დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გელათის აკადემია ძველი დიდების დაბრუნებას იწყებს
2009/10/26 11:51:40

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 ოქტომბერს გელათის აკადემია ერთობლივად გახსნეს.

გელათის აკადემიის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწ-ყო. პირველი ეტაპი არქეოლოგიური გათხრების ჩატარება იყო, რამაც აკადემიის შენობაში მეფეთა სატრაპეზოს არსებობა და მე-12 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ბიბლიოთეკის არსებობა დაადასტურა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე აკადემიის შენობა გადაიხურა. ძველი კრამიტი იმერეთის რეგიონში მოსახლეობიდან მოიძიეს. რეაბილიტაციის შემდეგ აღდგენილმა შენობამ ყველა თანამედროვე პირობა შეიძინა მაღალი სტანდარტების შეხვედრების ჩასატარებლად.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ვაჩეიშვილი: „გელათის აკადემიაში, უახლოეს მომავალში ლექციები და სემინარები გაიმართება. თუმცა აქ მიმდინარე სამუშაოები ამით არ დასრულებულა. პროექტი აქ არსებული კიდევ ორი ეკლესიის რესტავრაციას და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს.“

რესტავრატორებმა გელათის აკადემიას ძველი იერსახე შეუნარჩუნეს. მთავარი რესტავრატორი კახა ტრაპაიძე „P.S.“-თან საუბარში აღნიშნავს: „ჩვენ შევეცადეთ, მიგვეახლოებინა აკადემიის აღდგენილი სახე ძველი ნაგებობისთვის, აღვადგინეთ ძველი საარქივო მასალები, შევისწავლეთ ისტორიული წყაროები და ისე გადავხურეთ, როგორიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში იყო. სახურავი სრულიად ძველი სტილით შევინარჩუნეთ.“

პარალელურად მთლიანად აღდგენილია მარანი, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში გელათის სამონასტრო კომპლექსი სარგებლობდა. დღეს ამ მარანის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს დახურული სახით შეეძლება.

აკადემიის გახსნის შემდეგ პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის საფლავზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ გელათის სამონასტრო კომპლექსიდან პირველად ისაუბრა: „ბაგრატის ტაძარი აღდგება ისე, როგორიც იყო და დაიბრუნებს პირვანდელ სახეს. მინდა გითხრათ, რომ თუ ბაგრატის აღდგენითი სამუშაოების შეჩერება ვინმეს თვითმიზანია, ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. კეთდება გელათი და გაკეთდება ბაგრატიც. ეს ორივე ტაძარი უახლოეს მომავალში ძველ დიდებასა და ფუნქციას დაიბრუნებს. ეს ტაძრები საქართველოს ერთიანობის სიმბოლოებია და ჩვენთვის დიდი დატვირთვა აქვს მათ აღდგენას.“

გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები კიდევ 3 წელიწადს გაგრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები კომპლექსის ორივე კარიბჭეს უტარდება. აკადემიის რესტავრაცია სახელმწიფო ბიუჯეტს 500 000 ლარი დაუჯდა, ხოლო კომპლექსის სარესტავრაციოდ 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. გელათის ტაძრის აღდგენასა და მოხატვაზე ქართველ რესტავრატორებთან და არქიტექტორებთან ერთად გერმანელებიც იმუშავებენ. ჯგუფში 300 სპეციალისტია, თუმცა აკადემია ქართველი რესტავრატორების სამკაციანმა ჯგუფმა აღადგინა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1417
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია