დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკო კაჭკაჭიშვილი პროფილში
2009/10/26 12:21:57

ქუთაისის ყოფილი მერი და ამჟამად პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ნიკო კაჭკაჭიშვილი სტრიქონებს ეთამაშება - ლექსი ეწერება და დიდი ხანია, წერს კიდეც.

თუმცა, პოეტობის ამბიცია არ აქვს. მართალია, ცოტა ხნის წინ საზოგადოება „ბაღის კიდემ“, თვითმმართველობის მხარდაჭერით, საკმაოდ პომპეზური პოეზიის საღამო მოუწყო, მაგრამ თვითონ ძალიან თავმდაბლურად აცხადებს, რომ პოეტობაზე პრეტენზია არა აქვს. სხვათაშორის, არც პოლიტიკოსობაზე. აი, კარგ მათემატიკოსობაში კი ნურავინ შეედავება. პოეზიის საღამოსაც იმიტომ დათანხმდა, რომ ბატონ ზურაბ გაბრიაძის მოერიდა: „არ შეიძლება, ადამიანს რამდენჯერმე უთხრა უარიო.“

„საერთოდ, პოეტობა ყველა ადამიანის საყმაწვილო სენია. ადამიანის ბუნება მიმბაძველობითია და როცა დიდი გენიოსების ლექსებს კითხულობ, შენც გინდა, რაღაცა დაწერო. მე არანაირად არ ვარ პოეტი, პოეტს ხალხი გარქმევს, ვინმემ შენი ლექსის ერთი სტროფი მაინც უნდა იცოდეს...“ - ამბობს ნიკო კაჭკაჭიშვილი.

პოეტი არა, კარგი მკითხველი კი ნამდვილადაა, კარგის დამფასებელიც.

შექსპირის 154-ვე სონეტი ზეპირად იცის.

„წაიკითხავ, მოგეწონება და გადაწყვეტ, რომ შენში იყოს ეს ნაწარმოები. შექსპირის სონეტების დასწავლით ერთგვარად ხარკიც მოვიხადე ამ გენიოსის წინაშე. თავიდან 13 სონეტი შევარჩიე, სუფრა ისე არ ჩაივლიდა, რომ ერთი სონეტი არ მეთქვა და ვტრაბახობდი ამით. მერე 20 სონეტი ვისწავლე, შემდეგ - კიდევ და ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველა ზეპირად ვიცოდი. დღეს უკვე ძალიან უნდა მთხოვონ, რომ სონეტები სუფრასთან წავიკითხო.“

ყველაზე საყვარელი სონეტი მეასეა, სადაც შექსპირი მუზას იხმობს... თავად ბატონ ნიკოს კი მუზა ყოველთვის ემორჩილება. საკუთარ პოეზიას ორ ნაწილად ყოფს, - „არა უშავს“ ლექსები, რომელიც ჯერ მხოლოდ 5-6 დაწერა და სახალისო პოეზია. სხვათაშორის, ვიცე გუბერნატორი ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებულიცაა.

2002 წელს რადიო „ნოსტალგიაში“ ყოველ პარასკევს ეჯიბრებოდნენ ლექსის წერაში, გამოაცხადებდნენ ლექსის დასაწყისს და მსმენელს უნდა გაეგრძელებინა. პირველ საკონკურსო დღეს დავალება ასე იწყებოდა: „ავადა ვარ, ავადა...“ ბატონ ნიკოს ოჯახის წევრები შეუჩნდენ: რომ იძახი, ლექსებსა ვწერ, ადექი ახლა და გააგრძელეო. მანაც დაწერა: 

„ავადა ვარ, ავადა,

ოფლი მომდის ღვარადა,

ჩემი დუტა ბიძია

მირჩევს, ვიყო წყნარადა.

ნუ ტირიხარ, ელისო,

„ალდაგი“ გყავს ფარადა,

ოციათასს გერჩიოს

ჯანმრთელობა მარადა“. 

რადიოეთერში ლექსი მისმა 8 წლის გოგონამ წაიკითხა და გამარჯვებაც მოვიდა. ამ კონკურსში სულ ოთხჯერ გაიმარჯვეს, მერე წამყვანმა უთხრა, სირცხვილია, ყველა პრიზს თქვენ ხომ არ წაიღებთო და კონკურსგარეშე მონაწილეობდნენ.

მერე ლუდით სათქმელი სადღეგრძელოების კონკურსიც მოიგო რამდენჯერმე. პრიზი ოცი მთიულური ხინკალი და ოთხი კათხა ლუდი იყო.

ნიკო კაჭკაჭიშვილი ამბობს: „ხელოვნების დანიშნულება ისაა,                                                                     რომ განწყობა შეგიცვალოს, ან დაგაფიქროს, ან გაგაცინოს. მე მიყვარს, როცა იუმორისტულ ამბავს ვლექსავ.“

ასე გალექსა უნივერსიტეტის დროს მოწყობილი სამი ექსკურსია დიდთოვლობისას სამი დღით წიფის გვირაბში გაჩერებული მატარებლის და შიგ ჩარჩენილი მისი სამი მეგობრის ამბავი (რომელთან ერთ-ერთი კაკო ბობოხიძეა.)...

სხვათაშორის, ბატონ ნიკოს ჩინოვნიკობის დროსაც კი არ დაუდვია კალამი. ქუთაისის თვითმმართველობისთვის სამი დიდი ისტორია აქვს გალექსილი. ერთი, ზურაბ ქაჯაიაზე, მეორე - გიგა ჩოგოვაძეზე. ამ ლექსში აღწერილია მისი დაპირისპირება მაშინდელ საკრებულოს თავმჯდომარესთან გელა ქათამაძესთან. დაპირისპირების თემა ქალაქის ბულვარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები გახლდათ.

„გიგა მეუბნებოდა, შვილებს ვფიცავარ, ეს ლექსი თავქვეშ მიდევსო, დილით ავდგები, ჯერ ამას ვკითხულობ და მერე მოვდივარ სამსახურშიო“.

და „ზამთარი-2006“, როცა ქუთაისში დიდი თოვლი მოვიდა, კირკიტაძემ სამხედრო ფორმა ჩაიცვა, აქ ჩამოვიდა და ზესტაფონიდან ნათხოვარი ნიჩბებით თეთრი ხიდიდან ერთი-ორი ნიჩაბი თოვლი გადაყარა. ამაზე მაშინ თურმე ქალაქის მერმა, ბატონმა ნიკომაც იცინა და იცინა კი არა, ექვსსტროფიანი ლექსიც კი შექმნა...

„სასაცილო იყო, აბა, რა იყო? ქალაქს 5-ლარიანი ნიჩბებიც არ ჰქონდა, თეთრი ხიდიდან თოვლი გადავყარეთ და ვითომ ქალაქი გადავარჩინეთ.“

მაშინ კაკო ბობოხიძემ კიდევაც დატუქსა, რა დროს ლექსიაო. გოჩა თევდორაძემაც უსაყვედურა, მაგრამ ლექსისთვის არა, გული წყდებოდა, მე რატომ არა ვარ შიგ ნახსენებიო...

„გოჩა, კარგი რომ მეთქვა, არ ვიქნებოდი მართალი, ცუდი რომ მეთქვა, შენ გეწყინებოდა და მხატვარი არა ვარ, „ცალთვალდახუჭულ  მეფედ რომ დამეხატე-მეთქი“ - ამაზე ბევრი იცინეს.

ლექსმა რედაქტირება მაინც განიცადა: გოჩას საპატივცემულოდ ერთი სტრიქონიც დაემატა.

„პარლამენტარმაც ქუთაისისკენ პირი იბრუნა

და გოჩას ხილვით აისრულა ხალხმა ოცნება.“

ეს იყო და ეს, მეტი ადგილობრივ პრობლემებზე არ დაუწერაია. დისერტაციაზე მუშაობდა და პოეზიისთვის ვეღარ მოიცალა.

P. S.

პოეზიაში გულწრფელობისთვის არავინ დაუსჯიათ. ჯერჯერობით, ის ისევ გუბერნატორის მოადგილეა. იმედია, არც ჟურნალისტთან გულწრფელობისთვის დაისჯება...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია