დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ეფექტურად დაცული“ გარემო
2009/09/07 13:34:34

2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა (მსოფლიო ბანკი, გაერო, ევროკომისია) შეიმუშავეს საჭიროებათა ერთობლივი შეფასების დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს ფინანსური დახმარების პრიორიტეტები. დაახლოებით ორ კვირაში მომზადებული დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობის საშუალება, ფაქტობრივად, არ მიეცა სამოქალაქო საზოგადოებას - არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

დოკუმენტის მიღების პროცესში არ მოხდა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხებისა და საშიშროებების გათვალისწინება. დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ომის შედეგად ინფრასტრუქტურასა და გარემოზე მიყენებული ზიანი საგრძნობია, მაგრამ არა - დიდი. აღინიშნა, რომ გარემოსთან დაკავშირებული გადაუდებელი ღონისძიებებისათვის საჭიროა 2 მილიონი აშშ დოლარი (დამწვარი ხეების გამოტანა, ნავთობის დაღვრის ადგილების გაწმენდა). ხოლო გარემოს რეაბილიტაციის, ხეების დარგვის, ხანძრის შედეგად ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და დაცული ტერიტორიების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის, ასევე დამწვარი ტყეების მიმდებარე სოფლებში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის - 5 მილიონი დოლარი. ექსპერტების მიერ შემდგომ შესწავლილმა და დაანგარიშებულმა ზარალმა კი მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი იყო 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4.55 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა აღუთქვეს საქართველოს მთავრობას. 

ოდნავ მოგვიანებით, არასამთავრობო სექტორის ინიციატივით შეიქმნა კოალიცია „გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოსთვის“, რომელშიც შვიდი ორგანიზაციაა გაერთიანებული. კოალიციის წევრებმა ერთობლივი მემორანდუმი შეიმუშავეს, სადაც ერთ-ერთი მუხლი დონორების მხრიდან განხორციელებული ზედამხედველობის ეფექტიანობის ანალიზს - „დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაციით“ დადგენილი პრინციპების საფუძველზე შესწავლას ეხება. კოალიციის წევრი     „მწვანე ალტერნატივაც“ გახლავთ, რომელიც ომის შემდეგ გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ პრობლემებს და დონორთა მიერ გამოყოფილი თანხის განკარგვის მონიტორინგს ამზადებს. როგორც ექსპერტი, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს: „ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დახმარებიდან გარემოს დაცვისათვის განკუთვნილია 5 მილიონი ევრო, რომელსაც გამოყოფს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი. ამ 5 მილიონი ევროდან 1 მილიონი ევრო მიმდინარე საქმიანობისთვის უნდა მიიღოს „გაერთიანებულმა ტრანსსასაზღვრო სეკრეტარიატმა“, რომელიც მუშაობს სამხრეთ კავკასიაში დაცული ტერიტორიების განვითარებაზე, ხოლო 4 მილიონი დაიხარჯება ხევში (ყაზბეგში) ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე. უახლოეს პერიოდში დონორი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად გამოაცხადებს ტენდერს ამ ბიოსფერული რეზერვატის შექმნის შესაძლებლობების წინასწარი შესწავლისათვის. ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის ხელშეწყობა და ყაზბეგის ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ძალზე საჭირო  და მნიშვნელოვანი პროექტებია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, თუმცა ძნელია, რაიმენაირად დაუკავშირო 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს გარემოზე მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.“

„გაერთიანებული ტრანსსასაზღვრო სეკრეტარიატის“ ერთ-ერთი ამოცანაა ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის შექმნისა, რომელიც არის საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორია. მისი აღიარება UNESCO-ს მიერ ხდება. ამ ინიციატივის ფარგლებში ჯერ კიდევ 2007 წლის ბოლოს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ექსპერტებმა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა გერმანიაში იმოგზაურეს, სადაც ბიოსფერული რეზერვატები დაათვალიერეს. ამ ვიზიტის დროს შედგა დისკუსია KFW-სა და სამინისტროებს შორის სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატების შექმნის შესახებ. შედეგად, KFW დათანხმდა, დაეფინანსებინა თითო ბიოსფერული რეზერვატის შექმნა სამივე ქვეყანაში. ხელშეკრულება ამის შესახებ 2008 წლის პირველ ნახევარში გაფორმდა (წყარო - TJS ვებგვერდი.), ხოლო ხარჯვა განხორციელდება დონორის ჩვეულებრივი პროცედურებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხა არ შევა სახელმწიფო ხაზინაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე არსებობს შეთანხმება, რომ ასევე დაიწყება კიდევ ერთი პროექტი ომის შედეგად დაზიანებული ტყეების აღდგენასთან დაკავშირებით. საამისოდ ვალდებულება აიღო ფინეთის მთავრობამ, რომელიც, სავარაუდოდ, 2 მილიონ ევროს გამოყოფს. თუმცა პროექტი ჯერ მზადების სტადიაშია, მასზე მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამა.

მესამე საკითხი, რაც გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია, ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული, დევნილი მოსახლეობისათვის სახლების ასაშენებლად ხე-ტყისა და ინერტული მასალების გამოყენებას, რომელიც საქართველოშია მოპოვებული. ხე-ტყე გამოიყო მთავრობის განკარგულებით. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ტყის მართვის სამსახურის უფროსი გოგი დათუნაიშვილი აცხადებს: „აგვისტოს ომის შემდეგ დევნილებისთვის სახლების აშენების მიზნით ადგილობრივი ხის მასალა სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და გურიის სატყეო მეურნეობებში მოიჭრა. მოიჭრა იმდენი, რამდენიც დაგვავალეს. როგორ და რა დაიხარჯა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მოგაწოდებთ ინფორმაციას, ჩვენი ტყის მასივებიდან თუ რა რაოდენობის მრგვალი მორი გავიდა.“ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი დამზადდა 38 850 მეტრკუბი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომელიც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაზარალებული მოსახლეობის სახლების შეკეთებისა და მშენებლობის ღონისძიების უზრუნველსაყოფად გადაეცა. ამ უკანასკნელმა საშენი მასალა მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა თავად შეარჩია შემსრულებელი და დააფინანსა ღონისძიებები. განკარგულების შესაბამისად, ტყეკაფების გამოყოფა მოხდა ხაშურის, გორის, ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის სატყეო უბნებში. „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის ინფორმაციით, „იმაზე მეტი მოიჭრა, ვიდრე აღნიშნულ განკარგულებაშია მითითებული და უკვე დამზადებული მასალის გარკვეული ნაწილი აუთვისებელი დარჩა. ამასთანავე, ხე-ტყის დამზადების დროს არ იქნა დაცული ჭრის წესები. არ მოხდა ტყეკაფების გაწმენდა, დახურვა და სატყეო დეპარტამენტისათვის გადაბარება. ძალზე დიდ ფართობზე ტყეები გაუწმენდავია ნარჩენებისგან, ასევე ყრია დამამზადებლების მიერ დატოვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები (კონსერვის ქილები, ბოთლები და ა.შ.). ტერიტორიებისთვის, სადაც მოხდა ხე-ტყის დამზადება, დამახასიათებელია ტყის ხანძრები, რომლებიც, პრაქტიკულად, ყოველ წელს ხდება. სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებული მასშტაბის ხანძრები ბოლო წლებშიც იყო (2004 - აწყური, 2006 - აბასთუმანი, 2008 წ. აგვისტო - ბორჯომ-ბაკურიანი). ეს ნიშნავს, რომ არსებობს საშიშროება, დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის  განკუთვნილი ხე-ტყის მოპოვების ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდეს. ეს არის სავსებით რეალური და არა თეორიული საშიშროება. თუ სასწრაფოდ რაიმე ღონისძიება არ გატარდა, შესაძლებელია, ძლიერი ტყის ხანძარი განვითარდეს სამხრეთ საქართველოში.“

რამდენიმე ხნის წინ კი, პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, სახელდახელოდ შექმნილმა ანტიკრიზისულმა საბჭომ რიგით მეორე ანგარიში წარადგინა. საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ანტიკრიზისული საბჭოს წევრები ვერ იკრიბებოდნენ, საბჭო ინტენსიურად მუშაობდა ექსპერტების დონეზე. დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში ბევრი პრობლემა იქნა აღმოჩენილი, რომელთა ნაწილიც უკვე გადაჭრილია.“

არსებული განცხადების პარალელურად, კოალიციის წევრი ორგანიზაცია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემდეგ დასკვნას აკეთებს: დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს გაუჭირდება ბრიუსელის კონფერენციის შედეგად საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდობით დოლარის იმ ნაწილის ხარჯვის შესწავლა და მონიტორინგი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში არ აისახა, რაც, თავის მხრივ, ზრდის თანხების არარაციონალური და არამიზნობრივი ხარჯვის რისკს. ზოგიერთი პროცედურა საკანონმდებლო აქტებში აღწერილი არ არის. ეს შეეხება გრანტების აღრიცხვის საკითხსაც. საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილებამ კი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას პრაქტიკაში. გარემოს დაცვის კუთხით გერმანიის საკრედიტო ბანკის მიერ გამოყოფილი 5 მლნ ევრო კი გრანტის სახით უნდა მივიღოთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1409
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია