დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„არაჩვეულებრივი გამოფენა“ - ქვით, ქაღალდით, მაკრატლით...
2010/02/08 13:47:37

თბილისის სამხატვრო აკადემიაში 4 თებერვალს გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით ქვა, ქაღალდი, მაკრატელი.  ჰენრი მური, ედუარდო  პაოლოცი, ანიშ კაპური, დეიმიენ ჰერსტი... - ეს სახელები მსოფლიოს სახელოვნებო წრეებში ყველამ კარგად იცის. ისინი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ხელოვანებად ითვლებია. მათი ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილ  და პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში იფინება. ბრიტანეთის საბჭომ და თბილისის სამხატვრო აკადემიამ კი ცნობილი ბრიტანელი ხელოვანების შემოქმედების ნახვის საშუალება ქართველ დამთვალიერებელსაც მისცა.

 

სამხატვრო აკადემიის დარბაზის განახლებული ინტერიერითა და მასში გამოფენილი ნამუშევრებით თუ ვიმსჯელებთ, გამოფენაზე მისულს, შესაძლოა, თავი ევროპის რომელიმე წამყვან გალერეაში გეგონოს. ექსპოზიციაზე, ბრიტანეთის საბჭომ თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებულთათვის, თავისი მრავალფეროვანი კოლექციიდან, არაერთი ცნობილი მხატვრის გრავიურები წარმოადგინა.

ბრიტანეთის საბჭო, უკვე 60 წელზე მეტია აგროვებს, ბრიტანული ხელოვნების, ხალხური შემოქმედებისა და დიზაინის ნიმუშებს. დღეს ეს კოლექცია XX-XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ კოლექციად ითვლება. ის, პერმანენტულად, მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ გალერეებში იფინება. მუზეუმი კედლების გარეშე - ამ კოლექციას ხანდახან ასეც მოიხსენიებენ, რადგანაც მას არ გააჩნია მუდმივი სამუზეუმო შენობა. 2001 წელს ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პრიზი მიენიჭა, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

თბილისის სამხატვრო აკადემიაში ექსპოზიციაზე გამოფენილი ნამუშევრები ცხადყოფს, რომ გრავიურა კვლავ რჩება მოქანდაკეთა იდეების განვითარებისა და მათი პორტფოლიოების გამდიდრების ერთ-ერთ პოპულარულ საშუალებად.

ჰენრი მური, მხატვარი და სკულპტორი, რომელიც ბრიტანეთში მოდერნიზმის სპეციფიკური ფორიმის დამაარსებლად ითვლება, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში ორი ნამუშევრით იყო წარმოდგენილი. ეს ლითოგრაფიები, ბრიტანეთის საბჭომ პირველად გამოფინა. ისინი მოქანდაკემ, 1984 წელს, საბჭოს 50 წლისთავთან დაკავშირებით უსახსოვრა.

ქართველი დამთვალიერებლის განსაკუთრებული მოწონება, თანამედროვე მხატვარმა, ანიშ კაპურიმ დაიმსახურა. მისი ნამუშევრები ყოველთვის მარტივი ფორმებითა და მკვეთრი ფერებით ხასიათდება. ინდოეთში დაბადებული ბრიტანელი მხატვარი თავის შემოქმედებას ახასიათებს, როგორც დასავლური და აღმოსავლური ხელოვნების შერწყმას.

გამოფენაზე ყველაზე ადრეული ნამუშევრები ედუარდო პაოლოცის ეკუთვნის. ის ბრიტანული პოპ-არტის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია და ითვლება, რომ პირველად სიტყვა pop-სწორედ მან გამოიყენა, თავის ერთ-ერთ კოლაჟში, სახელად „მე ვარ მდიდარი კაცის სათამაშო“.

დეიმიენ ჰერსტი, გამოფენაზე ახალი,ბევრისთვის უცნობი კუთხით იყო წარმოდგენილი. აქ ვერც მის „დაკონსერვებულ ცხოველებს“ ნახავდით და ვერც მისთვის დამახასიათებელ, სიკვდილის თემატიკის შემცველ ნახატებს. სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, ჰერსტის ქაღალდზე მელნით შესრულებული წრიული გამოსახულებები გამოიფინა.

გარდა ზემოხსენებული მხატვრებისა,  დამთვალიერებელს გამოფენაზე სხვა უამრავი, ნაკლებად ცნობილი მხატვრის შემოქმედების დათვალიერების საშუალება მიეცა.

მოგეხსენებათ, ეს ნამუშევრები, მსოფლიოს ძალიან პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში იფინება და ჩვენთვის დიდი პატივია, ამგვარი გამოფენის მასპინძლობა,“ - გია ბუღაძე მხატვარი, სამხატვრო აკადემიის რექტორი.

„ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ დღეს სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, სხვა ბევრ ძალიან საინტერესო ხელოვანთან ერთად, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მხატვრის, ანიშ კაპურის შემოქმედებაცაა წარმოდგენილი. რა საკვირველია, ეს გამოფენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში,“ - დავით ალექსიძე, მხატვარი, სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი.

სწორედ ამ გამოფენით გაიხსნა სამხატვრო აკადემიის განახლებული გალერეა. იმის ფონზე, რომ საქართველოში თავისუფალი საგამოფენო სივრცე, ფაქტობრივად, არ არსებობს, სამხატვრო აკადემიაში ამგვარი გალერეის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც აკადემიის ადმინისტრაცია აცხადებს, ეს იქნება არაკომერციული, თავისუფალი საგამოფენო სივრცე, რომელიც, უპირველესად, თანამედროვე ქართველ მხატვრებს, დამწყებსა თუ სტაჟიანებს, თვითრეპრეზენტაციის საშუალებას მისცემს. თავისუფლად შეღწევადი, კეთილმოწყობილი საგამოფენო სივრცე ხომ ისაა, რაც ასე ძალიან აკლია თბილისს.

„გინდა ჰენრი მურის, დეიმიენ ჰერსტისა, თუ ანიშ კაპურის ნამუშევრების ნახვა?“ - ამ კითხვით იწყება, ბრიტანეთის საბჭოს მიერ გავრცელებული პრესრელიზი. თუ პასუხი დადებითია, მაშინ გირჩევთ, იჩქაროთ - „არაჩვეულებრივი გამოფენა“ მხოლოდ 12 თებერვლამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ის აზერბაიჯანისა და უკრაინის საგამოფენო სივრცეებში გადაინაცვლებს

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია