დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენ გაეროს ასამბლეამ დაგვიჭირა მხარი, რუსეთს - უგო ჩავესმა
2009/09/18 13:45:04

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუცია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილების მდგომარეობას შეეხება და საქართველოს ხელისუფლებამ მისი მიღება მორიგ დიპლომატიურ წარმატებად მონათლა. რამდენად დაეტყობა ეს წარმატება დევნილთა რეალურ მდგომარეობას, ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გასული კვირა არა მხოლოდ საქართველოსთვის აღმოჩნდა წარმატებული საერთაშორისო ასპარეზზე. „წარმატებას“ რუსულმა დიპლომატიამაც მიაღწია - ვენესუელას დიქტატორმა, უგო ჩავესმა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობა დადო.

 

 

რეზოლუციას მხარი 48 სახელმწიფომ დაუჭირა, 19 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 78-მა თავი შეიკავა. ასეთია კენჭისყრის სტატისტიკა.        „ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პირველი შინაარსობრივი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილმა უკიდურესად მძიმე ვითარებამ პირველად ჰპოვა ასახვა გენერალური ასამბლეის და, ზოგადად, გაეროს რეზოლუციებში“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ, გარდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დადასტურებისა და ძალადობის დაგმობისა, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს მხარეებს, უზრუნველყონ დევნილების ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების გრაფიკი. „ჩვენი დევნილებისათვის ეს ნიშნავს მათი დაბრუნებისა და ქონების მოთხოვნის უფლებების ძალიან მტკიცე დადასტურებას; ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებების დაუშვებლობას; ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დადასტურებას,“ - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ბატონმა კახა ლომაიამ. ამრიგად, საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, აღნიშნული რეზოლუცია მკვეთრად გამოკვეთილი ჰუმანიტარული ხასიათისაა და რუსული მხარის მცდელობა, პოლიტიკური ვაჭრობის საგნად გადაექცია მისი მიღება, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

მართალია, რეზოლუცია მართლაც ჰუმანიტარული ხასიათისაა, მაგრამ მას პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ვერ დაუკარგავ. თავისი შინაარსით ეს დოკუმენტი პოლიტიკურ მომენტებსაც შეიცავს, რადგან, მაგალითად, ტექსტში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გვერდით მითითებულია „საქართველო.“ ამგვარი მომენტები კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ტექნიკურ დადასტურებად ითვლება საერთაშორისო ურთიერთობებში. ამრიგად, მოსალოდნელი იყო, რომ რუსული დიპლომატია ყოველნაირად შეეცდებოდა, არ დაეშვა თუნდაც ეს ტექნიკური ხასიათის დეტალები რეზოლუციის ტექსტში; თუმცა, ისიც წინასწარ იყო ცნობილი, რომ გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს ისეთი გავლენა არ აქვს, როგორც უშიშროების საბჭოზე. ამიტომ ჩვენი ეს დიპლომატიური წარმატება სულაც არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი. სხვა საქმეა, რამდენად მნიშვნელოვან ფრონტზე გავიმარჯვეთ დიპლომატიურად...

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებას, უფრო მეტად, ზოგადი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და სარეკომენდაციო ხასიათისაა, ვიდრე იურიდიული. ასე რომ, თუკი რუსეთი ამ რეზოლუციას თავისი სურვილით არ შეასრულებს, ამას გენერალური ასამბლეა ვერ აიძულებს. სწორედ ამიტომ, ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ისღა რჩება, იმედი გამოთქვას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში რეზოლუციის მოთხოვნას რუსეთი შეასრულებს და დევნილების დაბრუნების გრაფიკზე დაიწყებს მუშაობას საქართველოსთან ერთად. თუმცა, ეს ნაკლებად მოსალოდნელია რუსეთის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მიცა ხმა. ამრიგად, იმის თქმა, რომ რუსეთმა წააგო, ზედმეტად ოპტიმისტურია - რუსეთს არც არაფერი წაუგია და არც არაფერი მოუგია. მისთვის ეს სტატუს ქვოს შენარჩუნებაა და მეტი არაფერი - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობა აქამდეც აღიარებდა და ამ რეზოლუციის შემდეგაც აღიარებს. ასე რომ, ვერავინ იტყვის, ამ რეზოლუციის გატანით ქართულმა დიპლომატიამ რუსეთი ბეჭზე დასცაო... უბრალოდ, ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ქართულ დიპლომატიას საკუთარი პოზიციის არგუმენტაციაში გამოადგება ხოლმე.

რეზოლუციის გასვლით მიღებული „ზიანი“ რუსეთმა სხვა გზით აინაზღაურა. მოსკოვში ვიზიტის დროს ვენესუელის დიქტატორმა, უგო ჩავესმა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად ცნობის პირობა დადო. არის თუ არა ეს რუსეთის დიპლომატიური გამარჯვება და ჩვენი მარცხი? აქაც იგივე შემთხვევა გვაქვს, როგორც რეზოლუციის შემთხვევაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩავესის ამ ნაბიჯს უკიდურესად არამეგობრული, ცინიკური უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რეალურ ვითარებას საერთაშორისო ასპარეზზე ვერ შეცვლის; ცივილიზებული სამყარო არასდროს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს რომ მართლაც ასეა, საკმარისია, რეზოლუციის მხარდამჭერთა სიას გადავხედოთ - აქ არის ყველა ის სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაში „ამინდს ქმნის“ (რა თქმა უნდა, რუსეთის გარდა) და მათთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს.

ასე რომ, მოსკოვსაც არ მიუღწევია რაიმე გარღვევისათვის დიპლომატიურ ასპარეზზე უგო ჩავესის პირობით და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო სტატუსშიც არაფერი შეცვლილა - ყველამ კარგად იცის, უგო ჩავესის ეს პირობა რუსეთმა „იყიდა,“ რაც არცთუ მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი იყო. ამრიგად, აქაც ასეთივე სიტუაცია გვაქვს - ყველამ ყველაფერი იცის, კარტები მაგიდაზეა, თამაშის წესები კი ისეთივე დარჩა, როგორიც მანამდე იყო: სტატუს ქვო არ შეცვლილა...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1355
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია