დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ პოულობს ნინო ჭოლაძე საკუთარ თავში „ჯულიეტასა“ და „ანტიგონეს“
2010/02/15 12:56:51

- სხვადასხვა როლის შემდეგ ხომ არ გეკარგებათ საკუთრივ ნინო?

- ნინო მეკარგება? არ ვიცი, ვერ გამოვალ ნინოსგან და მარტო ჯულიეტა ვერ ვიქნები, ვერც ანტიგონე. არ მინდა, გრიმით შევინიღბო მხოლოდ, არა, ესეც საჭიროა, მაგრამ ყველა როლი ჩემეულია, ჯერ ჩემში უნდა გავატარო, ჩემში ვიპოვო და ისე წარვსდგე მაყურებლის წინაშე. შეიძლება, მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ, რომ, მაგალითად, არ იყოს სერგო და სცენაზე მხოლოდ ჰამლეტი იყოს. მე ვერ ვკარგავ ჩემს თავს, ნინოსგან თუ არ წამოვიდა, მარტო ჯულიეტა, ან ანტიგონე ვერაფერს გააკეთებს. ყველა ადამიანის თვისება არის ჩვენში, უბრალოდ, შენ უნდა მოძებნო.

ნინო ჭოლაძე მესხიშვილის თეატრის მსახიობია. ამბობს, რომ 2009 წელი მის ცხოვრებაში ფეიერვერკებით სავსე იყო, ფეიერვერკები კი ის როლებია, რომელიც მან მიიღო. „სულ ვამბობ, ნუ დამსვამ შინ, მამუშავეთ!“

ძალიან ადრეულ ასაკში მიხვდა, ცხოვრებაში რა უნდოდა. ქუთაისში დაიბადა, აქვე გაიზარდა და პირველი სკოლა დაამთავრა, სკოლის პარალელურად კოკა კალანდაძის ბავშვთა ვოკალურ ანსამბლში მღეროდა. შემდეგ საბავშვო მუსიკალურ თეატრში მივიდა, მარინე ტყაბლაძესთან.

„იქიდან ჩამომიყალიბდა აზრი, რა მინდოდა, რა მსიამოვნებდა, რა მომწონდა. ამაში მთელი ოჯახი იყო ჩართული, მთელი ოჯახი მიწყობდა ხელს. არანაირი დაბრკოლება არ მქონია, მამაც ისეთი, ქუთაისელი კაცი იყო, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიგრძვნია მისგან, როგორ შეიძლება, რომ მისი ქალიშვილი მსახიობი ყოფილიყო.“

შემდეგ, ნუგზარ ლორთქიფანიძის დამსახურებით მესხიშვილის თეატრში მოხვდა, მისი დებიუტი გოგა თავაძის სპექტაკლში, „გარეუბნის მარტო სახლი“ შედგა. ცოტა ხანში კი ნუგზარ ლორთქიფანიძემ მთავარი როლი მისცა „წვიმის გამყიდველში“.

„მას შემდეგ ძალიან ბევრ სპექტაკლში ვითამაშე, მაგრამ ისეთი განცდა აღარასოდეს მქონია. არაჩვეულებრივი განცდა იყო. თან მთელი რვა თვის განმავლობაში უამრავი რამ ვისწავლე. ბატონი ნუგზარი არაჩვეულებრივი მასწავლებელია, თავისი ქცევით და დიალოგით იმდენად რბილად და მსუბუქად მაწვდიდა ყვლაფერს, რომ ძალიან მიადვილებდა, თორემ, ერთი ფიქრი, ისიც კი ვიფიქრე, აღარ მინდა, არ მყოფნის რაღაც-მეთქი.“

პირველ სპექტაკლს ნინო თამაშობდა იმით, რაც თვითონ ჰქონდა, ბუნებრივად, ამიტომაც შინაც მიჰყვებოდა „წვიმის გამყიდველის“ მთავარი გმირის ხასიათი. „სახლშიც აგრესიული გავხდი, ეს არაპროფესიონალიზმის ბრალი იყო“.

ეუბნებოდნენ, რომ მსახიობისთვის დიპლომი არაფერს ნიშნავს, რომ არ იყო სამსახიობო განათლების მიღება საჭირო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, რომ ეს განათლება მიეღო.

„თეატრალური ინსტიტუტი სხვა სკოლააა, თან არაჩვეულებრივ ნუკრი ქანთარიას ჯგუფში მოვხვდი, არაჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად. მათთან ერთად ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.“

შემდეგ იყო შემოქმედებითი პაუზა. ჩვეულებრივი ისტორიაა, როგორც ხდება ხოლმე, არჩევანის წინაშე რომ დგები: ბავშვები, ოჯახი თუ სცენა?

„იყო ასეთი მომენტი, როცა მთლიანად გადავერთე ოჯახზე. სიმართლე გითხრათ, საერთოდ  აღარ ვფიქრობდი, ხდება ხოლმე, ავტომატურად თიშავ, რომ არ იფიქრო, იმიტომ რომ აზრი არა აქვს ფიქრს. როცა პატარა გყავს, გეშინია, მას არ მოაკლდეს რამე, საუკეთესო წლები დედის გარეშე არ გაატაროს. დღეს ჩემი უფროსი ქალიშვილი აღიარებს, რომ არ უყვარს თეატრი, იმიტომ რომ დედა წაართვა. ჩემი ისტორია ამ კუთხით არ არის განსაკუთრებული... ოჯახური პირობების გამო წავედი მოსკოვში და გავაჩინე მეორე შვილი, ის ახლა ორი წლისაა.“

სცენის გარეშე, შინ, როგორც თავად ამბობს, „საშინელი ადამიანი“ იყო: „სხვას კი არა, ჩემი ატანა მე თვითონ აღარ შემეძლო. როცა ეს საქმე გიყვარს, ვერ დაჯდები სახლში.“

ცვლილებები მესხიშვილის თეატრში და მის შემოქმედებით ცხოვრებაში ერთდროულად დაიწყო. უფრო სწორად, ცვლილებები კი არა, ახალი ეპოქა:

„თეატრში მმართველად გიორგი სიხარულიძე მოვიდა. მან შემომთავაზა დაბრუნება და მეც დიდი სიამოვნებით დავბრუნდი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მასთან ერთად მუშაობა, რადგან ის საოცრად გემოვნებიანი ადამიანია და თავისი საქმის პროფესიონალი.“

ოჯახიდან მხარდაჭერა საკუთარი ძალებით მოიპოვა.

მეუღლიდან მხარდაჭერა უკვე მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ხელოვნების სფეროში მუშაობს, იყო წინააღმდეგობები, მაგრამ უკვე თვითონაც მეუბნება: „შენი შინ დაჯდომა არ შეიძლება... „საერთოდ, დრო სჭირდება ყველაფერს, საქმით უნდა დაამტკიცო, შენ რა შეგიძლია და არა - უაზრო ჩხუბით ან წუწუნით. იმიტომ წავედი მოსკოვში, რომ ჩემ თავთან მართალი ვყოფილიყავი...“

მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედაა, ქალბატონი მადონა კახიანი. „დედაჩემი რომ არ მყავდეს, ვერაფერს გავაკეთებდი. ეს არის ქალი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, იმიტომ კი არა, რომ დედაჩემია. ის საუკეთესო შემფასებელია, ძალიან კრიტიკული და ყველაზე უკეთესად იცის, რა შემიძლია. სცენაზე რომ დავბრუნდი, მისი დიდი დამსახურებაა.“

2009 წელი მის შემოქმედებით კარიერაში, ჯერჯერობით, ყველაზე წარმატებულია, ჯერ იყო კიტის როლი     „ანა კარენინაში“, მერე ჯულიეტა - „რომეო და ჯულიეტაში“, ანტიგონე, სულ ბოლო ნამუშევარი კი „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალში“ ცხვრის როლი იყო.

„ძალიან გამიხარდა, რომ ამ ჟანრშიც - კომედიაშიც ვიპოვე საკუთარი თავი, დღეს ძალიან მიყვარს ეს ცხვარი. ძალიან ძნელია, მაყურებელი გააცინო. ჯამბაზი არ უნდა იყო სცენაზე, ბუნებრივი ემოცია უნდა მოძებნო შენში და  მაყურებელს მიაწოდო.

....ყველა როლი მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ახლობელი მაინც ანტიგონეა. ასე მგონია, დღეს ხდება ეს მოქმედება. ბევრი ფიქრი სჭირდება თითოეულ როლს და რეჟისორთან ერთად ასხამ ხორცს, ბევრი პატარ-პატარა ნიუანსია, რომელსაც ერთმანეთს უკავშირებ. მე ჩემი გმირების თმის ფერსა და თვალის ფერს ვადგენ, დაბადების წელს, იმ ოთახს, სადაც ცხოვრობს, მეგობრებს... მერე ვაახლოებ ჩემთან და ასე...“

უსიტყვო ჯულიეტა ნინომ 28 წლის ასაკში ითამაშა. როცა, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ეს როლი შესთავაზა, იმ წამსვე თავისი ასაკი გაახსენდა. ასაკი რა შუაშიაო, უთხრა რეჟისორმა. და თავის თავში იპოვა ჯულიეტა.

„რომელ ქალში არ არის ჯულიეტა? შენს თავში უნდა მოძებნო ჯულიეტა. ჩემი ჯულიეტას მოძებნაში რომეო-კახა შარტავა დამეხმარა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის.“

„გამიმართლა“ - ამ სიტყვას ძალიან ხშირად ამბობს, რადგან გაუმართლა რეჟისორებში, პარტნიორებში, სცენის მუშებშიც კი...

გაუმართლა იმაშიც, რომ ლამაზია...

„არ დავიწყებ და არ ვიტყვი, რომ ჩემი გარეგნობა არაფერ შუაშია. მაგრამ მარტო ვიზუალური მხარე ვერ დაგეხმარება. მთავარია, რას და როგორ აკეთებ.“

მთავარი მაინც მაყურებელია, მარტო სპექტაკლის ბოლოს დაკრული ტაში არა, მთავარი ის დამოკიდებულებაა, რომლითაც გიყურებს მაყურებელი. მე ამას ვერ ვხედავ, მე მას ვგრძნობ და ძალიან მეხმარება.“

ჯერ ყველაფერი წინაა, თუმცა, მაინც იყო ბევრი დაბრკოლება, ბევრი ბრძოლა...

„მერე რა, მთავარია, ის საქმე აკეთო, რაც გიყვარს და კიდევ, ისეთი თეატრი სადაც მე ვმუშაობ, არსად არსებობს...“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია