დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ელიტარული კორუფცია“
2009/11/09 13:27:34

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო კორუფციასთან ბრძოლის დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჩატარებული კვლევის ავტორად  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დასახელდა. ორგანიზაცია „კორუფციასთან აღქმის ინდექსის“ დადგენისას საჯარო სამსახურში არსებულ კორუფციას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს. კვლევას ძალიან საინტერესო მეთოდოლოგია აქვს - არ ხდება ხალხის გამოკითხვა. ეს კვლევა იყენებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს, რომელთაც შემდეგ აჯამებს და შედარებებს უკეთებს.

თუმცა მთავარი მოთხოვნა, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აყენებს, ქვეყნებს შორის რანგირებაა. პარალელურად, ქვეყნები თავად უნდა აკეთებდნენ შეფასებას, თუ რა დონითაა კორუფცია ქვეყანაში. გარდა ამ ფაქტორისა, ქვეყანა კვლევის სიაში რომ მოხვდეს, მინიმუმ სამი კვლევა უნდა იყოს ჩატარებული ამ ქვეყანასთან მიმართებაში, რაც რამდენიმე წლის ტენდენციას ასახავს. საქართველო ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებდა და სწორადაც მოხვდა კვლევის სიაში, თუმცა, როგორც აღმასრულებელი დირექტორი თამარ ქაროსანიძე აღნიშნავს: „საქართველო ბოლო მონაცემებით 67-ე ადგილზეა. ის უსწრებს სამხრეთ კავკასიაში სომხეთს და აზერბაიჯანს და ასევე რუსეთს. უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირის ორ ქვეყანას - ბულგარეთს და რუმინეთსაც უსწრებს. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი კორუფცია, თუ დონეებით განვსაზღვრავთ, ზედა დონეზეა, რომელსაც     „ელიტარული კორუფცია“ ვუწოდეთ. თუმცა აშკარადაა შემცირებული ქვედა დონეზე ქრთამის გაცემის ფაქტები. ზედა დონეზე საკმაოდ მწვავე პრობლემაა, რადგან აქ ყველაზე დიდი ფული ტრიალებს. ამ დონეზე ხდება სახელმწიფო შესყიდვები და პრივატიზაცია. ფაქტია, რომ პრივატიზაციის შესახებ ინფორმაციის მიღება რთული იყო მაშინ, როცა ინტენსიური პროცესი მიმდინარეობდა. პარალელურად პრობლემებია ბიზნესსა და სახელმწიფო რგოლებს შორის.“

ხელისუფლება კორუფციას ბრძოლას უცხადებს და, რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, კორუფციის დამარცხების დამადასტურებელ საბუთად საერთაშორისო გამჭვირვალობის 2008 წლის კვლევის შედეგები მოაქვს. თუმცა საინფორმაციო საშუალებებით გასული წლის კვლევა „უახლესად“ იქნა გასაღებული. როგორც ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, 2009 წლის კვლევა ერთ კვირაში დაიდება. რატომ გახდა საჭირო გასული წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ კვლევის გაპიარება, მრავალ კითხვას ბადებს. დეტალებზე პროგრამის დირექტორი ნინა ხატისკაცი გვესაუბრება:

- რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ესპანეთში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლაზე განაცხდა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით მსოფლიოში საქართველო მეშვიდე ადგილზეა. ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არასწორია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო პირველ ადგილზეა კორუფციასთან ბრძოლის ხარისხის დინამიკის მიხედვით. ეს კი ისეთი ტერმინია, რომელიც თვითონაც პირველად გავიგეთ. თუმცა 2003 წლიდან დღემდე კორუფციასთან ბრძოლის ზრდის ტენდენცია მართლაც არის და მეტიც, სტაბილურია.

- ქალბატონო ნინა, რატომ გახდა საჭირო გასული წლის კორუფციის აღქმის ინდექსის ერთი წლის შემდეგ გაპიარება?

- მე მგონია, რომ ამ პერიოდში ამ კვლევას ვიღაცამ მიაგნო. ეს პრემიერ-მინისტრის ესპანეთში დაგეგმილ შეხვედრას დაემთხვა, სადაც მას საქართველოში კორუფციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე უნდა ესაუბრა. მათ აღმოაჩინეს                      „წარმატებული ნაბიჯები“ და მოხდა ამ ინფორმაციის წინა პლანზე წამოწევა. მთავარია, რომ ინფორმაცია ისე გავრცელდა, თითქოს ახალი კვლევა იყო. გეტყვით, ეს 2008 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევაა.

- რამდენადაც ცნობილია, ახალი კვლევა ერთ კვირაში დაიდება. რას უნდა ველოდოთ?

- ვერ გეტყვით, 2008 წლის კვლევასთან შედარებით რამდენად კარგი იქნება 2009 წლის კვლევა. თუმცა, ასევე არასწორად გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო კიდევ 3 პუნქტით წაიწევს წინ. აქვე გეტყვით, რომ ამ კვლევაში ტერმინი „პუნქტი“ საერთოდ არ არის გამოყენებული. აქ ქვეყნების რანგირება ქულების მიხედვით ხდება. ამ ეტაპზე ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, რა შედეგი იქნება ახალ კვლევაში - უკუსვლა თუ წინსვლა.

- როგორ ხდება ქულების განსაზღვრა-მინიჭება?

- ამ კვლევაში 180 ქვეყნის მონაცემების კვლევა კეთდება, თუმცა ეს ციფრი სტაბილური არ არის. შეფასების დროს ნული ქულა ყველაზე დაბალია, ათი კი მაქსიმუმი. იმ ქვეყნებში, რომლებსაც 9 ან 10 ქულა აქვთ ნიშნავს, რომ იქ პრაქტიკულად კორუფცია არ არის. ამ კვლევის მიხედვით საქართველოს 3,9 ქულა აქვს, ანუ აშკარაა, რომ ეს ქულა ათიანთან მიახლოებული არ არის. 2003 წელს საქართველოს მხოლოდ 1,8 ქულა ჰქონდა. თუმცა გეტყვით, რომ სამი ქულის ზემოთ მყოფ ქვეყნებში კორუფცია ყველაზე დიდ პრობლემად არ ითვლება. მაგრამ 3,9 ქულა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის. აქედან გამომდინარე, რომ საქართველო კორუფციასთან ბრძოლის დინამიკაში პირველ ადგილზეა, არასწორია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ასევე ატარებს მეორე კვლევას, რომელსაც გლობალური კორუფციის ბარომეტრი ჰქვია. იგი ხალხის გამოკითხვას ემყარება. 2009 წლის კვლევის შედეგებმა, სადაც კითხვა ასე ჟღერდა - მიგიციათ თუ არა ქრთამი, - აჩვენა რომ გამოკითხულთა მხოლოდ ერთმა პროცენტმა გასცა ფული ქრთამის სახით. ამავე გამოკითხვის მიხედვით კი ყველაზე კორუმპირებულად სასამართლო სისტემა მიაჩნია მოსახლეობას. ეს რგოლი 2005 წლიდან დღემდე ლიდერ ადგილს იკავებს. საპატიო ადგილი სასამართლო სისტემას პოლიციიდან ერგო, რომელიც ასევე წლების მანძილზე ყველაზე კორუმპირებულად ითვლებოდა და პირველ ადგილს იკავებდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1304
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია