დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ტყეს დაჭიდებული ხელისუფლება
2011/11/28 12:23:12

ხელისუფლება იღებს ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც ტყის მასივი 49 წლიანი იჯარით გადაეცემა ინვესტორს. საზოგადოებაში ამას სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. ძალიან შეწუხდნენ გლეხები, რომლებიც ტყით სარგებლობენ. ამასთან დაკავშირებით ექსპერტ თემურ კეპულაძეს ვესაუბრეთ.

 

- ამ კანონპროექტით არაფერია ნათქვამი დაცულ ტერიტორიებზე, საერთოდ არაა ნახსენები საეკლესიო ტყეები. ჩვენ, მწვანეები და არასამთავრობოები, ვითხოვთ, მისაღები აქტების პაკეტი სრულად გვაჩვენონ. კანონის მიღების შემდეგ დაშვებული იქნება ტყის პირწმინდა ჭრა. დაცვითი ფუნქციები აღარ იარსებებს. არადა, ჩვენთან, 35%-ზე ზევით დაქანებაზე ჭრა აღარ შეიძლება. ჩვენთან ბევრი სოფელია შუაგულ ტყეში. ამ მოსახლეობას, ფაქტობრივად, ეკრძალება ტყით სარგებლობა. შეეძლებათ მხოლოდ სეირნობა და სოკოს მოკრეფა. ინვესტორს უფლება აქვს, მოსახლეს 4 თვით აუკრძალოს ტყეში შესვლა. დავუშვათ და, არ შეუშვას მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში. აბა, შემდეგ დათვიც იძინებს და არ შედის ტყეში! ზამთარში, რა უნდა ქნას მოსახლეობამ? ტყეში არის წყალი, წიაღისეული, სოფლები სასმელ წყალს აქედან იღებენ... ყველაფერი თუ ინვესტორის ხელში გადავა, აბა, სოფელს რაღა ეშველება?!

რატომღაც, გარემოს დაცვამ უკანა პლანზე გადაიწია, ეკონომიკის ეფექტის მიღების ტენდენცია კი პირველ ადგილზე დგას. ის, რაც არაეკოლოგიურია, არ იქნება ეკონომიკური, ამიტომ ამას არ გვაპატიებს ბუნება. ალბათ, გაივლის დრო და გარემოს დაცვის სისტემა ისევ აღდგება.

სხვათაშორის, მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები“-ს თანათავმჯდომარესთან, ნინო ჩხობაძესთან შეთანხმებას ვერ მივაღწევო. იმის გამო, რომ ჩვენ, მწვანეები, მტკიცედ ვიცავთ ჩვენს პოზიციას. ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე. ჩვენი პასუხი არის ის, რომ ვერ შევეგუებით ვერც ერთი სამინისტროს ისეთ ქმედებას, რომელიც საქართველოს ბუნების წინააღმდეგაა მიმართული.

ბატონ თემურ კეპულაძესთან ინტერვიუ უკვე ჩაწერილი გვქონდა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვასაც ვატარებდით, როცა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, მოულოდნელად გამოაცხადა, რომ კანონპროექტი სრულიად იცვლება. 21 ნოემბერს მინისტრმა ხეთაგურმა განმარტა, რომ განსახილველი პროექტი საწყისი მოსაზრების დონეზე იყო და 30 გვერდიდან 28 შეცვლილია.

ჩვენ დამატებით ვესაუბრეთ ექსპერტ თემურ კეპულაძეს, რომელმაც გვითხრა: „ჩემთვისაც გასაკვირი იყო მინისტრის ეს განცხადება, რადგან მანამდე პროექტის განხილვა ჩატარდა აგრარულ უნივერსიტეტში. 13 ოქტომბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ მოეწყო განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციების, პარლამენტის წევრებისა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. იქ ძალიან ბევრი შენიშვნა გამოითქვა. ეტყობა, რაღაც დონით საზოგადოებაში ჩამოყალიბებულმა უარყოფითმა აზრმა გავლენა იქონია პროექტის ავტორებზე. თუმცა, ამას ისინი არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ თავიდანვე ასე ჰქონდათ განსაზღვრული.“

როგორც სამინისტროს ვებ-გვერდიდან შევიტყვეთ, თვის ბოლოსთვის ყველა ინფორმაცია სრულად გამოქვეყნდება, მთ შორის - შეცვლილი კანონპროექტიც.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია