულის გამო. ახლა... ახლა - ვცხოვრობ ნაქირავებში და ვასუფთავებ ქუჩებს.“
კარლო პაპა, როგორც ახლობლები ეძახიან, ცხოვრებამ ძლიერად დაანარცხა ძირს. თუმცა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ასეთი პიროვნებების დამსახურებაა, რომ ქუჩები, ჩვენი დაუდევრობის მიუხედავად, მაინც სუფთაა. სამასწავლებლოდან პირდაპირ ქუჩაში აღმოჩნდა ცოცხით ხელში. ჩვენთვის, ქუთაისის კეთილდღეობისათვის, ამ პიროვნებას დღე და ღამე გასწორებული აქვს.
„ღამის 2 საათიდან დილის 8 საათამდე ვმუშაობ წერეთლის ქუჩაზე, შემდეგ 12 საათზე გამოვდივარ და 4 საათამდე აქ ვარ, მერიის ტერიტორიაზე. სამუშაო რთულია და შრომატევადი. ცუდ ამინდში ორ-სამჯერ ვურტყამ წრეს და, გზადაგზა, ძირს დაყრილ საგნებს ვხიკავ, რუსთაველის ხიდიდან მოყოლებული მუზეუმამდე, ხოლო კარგ ამინდში ოთხ-ხუთჯერ ვუვლი წრეს. ალაგებ, ალაგებ და... ძალით აბინძურებენ. ხშირია შემთხვევები, რომ გოგონა მოდის, ჭამს ლობიანს და ცელოფანს აგდებს ძირს, როცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე არის ურნა... რა უნდა ვუთხრა ამხელა გოგოს!“
ანაზღაურების პრობლემა ყველგან არის და არც იგი არის გამონაკლისი. ასეთი ჯაფის მიუხედავად, ხელფასს მაინც აყვედრიან. „ხელშეკრულება მქონდა გაფორმებული და თებერვალში დამთავრდა, ანუ მერიის ტერიტორიაზე აღარ უნდა ვიმუშავო, მაგრამ გვითხრეს, იმუშავეთო და მეც ვმუშაობ. ხოლო ხელფასს ამ თვეში არ მოგვცემენ - ეს უფროსობამ გვითხრა, მიზეზად ფულის არქონა დაასახელეს და ისიც დააყოლეს, რომ თებერვალში რომ მოგეცით, ისიც ვისესხეთ და ისე გადაგიხადეთო.ჩემზე მეტი გაჭირვებული აქ არავინაა და ხელფასის გამო რომ ვმუშაობ, ამ სამსახურში ამას, ალბათ, ხვდებით.“
ბედის ირონია: ყველასთვის შეუმჩნეველი, ერთი ჩია, ხანდაზმული კაცი, ადრე ბავშვებსა და მათ სწავლა-განათლებაზე რომ ზრუნავდა, დღეს ქუჩების დასუფთავებაზე ხელფასის ამაო მოლოდინში შრომობს.
ყველა გაბრაზებული მამა შვილს ასე აფრთხილებს: არ ისწავლი? დაიკავებ ცოცხს ხელში და ქუჩებს დაასუფთავებ, რამეში მაინც წაადგები შენს ქალაქსო... ნურას უკაცრავად ,განათლება და დიპლომი ყველგან და ყველაფერში საჭიროა.