დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არის თუ არა მეხუთე კლასი პრობლემური?
2009/11/09 13:43:49

ქუთაისის მეათე საჯარო სკოლის V3 კლასის მოსწავლეებს 2009 სასწავლო წელმა 7 ახალი მასწავლებელი, ახალი საგნები, უფრო დატვირთული რეჟიმი, ახალი საკლასო ოთახი და გარემო მოუტანა.

მეხუთე კლასელი ზეზვა თევდორაძე  გვიყვება, რომ თითქმის ერთი თვე  დასჭირდათ ახალ მასწავლებლებთან შესაგუებლად, თუ ადრე სამი-ოთხი მასწავლებელი ჰყავდათ, ახლა ათი მასწავლებელი ასწავლით. ნუცა ზვიადაძე კი ამბობს, რომ მასწავლებლებს ადვილად შეეჩვია, მაგრამ სამეცადინო მოემატა.

საბა ფირანიშვილი და ანი ნიშნიანიძეც იმასვე ამბობენ, რომ მეხუთე კლასი მათთვის არც ისე რთულია, თუმცა რამდენიმე ახალი საგანი დაემატათ, მაგალითად - ისტორია.

უფრო რთული  მათთვის სახელმძღვანელოების შეძენა-შეგროვება იყო, წიგნები და რვეულები 150 ლარამდე დაუჯდათ.

კომპიუტერთან და ინტერნეტთან მეხუთეკლასელების ურთიერთობა ინფორმატიკის გაკვეთილით შემოიფარგლება და ეს კვირაში ერთხელ  ხდება. იციან ფაილების შექმნა, ინტერნეტიდან ინფორმაციის მოპოვება, სხვადასხვა ვებ-გვერდების მისამართი. ფსიქოლოგები თვლიან, რომ მეხუთე კლასი საკმაოდ რთული  ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში,  ეს ის პერიოდია, როცა მოსწავლე დაწყებითი კლასების განსხვავებულ გარემოს ტოვებს. ამ დროს ხდება მისი სოციალიზაცია. იცვლება ბავშვის ხედვა, ერთ მასწავლებელს რამდენიმე ემატება და ხდება ბავშვის ხელახლა ამოცნობა.

მეათე საჯარო სკოლის V3 კლასის დამრიგებელი ეკა ფირანაშვილი გვეუბნება, რომ მოსწავლეების ერთადერთ პროტესტს მესამე სართული იწვევს. დაწყებით კლასებში მათ გაკვეთილი მუდმივად პირველ სართულზე უტარდებოდათ და ახლა მაღალი სართულის შეგუება უჭირთ. ამბობს, რომ საკლასო ოთახის ესთეტიურობაზე ერთმა მშობელმა იზრუნა და კედლები მისი ინიციატივით შეიღება.  დამრიგებელი არც დასწრებას უჩივის და აღნიშნავს, რომ ოცდაცხრავე მოსწავლე, ძირითადად, ცხადდება გაკვეთილებზე, თუ ჯანმრთელობის გამონაკლის პრობლემებს არ ჩავთვლით. კლასის დამრიგებელი აღნიშნავს, რომ მათ მოსწავლეებს ინტერნეტი ინტენსიური გამოყენებისათვის ნაკლებად სჭირდებათ, ეს საჭიროებები უფრო მაღალ - მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებს აქვთ.

სკოლის დირექტორის ონისე ბოჭორიშვილის დახმარებით გავარკვიეთ, რომ მეათე სკოლის კომპიუტერიზაცია „ირმის ნახტომის“ პროგრამის ფარგლებში მოხდა. ახლა სკოლას 40 კომპიუტერი და ინფორმატიკის ორი კაბინეტი აქვს.

„სკოლას ჰყავს ინფორმატიკის მენეჯერი, რომელიც სასწავლო ნაწილია ამ მიმართულებით, გვყავს ოპერატორიც, ინფორმატიკა ჩვენთან შეტანილია როგორც ფაკულტატური და ის სავალდებულო საგნად არ გვიწერია, თუმცა მის მიმართ ინტერესი დიდია, მეხუთე კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით ხელმისაწვდომია კომპიუტერი ყველასთვის, კვირაში ორჯერ და თუ მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ დარჩენის სურვილი ექნებათ, წინასწარ პედაგოგს უნდა  შეუთანხმდნენ,“- ამბობს სკოლის დირექტორი.

ონისე ბოჭორიშვილი ამბობს, თუ მოსწავლეებს ინეტერნეტიდან ინფორმაციის ამობეჭდვა უნდათ, მათთან ამის საშუალება არის. სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპიუტერიზაციაზე უფრო პრობლემატური მათთან და სხვა სკოლებშიც მეშვიდე გაკვეთილი და მასზე შემცირებული დასწრებაა. მისი თქმით, ამაზე  საჯაროდ საუბარს ყველა ერიდება.

„მეშვიდე გაკვეთილი რა საჭიროა, ამ დროისთვის ბავშვი გადაღლილია,  მთელი დრო იმის დევნას დასჭირდება, არის თუ არა ბოლო გაკვეთილზე დასწრება. გაუგებარია მეათე-მეთერთმეტე კლასში მუსიკის სწავლება რატომ შემოიღეს, მაშინ როდესაც მეთერთმეტეკლასელები უკვე თავის მუსიკას უსმენენ, საკუთარი ცნობიერება და სამყარო აქვთ. გამოსავალი ის იქნება, რომ  მეშვიდე გაკვეთილი ამოვიღოთ და შაბათობით დაინიშნოს სწავლა,“ - თვლის მეათე სკოლის დირექტორი ონისე ბოჭორიშვილი.

იმ სკოლებში კი, სადაც ინტერნეტიდან მოსწავლეებისათვის საჭირო ინფორმაციის ამობეჭდვა ვერ ხერხდება, არც ფურცელი აქვთ და კეტრიჯიც პრობლემატურია, არასამთავრობო სექტორი ამ საკითხში დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვს.

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის პროგრამების დირექტორი გია ცაცაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხის ლობირებას მაქსიმალურად შეეცდებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია