მძღოლი - გიდის ფუნქციით, მგზავრები - თითქმის ყოველთვის მრევლი, მუსიკა - ქართული, ზოგჯერ - საგალობლებიც და გზა... გზა, რომელიც ყოველთვის ტაძართან მიდის.
ტაძართან კარლო ნემსიწვერიძის შეხვედრა პირველად წლების წინ შედგა. მაშინ, ავტობუსზე მუშაობდა და თან რუსეთში დაუსწრებელზე სწავლობდა. სწავლის დამთავრებისთანავე კი, ისე მოხდა, რომ ეკლესიების, ციხე-სიმაგრეებისა და ისტორიული ძეგლების რესტავრაციაზე დაიწ-ყო მუშაობა. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით სულ ათნი იყვნენ.
„ძალიან საინტერესო სამუშაო იყო იმით, რომ, რაღაცნაირად, გიზიდავდა ეკლესია. მაშინ კომკავშირელი ვიყავი, მაგრამ იმ დროსაც მქონდა ჯვარი, თვითონ ვაკეთებდი. ისედაც მაინტერესებდა ასეთი რაღაცები და იქ რომ ვმუშაობდი, კიდევ უფრო დავინტერესდი. მიხაროდა, რომ კარგ საქმეში ვმონაწილეობდი. ვანში, მაგალითად, შუამთის ეკლესია მაქვს გაკეთებული, მწვანეყვავილაზე - დავით აღმაშენებლის კოშკის სახურავი. თავიდან, გელათში გალავნის გასაწმენდად სტუდენტები მყავდა მომაგრებული, მერე მიწისძვრა მოხდა და ონში გამიშვეს, ებრაელების სინაგოგა იყო დაზიანებული და შიობანის კოშკიც გავაკეთეთ. ბევრ ადგილას გვიმუშავია...“
საკუთარი სამარშრუტო ტაქსით მოსალოცად სიარული 6 წლის წინ დაიწყო. პირველად საფარაში იყო... მას შემდეგ, ყოველი მგზავრობის დასასრულს, მოლოცილ ადგილს ფურცელზე აღნიშნავს, რომელიც უკვე 120-ზე მეტ ექსკურსიას ითვლის. აქედან ყველაზე ხშირად ბოდბესა და მცხეთაშია ნამყოფი. ამბობს, რომ ხალხს აღმოსავლეთ საქართველოს ნახვა აინტერესებს.
„უფრო აღმოსავლეთისკენ დავდივარ, დასავლეთში რომ არიან, ჰგონიათ, თითქოს აქ ყველაფერი იციან - ასეთი წარმოდგენა აქვთ“.
მგზავრიც ბევრნაირი უნახავს - უცხოელები, ექიმები, ბავშვები, მრევლი... თუმცა, მეტწილად, მაინც მრევლი დაჰყავს.
„ძირითადად, პეტრე-პავლეს მრევლი დამყავს, სულ ერთად დავდივართ. დანარჩენებიც მრევლია, რადგან, ვინც ეკლესიაში დადის, ისინი არიან ხშირად ჩემი მგზავრები. მარტო მოსალოცად წავიდნენ და გაერთონ, ისე არ ხდება“
უკვე თითქმის მთელი საქართველო აქვს მოვლილი. რა არ უნახავს: ალავერდი, იყალთო, თელავი, ყვარელი, გრემი, ბოდბე, დავით გარეჯი, ზედაზენი, წილკანი, შიომღვიმე, სამთავრო, ყაზბეგი, სტეფანწმინდა, სვეტიცხოველი, ასურელი მამების ნამოღვაწარი...
მანქანაში რუკაც აქვს, სადაც გზის ყოველი მონაკვეთი, პატარა გადასახვევიც კი, კილომეტრებში ზუსტად აქვს აღნიშნული. თვითონ აღარ სჭირდება, რადგან ეს ადგილები უკვე ზეპირად იცის, თუმცა, ახლა იმ მძღოლებს ანახებს, ვინც ამ ადგილებში პირველად მიდის - უნდა, გზის გაგნება მათაც გაუმარტივოს.
როგორც თავად ამბობს, მგზავრებისგან მისი „გიდად“ შერაცხვა გადამეტებულია, უბრალოდ, თავის საქმეს კარგად აკეთებს, რაც ძირითადად გზის ცოდნაა.
„ძირითად ჯგუფს, რომელთან ერთადაც დავდივარ სულ, არც სჭირდებათ გიდობა, ყველგან ვიყავით უკვე ერთად. როცა უცხო მგზავრი მყავს, რომელიც პირველადაა, ვუხსნი. ვთქვათ, ერთი ისტორიული ძეგლის სანახავად მივდივართ და გზაზე რაიმე სხვა შეგვხვდა, ვეუბნები: აი, აქ ეს არის და, თუ სურვილი გაქვთ შედით.
საფარა, მაგალითად, ერთი წერტილიდან მოსჩანს მარტო, თან, რომ მივდივარ, იმ გზიდან 15 მეტრითაა დაშორებული. ვაჩვენებ მგზავრებს თვითონ თუ არ იციან. შენ კი იხედები, მაგრამ ყველა მგზავრი ხომ არ იხედება აქეთ-იქით? პეტრე-პავლეს მრევლი ადრე ვიღაცას წაუყვანია ბოდბეში, ესენი კი იყვნენ ნამყოფი რამდენჯერმე, მძღოლს შეშლია ერთი გადასახვევი (ისეთი ადგილია, თუ არ იცი, შეიძლება შეგეშალოს). გადაუხვიეს თურმე, მერე კიდევ გადაუხვ-გადმოუხვიეს, იარეს, მაგრამ ვერ მიაგნეს. მძღოლს უკითხავს: კი, მაგრამ, თქვენ ნამყოფი თუ ხართ, გზა არ იცითო? ჩვენ რა ვიცით, წინ კი არ ვიხედებით, სად მიდის მანქანაო“.
იცის, რომ მთავარი ხალხთან ურთიერთობაა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ თუ ერთხელ მასთან ერთად იმგზავრეს, მეორედაც აუცილებლად მას უკავშირდებიან. მათთან ურთიერთობას ექსკურსიის მერეც აგრძელებს. ვინც ხშირად დაჰყავს, იმათთან მეგობრობს, ერთმა შვილიშვილიც კი მოუნათლა.
მოსალოცად, ძირითადად, დღესასწაულებზე დადიან, ამა თუ იმ წმინდანის სახელობის ტაძრებში: ალავერდობას - ალავერდში, მცხეთობას - მცხეთაში, გარეჯობას - გარეჯში და ა.შ.
„19 დეკემბერს ნიკორწმინდაში ვიყავი პეტრე-პავლეს მრევლთან ერთად, სხვათაშორის, თოვლი დაგვხვდა. ზოგჯერ ყინწვისშიც მივდივართ, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრები ორივეგანაა. ამინდის მიხედვით, საითაც მოხერხდება, იქით წავალთ. დილით ადრე მივდივართ, წირვას დავესწრებით და წამოვალთ. ჩვენი მრევლი ამბობს, რომ ამ დღეს ის წმინდანები ეცხადება ადგილს, რომლის სახელობის დღეცაა და ამ დღეს იქ უნდა იყო“.
ისტორიულ ძეგლებთან და სიწმინდეებთან ერთად, ბევრი სასწაულის მომსწრეც გამხდარა... ყოფილა შემთხვევა, როცა დარწმუნებულები ყოფილან, რომ ვეღარ ავიდოდნენ და მაინც ასულან.
რაიმე სასწაულის მომსწრე თავად თუ ყოფილა?
„ყველაფერი სასწაული არაა, რაც ხდება? სველდებიან კიდეც გზაში, ზოგი წყალშიც ვარდება, მაგრამ არავინ ცივდება. ყოფილა შემთხვევა, რომ ისეთ გაუვალ ადგილას, სადაც სხვა მანქანები ვერ ადიოდნენ, ჩვენ ავსულვართ. გერგეთზე ავდიოდით, მაგალითად, ერთხელ, გერგეთობა იყო და 200-მდე მანქანამ მოიყარა თავი, ვერ ადიოდნენ, ხალხმა ფეხით გააგრძელა გზა. ჩვენმა მრევლმა დაიწყო ლოცვა, მთელი მარშრუტი ლოცულობდა და... ასე, ლოცვამ აგვიყვანა.“
მოსალოცად ოჯახთან ერთადაც დადის, ბოლოს საფარაში და ვარძიაში იყვნენ, თან მამაო და პატარა შვილიშვილებიც ახლდათ.
„მორწმუნე ვარ, ჩვენთან, წმინდა ნინოს ეკლესიაში დავდივარ, პატარა შვილიშვილიც დაგვყავს, ჩემი შვილი გალობს... სადაც დავდივართ ექსკურსიაზე, იქაც ყოველთვის შევდივარ. ისე, ზედმიწევნით ვერ ვიცავ ყველაფერს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ. მამაოც დაგვყვება ხშირად მრევლთან ერთად, გვიქადაგებს, საინტერესო რაღაცეებს გვეუბნება ყოველთვის ცდილობს რაღაც გვასწავლოს...“
კურიოზებიც ხშირად ჰქონია. ტყაჩირში, მაგალითად, კვირიკეს სახელობის ეკლესიაში ორი ქალი დარჩათ, რაც მხოლოდ გეგუთში შეამჩნიეს, მაგრამ მალევე მიბრუნდნენ და წამოიყვანეს.
„ისეთი შემთხვევაც იყო, ქალმა გაჩერება რომ მთხოვა, ხუმარა ქალია, ხშირად მგზავრობს ჩემი მარშრუტით. ისეთ ადგილას მითხრა, არც დასახლება იყო და არაფერი, მინდორი იყო მარტო. მეძახის: გააჩერე! გააჩერე! აი, გამოჩნდება ახლა რესტორანი და გავაჩერებ-მეთქი! მივუახლოვდი რამდენიმე წუთში იმ ადგილს და: აწი, თუ გინდა, ნუ გააჩერებო!“
მისი ერთ-ერთი გატაცება ფოტოგრაფიაა. ადრე ძველი ფოტოაპარატი ჰქონდა, ახლა - მობილურით იღებს, რომელშიც ყველა იმ ადგილის ამსახველი ფოტო აქვს, სადაც ნამყოფია. იღებს ისტორიულ ძეგლებს, წმინდა ადგილებს, გამოქვაბულებს, ჩამწკრივებულ თუ ხალხით სავსე მანქანებს და ხალხს... ხალხს მანქანაში, სატვირთო მანქანის სახურავზე, საბარგულში, წყალში...
„სკოლა რომ დავამთავრე, იმ პერიოდიდან ვიღებ შავ-თეთრ ფოტოებს. ღამე ჩავიკეტებოდი ოთახში და ვბეჭდავდი. ძალიან ბევრი შავ-თეთრი სურათი მქონდა, ძირითადად, ადამიანებს ვუღებდი, ოჯახის წევრებს...“
ყველაზე მეტად გული იმაზე სწყდება, რომ უშგულსა და შატილში არ არის ნამყოფი. რამდენჯერმე დააპირა კიდეც წასვლა, მაგრამ ხელი ისევ ამინდმა შეუშალა.
ახლა არც სამგზავრო ამინდებია და არც ისეთი საეკლესიო დღესასწაულები, - საახალწლოდაც ხალხს შინ ურჩევნია ყოფნა. თუმცა 27 დეკემბერს ნინოობაა და იმედს იტოვებს, რომ მრევლთან ერთად ბოდბეში წავა.ციხე-ტაძრები