დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხე, რომელიც ტირის
2009/10/26 12:17:39

„P.S.“-ის რედაქციაში ბერძენი პროფესორის, ანასტასია (ტასო) გაილას წერილი მოვიდა. ეს არაჩვეულებრივი, ქართველებითა და საქართველოთი უაღრესად დაინტერესებული ქალბატონი რვა უცხო ენას ფლობს, მრავალი წელია, მოხალისედ მუშაობს ბერძნულ წითელ ჯვარში, მოხუცებულთა თავშესაფრებში და აქტიურად თანამშრომლობს ბერძნულ პრესასთანაც. გარდა იმისა, რომ საქალაქო გაზეთის რედაქციაში მოღვაწეობს. სხვადასხვა ჟურნალში აქვეყნებს მოვლენურ და თემატურ რეპორტაჟებსა და სტატიებს, წიგნიერ საზოგადოებაში კი განსაკუთრებით პოპულარულია საკუთარი ლიტერატურული სვეტით, რომლითაც იგი წიგნებს კრიტიკულად წარადგენს ხოლმე.

საბერძნეთში მყოფი ქუთაისელი ქალბატონის, იზო დაშნიანის მეშვეობით, ქალბატონი ტასო ქართულის შესწავლასაც შეუდგა. იმედი მაქვს, მომავალში თქვენს მშვენიერ ენაზეც მოგწერთო, აღნიშნავს თავის ბარათში ბერძენი პროფესორი და ამჯერად თარჯიმნის მიერ თარგმნილ სტატიას გვიგზავნის, თანაც ხაზგასმით გვწერს:

„ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნება თქვენს გაზეთთან თანამშრომლობა, მინდა გამაჩნდეს პირადი კავშირი ქვეყანასთან, რომელიც მეტად მიყვარს.“

ჩვენთვისაც მეტად სასიხარულოა, რომ საქართველოს მეგობართა რიცხვს ეს გულთბილი ბერძენი ქალბატონიც შეუერთდა.

ყოველ ზაფხულს ტირის ერთი ხე. ამაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია, ესტუმროთ საბერძნეთის სასაზღვრო კუნძულ ხიოს, უფრო კონკრეტულად კი - კუნძულის სამხრეთ ნაწილს, მასტიხოხორიებს, ეს სახელი კუნძულის ოცდახუთივე სოფელს ეწოდება, სადაც ხარობს დანამასტაკი (მასტიხა), ანუ, სხვანაირად, ხე, რომელიც ტირის.

ეჭვი გეპარებათ? შეხედეთ სურათს!

რატომ ტირის დანამასტაკი?

250 წელს ჩ.წ.-აღით კუნძული რომაული უღლის ქვეშ იმყოფებოდა, მის პორტში ღუზა რომაულ რეგატას ჩაეშვა. ეკიპაჟის ოფიცრებს შორის იმყოფებოდა ერთი 22 წლის ყმაწვილი, სახელად - ისიდოროსი, ვაჟი ერთი მდიდარი ალექსანდრიელი ვაჭრისა, რომელიც წარმომავლობით ხიოსიდან იყო. ისიდოროს, ყველასგან საიდუმლოდ, ქრისტიანობა მიუღია. მისი ამბავი გემის კაპიტანს შეუტყვია და დაუტყვევებია. დიდი ტანჯვის შემდეგ ისიდოროსმა აღიარა ახალი რელიგია. ალექსანდრიიდან ჩამოვიდა მისი მამა, ცდილობდა, შვილი დაებრუნებინა მათი სარწმუნოების - პოლითეისტთა დოგმისადმი. ისიდოროსს გულწრფელად გახარებია მშობლის ნახვა, მაგრამ უარი განუცხადებია კერპთაყვანისმცემლობას დაბრუნებოდა. მან ირწმუნა უფლის სიტყვები: „და მისცემს მამა შვილს სასიკვდილოდ“ (მათეს სახარება) და...

ისიდოროსის ფანატიკოსმა კერპთაყვანისმცემელმა მამამ შვილი აწამა. ერთი უხეში ბუჩქი, რომლის ძირშიც მამა სასტიკად ურტყამდა შვილს, მოლბა ამ შემაძრწუნებელი სანახაობით, მასაც ეტკინა და აცრემლდა ისიდოროსის ტანჯვის შემყურე.

კუნძულ ხიოს მფარველი წმინდა ისიდოროსი დაახლოებით 250 წელს ეწამა. მისი  ხსენების დღე აღმოსავლეთ მართლმადიდებელ ეკლესიაში 14 მაისს აღინიშნება. მას აგრეთვე, დიდ პატივს დასავლეთის ეკლესიაც მიაგებს და მის ხსენების დღეს, ერთი დღით გვიან, 15 მაისს აღნიშნავს.

რას წარმოადგენს დანამასტაკი?

ეს მცირე ზომის ხეა, მიეკუთვნება პისტაკის ოჯახს და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისა და კანარის კუნძულების აბორიგენი მცენარეა. თუმცა, სახეობა Pistacia Lentiscus Varchia, რომლის გავრცელებული სახელი, ხიოსის მასტიხოსანი დანამასტაკია, მხოლოდ ხიოსის სამხრეთ ნაწილზე ხარობს. აქ ხდება მისი სისტემატური დამუშავება. ხეზე ჩანაჭრების გაკეთების შემდგომ, ხე გამოყოფს ზეთოვან-ფისოვან სითხეს, რომელსაც მრგვალი ფორმა აქვს, რომელიც ცნობილია, როგორც დანამასტაკის ცრემლები. იგი ნახევრად გამჭვირვალეა, ღია ყვითელი ფერის.

მასტიხას გააჩნია ანტისეპტიკური, მოსანელებელი, შემახორცებელი და მრავალი სხვა სამკურნალო თვისება. დღეს მასტიხა წამლებისა და პარფიუმერიის გარდა, სასმელების არომატიზირებისთვისა და, აგრეთვე, საჭმელებშიც გამოიყენება. ხიოსის მასტიხას ანტიკურ ხანაშიც იცნობდნენ. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ცნობებს ანტიკური მწერლები - გალენოსი და დიოსკუროსი გვაწვდიან. მეტად რთული და დიდი დრო სჭირდება, ვიდრე დანამასტაკიდან ვიხილავთ მასტიხას წვეთებს, რომელიც ჰაერზე ქვავდება.

ფაზა 1: ზაფხულის დასაწყისში იწმინდება ადგილი დანამასტაკის ქვემოთ. საჭიროა, მიწა მრგვლად გათანაბრდეს, რის შემდეგ მას განსაკუთრებულ თეთრ მიწას აყრიან. იწმინდება აგრეთვე ხის ძირი და ძირითადი ტოტები.

ფაზა 2: იწყება ის, რასაც ადგილობრივები ქარგვას ეძახიან, ანუ ხეზე ჭრილებისა და ნაჩხვლეტების კეთება, რომელიც ხუთი-ექვსი კვირა გრძელდება. ეს განსაკუთრებული იარაღითაა შესაძლებელი.

ფაზა 3: შემდეგ წვეთავს მასტიხა, როგორც ცრემლი, რაც, დაახლოებით, ორი კვირა გრძელდება, რის შემდეგაც იწყება პირველი მოსავლის აღება.

ყოველ ზაფხულს სამხრეთ ხიოსზე ხეები ტირიან.

ტირიან ანტიკურობიდან, რომაელთა მიერ კუნძულის დაპყრობიდან, წმინდა ისიდოროსის ეპოქიდან მოყოლებული. რომაელებმა, გენუიტებმა, თურქებმა - ყველა დამპყრობელმა გაიარა ამ კუნძულზე და წავიდა... წმინდა ისიდოროსი და დანამასტაკი კი „დარჩნენ“ კურძულზე, ეგებ, როგორც უსაზღვრო სიმბოლო საუკუნო უკვდავებისა.

 

ტასო გაილა,

პროფესორი.

კალითეა, საბერძნეთი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1263
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია