დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ ცვლის - მემორიალის ადგილზე პარლამენტი აშენდება!
2009/12/21 13:08:19

19 დეკემბერს ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მემორიალის დემონტაჟი შპს „საქამფეთქმრეწვმა“ სპონტანურად გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, მემორიალის აფეთქებას თავად პრეზიდენტი გეგმავდა საკუთარ დაბადების დღეზე - 21 დეკემბერს, თუმცა პროცესი გაურკვეველი გარემოებების გამო დაჩქარდა. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს რეზოლუცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშენებული, ომისადმი მიძღვნილი ძეგლის დემონტაჟს კრძალავს, საქართველოში ამას ყურადღება არ მიაქციეს.

სამართალდამცავებმა დღის მეორე ნახევარში, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, მემორიალთან მისასვლელი სამივე გზა გადაკეტეს და მოსახლეობას საცხოვრებელი ბინებიდან გამოსვლისკენ მოუწოდეს. მიუხედავად ამისა, დემონტაჟს დედა-შვილის ეკა და ნინო ჯინჭარაძეების სიცოცხლე შეეწირა. მათ ხუთშაბათს დაკრაძალავენ, დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო გაიღებს. დაშავებულია კიდევ ერთი მამაკაცი სოსო ჯინჭარაძე, რომელიც ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ამ დრომდე რჩება. ექიმ გელა არაბიძის ინფორმაციით, მას ნამსხვრევი აქვს მოხვედრილი და რამდენიმე ნეკნი აქვს ჩატეხილი.

19 დეკემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოპენჰაგენში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა. საქმის გაცნობის შემდეგ მან თანამდებობიდან გაანთავისუფლა მხარის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე. ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოში ის ათი ადამიანი მიიყვანეს დასაკითხად, რომლებიც დემონტაჟს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ. რამდენიმე საათში კი შპს „საქამფეთქმშენის“ ტექნიკური დირექტორი ავთო დარსაველიძე დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის ოპოზიციურმა სპექტრმა 20 დეკემბერს მერიის წინ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, მამუკა მღვდელაძემ რამდენიმე კითხვა დასვა: „გაგვარკვიონ, რატომ მოხდა „გამარჯვების მემორიალის“ დემონტაჟი დაგეგმილზე ორი დღით ადრე. ჩვენ ვითხოვთ გამოძიების ობიექტურად ჩატარებას და ყველა იმ პირების დასჯას, ვინც ამ საქმეში დამნაშავეები არიან.“

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე ქუთაისში 20 დეკემბერს ჩამოვიდა. „კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამ მემორიალის ადგილზე ეკლესიას თუ ააშენებს.“- განაცხადა მან.

ადგილობრივი ტელეკომპანია „რიონისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ოფიციალურად პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის ინიციატორმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მომხდარი ფაქტისა, ქუთაისში პარლამენტის გადმოტანის და „მემორიალის“ ადგილას პარლამენტის აშენების იდეას წინ ვერავინ აღუდგება, რადგან ეს არის არსებული ხალისუფლების ღირსების საქმე.

ტრაგიკული დემონტაჟიდან მეორე დღეს კი აბაშიძის ქუჩაზე ბილბორდი გააკრეს, რომელზეც ახალი პარლამენტის მაკეტია გამოსახული. ამჯერად ქუთაისელებს უკვე შეუძლიათ ნახონ, თუ როგორი პარლამენტის შენობა აშენდება ფატალური შედეგით დანგრეული „გამარჯვების მემორიალის“ ადგილას.

 

დღეს პირველ პირველ საათზე ოპოზიციური სპექტრის ქუთაისის წარმომადგენლები და საზოგადოებრიობა მემორიალთან საპროტესტო აქციას გეგმავენ. ოპოზიის ლიდერებს თბილისიდანაც ელიან. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1364
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია