დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საარჩევნო „მერცხალი“ სარქისაშვილების ოჯახში
2009/12/07 15:39:39

მარინა უგულავა-სარქისაშვილი, რომელიც უკვე ორი წელია, ავტოქარხნის დასახლებაში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს, პრეზიდენტის მოულოდნელი სტუმრობისას მიღებულ ემოციებს ჯერაც ვერ მალავს. ოჯახში 12 წევრია და კიდევ - მეცამეტე წევრსაც ელოდებიან.

ბაღის ყოფილ შენობაში დღეს 22 ოჯახი ცხოვრობს, ისინი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტატუსით აქ, დაახლოებით, ორი წლის წინ შეასახლეს. თუმცა ამ შენობაში მანამდე აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ. შენობა თავიდანვე გაძარცვული იყო. ფანჯრები და კარები მოსახლეობამ თავად შეაკეთა, თუმცა სახურავიდან წვიმის წვეთები პირველ სართულზეც ჩადის. აქ მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა - უშედეგოდ. ძირითადი მოთხოვნა სახურავის შეკეთება იყო.

მარინა უგულავა მეზობლებს შორის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი პრობლემების შესახებ ერთი წლის წინ პრეზიდენტს მისწერა. პირველი მცდელობა უშედეგო იყო, თუმცა მეორე წერილი ნამდვილად იღბლიანი აღმოჩნდა და ადრესატამდეც მივიდა. „მართლაც ძალიან მიჭირდა პრეზიდენტის შეწუხება, მაინც გადავწყვიტე. როცა მეორეჯერ დავჯექი წერილის დასაწერად, იმედი არ მქონდა, რომ ამ წერილს პრეზიდენტი წაიკითხავდა.

მიუხედავად ამისა, კარგ ნათესავს რომ მოუყვები შენს პრობლემებზე, ისე გადავუშალე გული და დეტალებში აღვწერე ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. მივწერე, თუ რა პირობებში უწევდა ჩემს არასრულწლოვან შვილებს ცხოვრება, რომ არ გვქონდა შუქი და გაზი. მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემად შენობის სახურავი რჩება, რომელიც ყველა იმ ადამიანს აწუხებს, ვინც ამ შენობაში ცხოვრობს. წერილში მივწერე, რომ წვიმის დროს დასაძინებელ ადგილს ვერ ვპოულობთ, რადგან ყველა ოთახში, როგორც გარეთ, ისე წვიმს-მეთქი.“ - გვიყვება ოჯახის დიასახლისი.

შენობის სახურავი ბრტყელი გადახურვისაა, საერთო ფართობი 800 კვადრატული მეტრია. როგორც ქალაქის მერი ნუგზარ შამუგია ამბობს: „ჩვენ გამოვყავით თანხა და რამდენიმე დღეში შენობის სახურავის შეკეთება დაიწყება. თუმცა შენობა მთლიანად ვერ გადაიხურება, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ფლიგელი შეკეთდება, რათა ამ ადამიანებმა აქ ცხოვრება შეძლონ.“ როგორც გაირკვა, შენობის გადახურვა გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ტენდერი არა თუ ვერ გამოცხადდა და პრობლემაც მოუგვარებელი დარჩა.

აქვე გაირკვა, რომ შენობას იურიდიული სტატუსი არ აქვს. ნუგზარ შამუგიას განცხადებით, ეს გახდა მიზეზი აქ მცხოვრები ადამიანების სიბნელეში ყოფნის, რადგან ჩეხური კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯია“ შენობის აბონენტად აყვანაზე უარს აცხადებს. საქართველოს სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო პრო-ჯორჯია“-ს დასავლეთ საქართველოს ფილიალის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი თეონა გეგუჩაძე ამბობს: „უახლოესი ორი წლის მანძილზე ჩვენთვის არც იურიდიულ  და არც ფიზიკურ პირს არ მოუმართავს, რათა შენობა აბონენტად დაგვეფიქსირებინა. მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანია უახლოეს დღეებში იქ მცხოვრებ 22 ოჯახს აბონენტად აიყვანს.“

დღეს შენობაში ელექტროენერგიის ხაზებიც გასაყვანია, რადგან შენობა ამ კუთხითაც გაძარცვულია.

კიდევ ერთი პრობლემა სარქისაშვილების ოჯახს სოციალური დაცვის სააგენტოსტან აქვთ. მარინა უგულავა-სარქისაშვილი ამბობს: „სანამ ამ შენობაში გადმოვიდოდით საცხოვრებლად, ჩვენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების სიაში მოვხვდით და ფულად დახმარებას - 78 ლარს ვიღებდით. რაც აქ გადმოვედით, დახმარება შეგვიწყდა. როგორც გვითხრეს, საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლის გამო ახალი განცხადება უნდა დამეწერა. მე კი ამ განცხადების დაწერა დამიგვიანდა და ახლა მხოლოდ მშობლების პენსიაზე ვართ დამოკიდებული. ჩემი მეუღლე ახალციხეში დევნილების სახლების სარემონტო სამუშაოებზე მუშაობს. მისი გამოგზავნილი ფული კი 12 სულიან ოჯახს საჭმელისთვის არ გვყოფნის.“

ოჯახის დიასახლისი დამატებითი შემოსავლის წყაროს კვლავ ხელისუფლებისგან ელის. ამჯერად იგი განმეორებითი განცხადების შედეგს ელოდება, რათა, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფმა ოჯახმა, ფულადი დახმარება კვლავ მიიღოს. მისი ბედი იმ აგენტზეა დამოკიდებული, რომელმაც მისი ცხოვრების პირობები ქულებით უნდა შეაფასოს.

აგენტის მოსვლამდე კი სარქისაშვილების ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატება. პრეზიდენტის პიარის ნაწილით - შეშის ღუმელში დანთებული ცეცხლით გათბებიან და ამ ზამთარსაც გადააგორებენ. თუმცა არ არის გამორიცხული, ვინმეს, როგორც პრეზიდენტი იტყოდა, „გულის ნორმატივი“ შეერყეს და კეთილი საქმის კეთების სურვილი გაუჩნდეს.

„გულქვა მთავრობის დათბობა“ კი, სავარაუდოდ, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის ნაწილია. ამ კამპანიას, შესაძლოა, რამდენიმე თანამდებობის პირიც შეეწიროს ქუთაისში. მიუხედავად ამისა, მოიყვანს თუ არა ერთი მერცხალი გაზაფხულს, ძნელი სათქმელია, თუმცა უდავოა, რომ საარჩევნო გაზაფხული „მერცხლების“ გარეშე არ ჩაივლის. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1442
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია