დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მინდობილობით პენსიის გაცემა შეჩერდა
2009/10/26 12:07:55

მინდობილობით პენსიის აღება 4600 მოქალაქეს შეუწყდა იმერეთში. ამის გამო „სახალხო ბანკსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოებში მღელვარებაა.

იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული შესაძლებლობის პენსიონერები სოციალური მომსახურების სამსახურში 24 ოქტომბრამდე არ გამოცხადდებიან, პენსიის აღება შეუწყდებათ.

პენსიონერების ნდობით აღჭურვილი პირები აცხადებენ, რომ დავრდომილი პირების მიყვანასაც კი ითხოვენ იმის გამო, რომ თავად სოციალური მომსახურების სააგენტოს ბინაზე სტუმრობისთვის საკმარისი თანამშრომელი არ ჰყავს.

ოჯახები, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა,  ოქტომბერში უშემოსავლოდ რჩებიან.

„მინდობილობით პენსიების გაცემა დროებით შეჩერებულია. ვინც არ მოიყვანს პენსიის მიმღებს, მათ არ მიეცემათ პენსია. მე ვიკითხე,  ყველა უბანს რომ კოორდინატორები ჰყავს, რისთვის არსებობენ ისინი-მეთქი? მივიდნენ და ნახონ ადგილზე, რომ ნამდვილად უჭირს გადაადგილება ჩემი ოჯახის წევრს. ეკონომიურად ისედაც მიჭირს, ტაქსით რომ მივიყვანო, მძღოლს მოცდაშიც უნდა გადავუხადო ფული. დედაჩემი 85 წლის პედაგოგია, ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ სახლიდან, წლებია, არ გასულა, ახლა გამოუვალ მდგომარეობაში გვაგდებენ,“ - წუხს ერთ-ერთი პენსიონერის შვილი მ.დ.

მსგავს საყვედურს „სახალხო ბანკის“ ფილიალებში ხშირად გაიგონებთ. ამ გადაწყვეტილების გამო იმატა იმ განაწყენებულმა პენსიონერთა რიცხვმა, სხვების დახმარებით ან ჯოხით რომ გადაადგილდებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი აპოლონ ფოჩხუა „P.S.“-ს განუმარტავს, რომ მინდობილობების განახლება  „სახალხო ბანკის“ მიერ ახალი პლასტიკური ბარათების გამოშვებითაა განპირობებული.

„ის მინდობილობები ჯერ არ იცვლება, რომელთაც მოქმედების ექვსთვიანი ვადა არ გასვლია. მინდობილობების განახლება, საერთოდ, იმის გამო ხდება, რომ სახალხო ბანკში მეორადი პლასტიკური ბარათები მზადდება, აქამდე იყო თანხის დატაცებებისა და საბუთების გაყალბების შემთხვევები, ასეთი ფაქტები სამომავლოდ უნდა გამოირიცხოს“..

სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ მათი სამსახურის თანამშრომლები მინდობილობის გაცემაში მაქსიმალურად დაეხმარებიან პენსიონერებს: თუ მათ გადაადგილება არ შეუძლიათ, საჭირო დოკუმენტებს თავად ჩაუტანენ შენობის პირველ სართულზე.  დაიშვება გამონაკლისი - იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი საწოლს მიჯაჭვულია, მათი თანამშრომელი მას ბინაზე ესტუმრება, ოღონდ ამის შესახებ სოციალური მომსახურების სამსახურში შესაბამისი განცხადება უნდა დაიწეროს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია