დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ზღაპარი დროებით დასრულდა
2010/02/15 12:55:09

ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 7 თებერვალს სკოლების თეატრალური ფესტივალის საზეიმო დახურვა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება მოეწყო. ფესტივალში 34 სკოლის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც ორი თვის მანძილზე თეატრის ჯადოსნურ სამყაროს ეზიარებოდნენ. სულ 32 სპექტაკლი დაიდგა, რომლებსაც დღეში 500-მდე ბავშვი ესწრებოდა.

ფესტივალი მერიის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურთან ერთად, ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა და მის მთავარ მიზანს ახალგაზრდებისგან გემოვნებიანი მაყურებლის აღზრდა წარმოადგენდა. ფესტივალის ორგანიზატორი და კოორდინატორები მარინე და თორნიკე მარჯანიშვილები იყვნენ.

„ფესტივალი გვზრდის, გვამაღლებს, ხვეწავს გემოვნებას, უფრო საინტერესოს და განათლებულს გვხდის“, - დაწყებისთანავე აღნიშნა ჟიურის თავმჯდომარემ, თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის კინოსა და თეატრის პროფესორმა კოტე აბაშიძემ, რომელმაც პროფესიული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ფესტივალი შედგა.

პროფესიული ვერდიქტი მთელი საღამოს განმავლობაში გამოჰქონდათ. გრან-პრის, I, II და III ადგილების გარდა, რომლებიც 5000, 2000, 3000 და 1500 ლარით განისაზღვრებოდა, სხვა ნომინაციებიც შედიოდა: გოგონას და ვაჟის საუკეთესო როლის შემსრულებელი, საუკეთესო ეპიზოდური როლი, ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილე, საუკეთესო გულშემატკივარი და ა.შ.

საპრიზო ფონდმა სულ 27.000 შეადგინა. ფესტივალს გენერალური სპონსორობა „ავერსი ფარმას“ ხელმძღვანელმა პაატა კურტანიძემ გაუწია; ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თითო-თითო ნომინაცია დააფინანსეს, საკრებულომ და პირადად დეპუტატმა მარინე ცირეკიძემ - ნომინაციები და I-II ადგილები; ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ რამდენიმე ნომინაცია თავად დააფინანსა და სამომავლოდ, პროექტის მასშტაბების გაზრდაც შესთავაზა პროექტის ავტორს. საინტერესო პრიზები ჰქონდათ სხვადასხვა დაწესებულებებს.

ლადო მესხიშვილის სახელობის სცენა იმ დღეს მხოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეებს არ დაუკავებიათ. პროექტის ფარგლებში სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ წარმოადგინეს ეწერის „დღის ცენტრის“ სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა, „ვორლდ ვიჟენის“ სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა კი სპექტაკლი „ბურატინო“ ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ გრან-პრი, ჟიურის გადაწყვეტილებით, არ გაიცა.

„ფესტივალში სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლები იყო წარმოდგენილი. პროფესიული თვალსაზრისით სხვადასხვა კრიტერიუმით იზომება, ამიტომ ვერ და არ დავაჭიდეთ ერთმანეთს სხავადასხვა ჟანრის სპექტაკლები“, - აღნიშნა ჟიურიმ. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მიერ გამოყოფილი 5000 ლარიანი გრან-პრი მომავალ წელს 10000 ლარამდე გაიზრდება.

ჟიურის წარდგენის შემდეგ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: მსახიობი კახაბერ შარტავა, მხატვარი თეო კუხიანიძე, კომპოზიტორი რომან რცხილაძე და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ქობალიანი - ფესტივალის კადრებსაც გადაავლეს თვალი. ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების შუალედში სცენაზე ერთმანეთს მომღერლები ანი კეკუა, ვერიკო ტურაშვილი, „სპილოს“ ბენდი და სხვა შემსრულებლები ცვლიდნენ.

სკოლის დირექტორებმა თუ მოსწავლეებმა მრავლად წარმოთქვეს „მადლობა“, „დედას ვფიცავარ, არ ველოდი“...  მადლობა და ბოდიში თავის მხრივ, არც ჟიურის წევრებს დაუშურებიათ.

„დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ყველა მონაწილეს, ყველა სკოლის დირექტორს, ყველა თანამშრომელს. ბოდიში იმისათვის, რომ წიგნებთან ერთად სცენარი მოგეცით ხელში და როლები გაზუთხვინეთ, ბოდიში იმისათვის, რომ სცენაზე ამოგიყვანეთ და მისი მტვერი გაყლაპეთ, ბოდიში, რომ სცენაზე დაგაყენეთ და ხალხს ტაში ვაკვრევინეთ თქვენთვის, ბოდიში, რომ შევეცადეთ, თქვენთვის თეატრალური გემოვნება ჩამოგვეყალიბებინა, ბოდიში, რომ გვინდოდა უფრო კარგი მოქალაქეები, თეატრალები, სამშობლოს მოყვარულები დამდგარიყავით, - ბოდიში ყოველივე ამისათვის!“ - სცენიდან „ებოდიშებოდა“ ფესტივალის მონაწილეებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ქობალიანი.

იყო შენიშვნებიც - მოსწავლეების მეტყველების კულტურასთან დაკავშირებით. ჟიურიმ პირობა ჩამოართვა სკოლის დირექტორებს, რომ მეტყველების კულტურის გაკვეთილებს ჩაატარებენ სკოლაში. დახმარება და გვერდში დგომა თავადაც აღუთქვეს მათ.

დასასრულს, ყველამ აღიარა, რომ ფესტივალი მართლაც შედგა. ვარაუდობენ, რომ გაზაფხულისთვის ის მთელს რეგიონს მოიცავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია