დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გინდათ, ბავშვი იშვილოთ?
2010/03/15 13:09:17

საქართველოში ბევრ წყვილს სურს შვილის აყვანა, ასევე ბევრი ბავშვია, რომელიც ოჯახურ სითბოს ნატრობს - ოფიციალური ინფორმაციით, მათი რაოდენობა 2000-მდეა, მათ შორის 6 წლამდეა მხოლოდ 150. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი 34 -აქვს მინიჭებული.
ამასთან, რეესტრში აღრიცხულ მშვილებელთა რაოდენობა შეადგენს 1303-. იმის გათვალისწინებით, რომ მშვილებელთა ძირითადი მოთხოვნა არის ერთწლამდე ჯანმრთელი ბავშვის შვილად აყვანა, ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება გასაშვილებელ ბავშვთა ძალიან მცირე რაოდენობის გამო.

 

„გადავწყვიტე, მეშვილებინა ბავშვი და ამისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დავდექი აღრიცხვაზე. როგორც გაირკვა, ჩემნაირი ბევრია, ბავშვები - კიდევ უფრო მეტი, მაშ, რა უშლის ხელს სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას ამ სფეროში, რომ ამ რაოდენობის ბავშვი აღარ იყოს ბავშვთა სახლებში და ისინი ოჯახებში აღიზარდონ?“ - კითხულობს 42 წლის ქალბატონი ანა.  

საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წელს ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ძალაში 2010 წლის 1 მარტიდან შევიდა   და ითვალისწინებს ბავშვის შვილად აყვანის პროცედურების ოპტიმიზაციას, მათ შორის - მშობლის მიერ (პრევენციის ღონისძიებების შეთავაზების მიუხედავად) ბავშვის მიტოვების შემთხვევაში, მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევას და ბავშვისათვის გასაშვილებელის სტატუსის მინიჭებას.
ამ კანონის  ძირითადი მიზანია, ბავშვი ინსტიტუციების ნაცვლად ოჯახურ გარემოში აღიზარდოს. თუ ვერ ხერხდება მისი დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში, ან გაშვილება, მაშინ უმჯობესია, ბავშვი განთავსდეს ალტერნატიულ სერვისებში (მინდობით აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლები), რაც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით.

2010 წლის პირველი მარტიდან მათ, ვისაც მზრუნველობამოკლებული ბავშვების შვილად აყვანა მოუნდებათ, შემდეგი პროცედურების გავლა მოუწევთ:   

პირველ რიგში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიმართოთ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს (სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს) და წარადგინონ მხოლოდ ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირთა განცხადების შევსებული ფორმა. არაუმეტეს 25 დღის ვადაში სოციალური მუშაკი განახორციელებს ოჯახის შეფასებას და მის საფუძველზე ოჯახი მშვილებლად აღირიცხება რეესტრში. მშვილებელი ოჯახისათვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობისა და ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების  მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი.
თუ მშვილებელი თანახმაა შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე, მეურვეობისა და და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში მხოლოდ ერთხელ წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) და მისი ასლი; ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; ცნობა ნასამართლობის შესახებ.
თუ მშვილებელი გასაშვილებელი ბავშვის ნათესავია, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მშვილებლისა და შეთავაზებული ბავშვის თავსებადობის შეფასების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში მომზადდება შვილად აყვანის შესახებ დასკვნა.
მომზადებული დასკვნა, თანდართულ საბუთებთან ერთად, მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანაზე.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვის აყვანის დროს სოციალური პირობებით უზრუნველყოფილი ოჯახი, რომელსაც საკუთარი შვილი არ ეყოლება?

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება, ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე-მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება; რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია მშობლის მოვალეობათა ჯეროვნად შესრულება; რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამასთან, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა.
ბავშვს უნდა ჰქონდეს მინიჭებული გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვის გაშვილებაზე სავალდებულოა მისი თანხმობა.

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება პირს:
რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ან არის ობოლი, ან აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად; რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) ჩამოერთვა მშობლის უფლება; რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით და შესაბამისი ფორმის შევსებით.

ბავშვების გაშვილების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მშვილებელი ოჯახისათვის რაიმე სახის ფულადი დახმარების გაცემას, პირიქით - მშვილებელმა ოჯახმა თვითონ უნდა უზრუნველყოს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

თუ საუბარია მინდობით აღზრდის ინსტიტუტზე, რომელსაც არეგულირებს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონები, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ქირაობს დედობილ-მამობილს იმისათვის, რომ ბავშვთა სახლების (ინსტიტუციების) ნაცვლად მზრუნველობამოკლებული ბავშვი აღიზარდოს ოჯახურ გარემოში. რაც შეეხება, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მათთვის მოქმედებს  ადგილობრივი და სახელმწიფო (სამედიცინო დაზღვევა, საარსებო შემწეობა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ინსტიტუციებიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისას - რეინტეგრაციის შემწეობა და ა.შ.) პროგრამა.
თუ თქვენი ოჯახი რეესტრში აღრიცხულია მშვილებლად, მაშინ რიგითობის პრინციპისა და შვილად ასაყვანი ბავშვის თქვენს მიერ მოთხოვნილი მონაცემების გათვალისწინებით უნდა დაელოდოთ გასაშვილებელი ბავშვის შემოთავაზებას. რაც შეეხება ლოდინის ვადას, ეს დამოკიდებულია გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე ბავშვთა რაოდენობაზე, რომელიც „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მისაღები კანონქვემდებარე აქტებით, რომლებიც ძალაში შედის 2010 წლის 1 მარტიდან, გათვალისწინებული პროცედურების ოპტიმიზაციის საფუძველზე უნდა გაიზარდოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1522
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია