დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ისინი ჩამოდიან რეგიონებში...
2012/04/30 13:55:20

კარგად გამოგვიზაფხულდა და მთავრობის წარმომადგენლები (არამარტო მთავრობისა) რეგიონებში გაიფანტნენ. ვინ რომელ ობიექტს ხსნის და სად რა ფერის ლენტი იჭრება, უკვე სათვალავშიც აღარ ჯდება. ახალ საავადმყოფოებთან ხალხის შეკრება მიშას უკვე ტრადიციად ექცა.

 

ამჯერად გურჯაანის მოსახლეობამ იზეიმა ახალი, ძვირადღირებული სამედიცინო, „პუნქტის“ გახსნა. მანამდე კი „ჭუბერჰესის“ მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის თავკაცმა. მოსახლეობასთან ყოველი შეხვედრა კორუფციის დამარცხებაზე საუბრით იწყება და სრულდება. „რამდენ ლიდერს შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ მათ კორუფცია დაამარცხეს და ტაშს დაუკრავენ. ქვეყანა უნდა შევინარჩუნოთ ნებისმიერ ფასად. იმიტომ, რომ ისინი, ვისაც ხელები ჰქონდათ საცეცებივით გაწვდილი და ყელში ჰქონდათ ჩვენთვის წაჭერილი, ყველანაირი მეთოდებით და, მათ შორის, ჩვენი მტრის ფულის გამოყენებით ცდილობენ, რომ ეს სიტუაცია შემოაბრუნონ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანში, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ აშენებული საავადმყოფოს ლენტის გაჭრისას.

გურჯაანის შემდეგ პრეზიდენტის „რეგიონული ექსკორტი“ ხაშურს სტუმრობდა, სადაც მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და საძირკველში კაფსულა პირადად ჩადო. როგორც მან აღნიშნა, „ძალიან მნიშვნელოვანი საწარმო შენდება, მაგრამ უმთავრესი ხალხის დასაქმებაა,  ქარხნის მშენებლობა ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება,“ - განმარტავს იგი. მასთან ერთად ხაშურს სტუმრობდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.

თუ ქვეყნის პირველი პირი ახალ მშენებლობებს ხსნის და უყრის საფუძველს, პარლამენტის თამჯდომარე დავით ბაქრაძე რეგიონებში მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა. თერჯოლის შემდეგ იგი ხონს სტუმრობდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და იქაურ პრობლემებს გაეცნო. დავით ბაქრაძემ ასევე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც იმერეთის მხარეში ხორციელდება. იგი მოსახლეობას იმ პრობლემების გადაწყვეტას დაჰპირდა, რომლებიც ხონელებისთვის მოგვარებადია, მაგრამ - ჯერ კიდევ მოუგვარებელი.

ხელისუფლების მსგავსად, „უსაქმოდ“ არც ოპოზიციურ ფლანგზე არიან. „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში ამუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ხელისუფლების ზეწოლისგან დაიცავენ. „ჩვენ გვაქვს პროგრამა, რითაც მოვახერხებთ, დავიცვათ თითოეული მოქალაქე, რეალურად იმ ძალადობრივი იდეოლოგიისგან, რომელიც მოდის ერთი კაცისგან. მოგეხსენებათ, ბოლო დროს როგორი ძალადობა განხორციელდა ჩვენს მხარდამჭერებზე,“ - აცხადებს ივანიშვილი. ყოფილი ბიზნესმენი, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს, თუ როგორ აპირებს საკუთარი მხარდამჭერების დაცვას.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ბაზაზე დაფუძნდა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომლის თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკაში შემოსული ახალი სახეები მნიშვნელოვან  სიტყვას  იტყვიან.  „დარწმუნებული  ვარ,  ყველა  ის ადამიანი, ყველა ის ხალხი, რომელიც ახალ  პოლიტიკაში ახალ სახეებად ითვლება, თავის სერიოზულ სიტყვას იტყვის,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძის არჩევა შეთანხმებულად მოხდა საინიციატივო ჯგუფის დელეგატებსა და კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის.

ოპონენტების მსგავსად, რეგიონებს „ლაშქრავენ“ ქრისტიან დემოკრატები, ისინი გასულ კვირას ვანს სტუმრობდნენ და იქაურ პრობლემებს გაეცნენ. მოსახლეობას ძირითადად გზის, წყლის და საძოვრების პრობლემა აქვს. გიორგი თარგამაძე მათ დახმარებას დაჰპირდა. „ახალი მემარჯვენეები“ კი დავით გამყრელიძის ხელმძღვანელობით, 26 აპრილს ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის აღდგენის იდეით გამოვიდნენ.

ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები ხალხის თვალში ქულებს იწერენ და წინასაარჩევნო სამზადისში არიან, ავღანეთის მიწა ჩვენი ჯარისკაცების  სისხლით სველდება...

სამხედრო დავალების შესრულების დროს იქ 31-ე ბატალიონის სერჟანტი, ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა, რომელიც, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია