ემოციური, თბილი და მუსიკალური - ეს „ჯეოსტარი-2009“-ში იმერეთის წარმომადგენელი შოთა ლეგაშვილია, რომელიც ერთ-ერთ ტურში ქალბატონმა მარინე ბერიძემ ასე დაახასიათა: „გადამდები ადამიანი“.
ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ის პროექტში ხალხის ფავორიტად და ერთ-ერთ ლიდერად რჩებოდა, თუმცა, ხუთეულში გასული, შეჯიბრს მაინც გამოეთიშა.
ჩვენს გაზეთს შოთა პირველად პროექტის დაწყებამდე ესტუმრა. მაშინაც საოცრად ღელავდა, რადგან იცოდა, რომ იმერეთის სახელით გამოსვლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. ამბობდა, რომ ფოლკლორულ ანსამბლში სიმღერის 16-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, ყველაზე მეტად ინგლისურენოვანი სიმღერების ტური აფიქრებდა, თუმცა, თვლიდა, რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებდა და იმერეთსაც, ღირსეულად წარმოაჩენდა.
მეორედ პროექტიდან გამოსვლის შემდეგ მოვიწვიეთ და ჯეოსტარის სცენიდან გამოყოლილ ემოციებთან ერთად, რეპეტიციებსა და კულისებშიც შევიხედეთ.
- ხალხის გაოცებას ყველაზე მეტად იწვევდა ის, რომ ერთ კვირაში საკმაოდ რთულ სიმღერებს ამზადებდით, როგორი იყო მზადების პროცესი?
- მზადების პერიოდი ძალიან სასიამოვნო იყო, ყველანი ერთად ვისხედით, ვუსმენდით ერთმანეთს. ქალბატონი მარინეც მოდიოდა და გვისმენდა, დარიგებებს და შენიშვნებს გვაძლევდა. კარგი იყო ის სიტუაცია, სადაც ვიყავით, სადაც გავიზარდე მუსიკალურად, თუმცა, ეს არ ხდებოდა ძალიან გადატვირთული მუშაობის შედეგად. შეიძლება ითქვას, ძალიან მცირე დროით შემოიფარგლებოდა. ვფიქრობ, მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, უფრო დიდი დრო რომ დათმობოდა კონკურსანტებთან მუშაობას.
- სიმღერების შერჩევა როგორ ხდებოდა?
- სიმღერებს გვირჩევდნენ პედაგოგები. ჩვენ მოგვდიოდა დისკები ტექსტებით, წავიღებდით, მოვუსმენდით და ვცდილობდით, მაქსიმალურად გაგვეთავისებინა. „ჯეოსტარში“ ყოფნის დროს სულ რამდენიმე სიმღერა შევასრულე. აქედან, იყო ისეთები, რომლებშიც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ზოგში - პირიქით.
- ყველაზე მეტად რომელი სიმღერის შესრულება გაგიჭირდა?
- საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სიმღერას შეგირჩევენ. ერთ-ერთ ტურში ესპანური სიმღერა მქონდა, „ჩიკიტიტა“. ძალიან საყვარელი სიმღერაა, მაგრამ ტექსტის დამახსოვრების პრობლემა მქონდა. ეს ნაბიჯები იყო ჩემთვის დამწყები და, აქედან გამომდინარე, ცოტა გამიჭირდა ესპანური სიმღერის მორგება. ტექსტი მეშლებოდა ხშირად, ხან რას ვიძახდი, ხან რას, თუმცა, საბოლოოდ, სცენაზე მაინც სწორად გამქონდა.
- ყველაზე კარგად რომელ ტურში გრძნობდი თავს?
- ქართულ ტურებში ძალიან მშვიდად და წყნარად ვიყავი და ეს მეტყობოდა კიდეც. თუმცა, იქაც სხვადასხვა ჟანრის სიმღერები იყო შერჩეული. იყო ისეთებიც, რომლებშიც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად. ეს არ იყო ის სიმღერები, რომელშიც დაინახავდა მსმენელი ჩემს თავს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, მომერგო. ვეცადე და გავაკეთე კიდეც ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა.
ყველაზე მშვიდად თავს ვგრძნობდი, პირველი სიმღერა რომ ვიმღერე - „სიყვარული მაინც მოვა“. თვითონ სიმღერა ურთულესი შესასრულებელია, მაგრამ რაღაცნაირად მოვირგე, მივიღე ჩემად. ვინც გვირჩევდა სიმღერებს, იმათგანაც ძალიან სწორად იყო შერჩეული. სწორედ ეს სიმღერა მოსწონთ ყველაზე მეტად ჩემს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც გვერდით მედგა. ასევე, ჩემი ნამღერებიდან გამოვყოფდი ხალხურ ტურს, რომელშიც „გარეკახური“ ვიმღერე გიორგი უშიკიშვილთან ერთად.
- კონკურსანტებს როგორი ურთიერთობა გქონდათ ერთმანეთთან?
- დიდი გვერდში დგომა იყო ამ პროექტში. კონკურსანტებს კარგი დამოკიდებულება გვაქვს, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ხშირად ვეხმიანებით კიდეც. მართალია, დროში ცოტა შეზღუდულები ვიყავით პროექტის გამო, უფრო მუშაობისკენ ვიყავით გადართული, მაგრამ მაინც ვპოულობდით დროს ერთმანეთისთვის. დუტა და ანანოც ძალიან გვამხნევებდნენ, ყველასთან თბილი ურთიერთობა აქვთ.
- კულისებში რა ხებოდა, სანამ თქვენს გამოსვლას ელოდით?
- TBS-ს ოთახში ყველანი იმდენად ვნერვიულობდით, ერთმანეთის სიმღერის მოსმენის თავიც არ გვქონდა, დაძაბულები ვიყავით ძალიან. ყველანი ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს, ვამხნევებდით, მაგრამ მთლიანად იმაზე ვიყავით გადართული, ჩვენი ჯერი რომ მოვიდოდა, როგორ ვიმღერებდით.
- რას ნიშნავდა შენთვის „ჯეოსტარის“ სცენაზე დგომა?
- ძალიან დიდ ბედნიერებას! ისეთ ბენდთან სიმღერა, რომელშიც ასეთი სპეციალისტები არიან, ძალიან დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა, როგორც ნებისმიერი დამწყების, ისე პროფესიონალისთვის.
გიორგი უშიკიშვილთან ერთად სიმღერაც დიდი ბედნიერებაა. ალბათ, ხალხურ სფეროში ვინც არის, ყველა ინატრებდა, გიორგისთან ერთად სიმღერას. თან, ეს იყო ურთულესი სიმღერა - „გარეკახური“ თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერს კარგად გავართვი თავი.
- ჟიურის შენიშვნებზე და აუტსაიდერებში დგომის დროს როგორი განცდა გქონდათ?
- სანერვიულო იყო, შინაგანი განცდაც... ჟიურის შეფასებები ძალიან სწორი იყო - შენიშვნებთან ერთად ბევრი დადებითიც ითქვა. ძირითადად, მშვიდი რეაქცია გვქონდა, თუმცა, შინაგანად მაინც მოქმედებდა.
- რა მისცა ამ პროექტმა შოთა ლეგაშვილს?
- მუსიკალურად გავიზარდე, ერთი საფეხურით მაღლა ავედი. პირველ რიგში, დიდი გამოცდილება მივიღე, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. იქ იყვნენ კონკურსანტები, რომლებსაც მანამდეც ჰქონდათ დიდი გამოცდილება, ჩემთვის კი ეს პირველი ნაბიჯები იყო.
- როგორ ფიქრობ, შენი შესაძლებლობის მაქსიმუმის გაკეთება შეძელი?
- ისე ვერ წარვსდექი მაყურებლის წინაშე, როგორც შემეძლო, ვერ ვაჩვენე მაქსიმალურად ჩემი თავი. მთელი საქართველო და იმერეთი რომ გიყურებს, ძალიან სანერვიულოა, მითუმეტეს - დამწყებისთვის. რთულია, პირველივე ნაბიჯები ჯეოსტარიდან დაიწყო. თუმცა, ეს არის პროექტი, სადაც უნდა გამოჩნდნენ ახალი სახეები, აღმოაჩინონ მათი ნიჭი და გააღვივონ, რომ ხალხმაც დაინახოს.
- „ჯეოსტარიდან“ გამოსვლის შემდეგ რას გააკეთებ?
- ისევ ანსამბლ „ახალუხლებში“ ვმღერი, თან სამებაში ვგალობ. სხვათაშორის, კონსერვატორიაში გამოცდებზე ძალიან დამეხმარნენ და ყველანაირად ხელი შემიწყვეს.
- „ჯეოსტარში“ შესვლის გადაწყვეტილება დედის გამოც მიიღე, ალბათ, ყველაზე დიდი გულშემატკივარი ის იყო...
- დედა ძალიან ნერვიულობდა, განიცდიდა, ამას მოჰყვებოდა ცრემლები, ემოცია, მონატრება... ძალიან მაკლდა, თუმცა იტალიიდანაც გვერდში მედგა ყველანაირად. პირველ რიგში დედას მინდა მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ მე ასეთი ვარ, როგორიც ვარ... და ასე წარმომიდგენია ის გზა, რომელიც უნდა გავიარო. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბოლომდე გვერდში დგომისთვის ჩემს ქალაქს, მეგობრებს, სანათესაოს, საახლობლოს, იმათ, ვისი დახმარებითაც მე აქამდე მოვედი, - ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა. მადლობა იმ უცნობ ადამიანებსაც, ვინც გამიცნო პროექტიდან და ერთი ზარი მაინც გამოუშვა, ან ის ერთი ზარიც არა, უბრალოდ, თანადგომა მაგრძნობინა თბილი გაღიმებით... ყველა ამ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტ-ყვი?
- რაღაც გეგმები მაქვს. ძალიან მინდა ჩემს ქუთაისს ერთი ლამაზი კონცერტი ვაჩუქო, „ჯეოსტარელებთან“ და ჩემს ანსამბლ „ახალუხლებთან“ ერთად.