დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა მოხდა აღლუმის დასრულების შემდეგ?
2012/05/27 00:46:57

აღლუმის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ქუთაისის მერთან გიორგი თევდორაძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

პრეზიდენტი: როგორა ხართ, მოგწონთ პარლამენტი?

მოსახლეობა: გენაცვალე, მიშა, გენაცვალე, მოგვწონს პარლამენტი.

მოხუცი კაცი: მიყვარხარ, მიშა, მოდი, ჩაგეხუტები!

პრეზიდენტის დაცვა: გაუშვით ბაბუ პრეზიდენტთან.

მოხუცებული ჩაეხუტა პრეზიდენტს და ჯიბეში წერილი ჩაუდო.

პრეზიდენტი: ეს არის ჩვენი გამარჯვება, მოიცა, თქვენთანაც მოვალ. პრეზიდენტი მეორე მხარეზე გადადის - იქ, სადაც მოსახლეობა მისვლას სთხოვს.

ბავშვები: მიშა, მიშა, მოდი ჩვენთან, მიშა.

დაცვა: ხალხი, დაიხიეთ უკან! ბიჭებო, ზურგით დადექით, ამ ხალხს აქ რა უნდა. ხალხი გადავიდა იქეთ, გადავიდა!

დაცვამ სასწარფოდ შეკრა „ჯაჭვი“ და ხელჩაჭიდებულები პრეზიდენტს არავის აკარებდნენ.

ხანდაზმული ქალბატონი, წერილით ხელში, პრეზიდენტისკენ მიემართება, მაგრამ დაცვის წევრი მასთან არ უშვებს და ძალის გამოყენებით გარეთ აგდებს. 

ხანდაზმული ქალბატონი: ნელა, ნელა, ხელი გამიშვი, თორემ ვიკივლებ.

დაცვა: გაიყვანეთ აქედან ეს მეოცნებე და გარეთ გააგდეთ. ორმა ზორბა ახალგაზრდამ მხრებში უხეშად ჩასჭიდა ხელი გაძალიანებულ ქალბატონს, რომელსაც ხელში პატარა დროშა ეჭირა, და ისე გაათრიეს, ფეხებს ძირს ვეღარ ადგამდა.

მოსახლეობა: მიშას გოუმარჯოს, მიშას...

მეორე ქალბატონი დაცვის წევრს მიმართავს: შვილო, გთხოვ, მიმიყვანე პრეზიდენტთან და წერილს გადავცემ.

დაცვის წევრი: დეიდა, მომეცი წერილი. მე პრეზიდენტის ადმინისტრატორი ვარ და თავად გადავცემ.

ქალბატონი: ეჰ, შენ, შვილო, წერილს ქალაქიდან გასვლამდე დახევ.

დაცვის წევრი: წადი, რაა, თავი დამანებე.

დაცვის წევრები ჟურნალისტებს საშუალებას არ აძლევენ, რომ  პრეზიდენტს კითხვა დაუსვან.

ჟურნალისტი: მომეცით საშუალება, პრეზიდენტს კითხვა დავუსვა.

დაცვის წევრი: კითხვების დასმა არ იქნება, მხოლოდ მოსახლეობას გაესაუბრება და გავდივართ.

მოულოდნელად, პრეზიდენტი ტელეკამერების წინ ჩერდება და საუბრობს.

პრეზიდენტი: ახლა აქ აუცილებლად ვიღაც მოვა და გადაიღებს, რომ კორპუსების მეორე მხარეს არაფერი არ არის გაკეთებული. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ჯერ ეს მოვასწარით და უახლოეს მომავალში აქაც გაკეთდება ფასადები, მინდა, ვუთხრა მათ, ვინც ფიქრობს, რომ ფასადების ქვეყანას ვაშენებთ: ფასადების ქვეყანასაც ავაშენებთ და უფრო მაგარ ქვეყანასაც, მთავარია, ხალხი იყოს უკეთესად.

შემდეგ პრეზიდენტმა ისევ ხალხისკენ გადაინაცვლა, პატარა გოგონას ხელი მოჰკიდა და ჰაერში აიტაცა.

პრეზიდენტი: ეს არის ჩვენი მომავალი.

ხალხი: მიშა, მიშა, მიშა...

დაცვის წევრები: ბიჭებო, ზურგით დადექით, ხალხი პრეზიდენტის სიახლოვეს არ მივიდეს.

ამასობაში პრეზიდენტის ესკორტი გამოჩნდა და დაცვამ მიხეილ სააკაშვილი მანქანისკენ წაიყვანა. პრეზიდენტი მანქანაში ჯდება და დაცვასთან ერთად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს.

ქალბატონი: წავიდა მიშა, ვერ მოვასწარი, რომ წერილი გადამეცა.

მოხუცი კაცი: მეიცა პატარა ხანი, აქანე იქნება ყოველდღე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია