დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ცვლილებები წყალმომარაგების კომპანიაში
2010/03/01 13:52:35

საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაში ცვლილებებია. თუ ადრე მას წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტო ერქვა, ახლა ის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წარმოადგენს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი კვაშილავამ განგვიმარტა, სახელის გადარქმევის მიზეზი ის არის, რომ ორი ორგანიზაცია -  „დასავლეთის წყალი“ და „აღმოსავლეთის წყალი“ - გაერთიანდა და ჩამოყალიბდა, როგორც ერთი იურიდიული პირი. მისი თქმით, გაერთიანების მიზეზი ის არის, რომ კომპანია, როგორც ერთი იურიდიული პირი, უფრო ეფექტურად შეძლებს სისტემის მართვას და რეგიონში წყალმომარაგების საკითხების გაუმჯობესებას. სისტემის უფრო ეფექტურად მართვის მიზნით, ასევე შეიქმნა ექვსი რეგიონული ფილიალი, რომლებიც კოორდინირებას გაუწევენ რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს.

საინტერესოა, ცვლილებები მხოლოდ სახელწოდებაშია, თუ ამ ეტაპზე ფუნქციონალურადაც შეიცვალა რამე?

ამაზე ირაკლი კვაშილავა გვპასუხობს: „ძირითადი ფუნქციები არ შეცვლილა. ჩვენი სამსახურის ფუნქცია ადრე რაც იყო, ახლაც ის არის: წყალი ყველა რაიონს და ყველა სოფელს! ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ წყლის გარეშე არ დარჩეს მოსახლეობის არცერთი ნაწილი. სამწუხაროდ, ერთიანად ვერ მოხდება ყველა სოფელსა და რაიონში წყლით მომარაგების პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ ჩადებულია საკმაოდ დიდი ინვესტიციები, რომლებიც კონკრეტულად წყლით მომარაგების საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარება და იმედს ვიტოვებთ, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად სრულიად საქართველოს წყალი ექნება.“

ქუთაისში უკვე  დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხალხს სურვილი აქვს, წყალთან  ერთად  მრიცხველებით უზრუნველყოფილნიც იყვნენ. მათი თქმით, ეს მათ ბიუჯეტს, ცოტაოდენ ეკონომიას მაინც გაუკეთებს.

ნინო ბაქრაძე, ქუთაისის მკვიდრი: „კარგია, თუ გრაფიკით აღარ იქნება წყალი, რადგან ზუსტად ჩემს სამუშაო საათებს ემთხვევა და, ფაქტობრივად, გამოდის, რომ კვირაში ერთხელ ვახერხებ წყლის აღებას. ხოლო, რაც შეეხება მრიცხველებს, ეს აუცილებელიცაა და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ.“

ქალბატონ ნინოს სხვებიც ეთანხმებიან. მათი დიდი სურვილია, წყალი ყოველდღე,  ყოველგვარი გრაფიკის გარეშე მოდიოდეს. მიესალმებიან მრიცხველების დადგმასაც.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ხელმძღვანელის ირაკლი კვაშილავას განცხადებით, გამრიცხველიანება ქუთაისის ტერიტორიაზე ჯერ არ დაწყებულა და, შესაბამისად, მრიცხველები ჯერ არც ერთ უბანში არ დადგმულა. ხოლო, მოსახლეობის ცნობისმოყვარეობას: მრიცხველების დადგმა გათვალისწინებული არის თუ არა მთელი ქუთაისის მასშტაბით - ასე პასუხობს:

„რა თქმა უნდა, მრიცხველების დადგმა ყველგან არის გათვალისწინებული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს უკვე მეორე ეტაპია. პირველ რიგში, ჩვენთვის უმთავრესი მიზანია, მოსახლეობის ასპროცენტიანი წყლით მომარაგების საკითხი დაჩქარდეს, რომ ყველა ოჯახს და ყველა ადამიანს ჰქონდეს წყალი და არ იტანჯებოდნენ სხვადასხვა ადგილიდან წყლის გადმოზიდვით. მთავარია, ეს პრობლემა მოგვარდეს ჯერ.“

მოსახლეობა იმედოვნებს, რომ  სარეაბილიტაციო პროცესი არ გაიწელება და ყველაფერი დროულად დამთავრდება. ხალხი მიესალმება ყოველივე კარგს, რაც მათ ახლანდელ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ნორმალურად ცხოვრების პირობებს შეუქმნის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია