დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვახსოვართ ხელისუფლებას?
2011/11/28 12:19:18

სოციალურად დაუცველი ოჯახები საკუთარი ისტორიებით და პრობლემებით

გვიანი შემოდგომის იმ მზიან დღეს ნიკეას ქუჩაზე, ჟვანიას სახელობის სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილთა საერთო საცხოვრებელს იმ განზრახვით ვესტუმრე, რომ ამ შენობაში თავშეფარებული მრავალშვილიანი ოჯახები მომენახულებინა.

 

აქ ყველაფერი ჯერჯერობით ისევ ვარდების რევოლუციამდელ საქართველოს ჰგავს. ხელისუფლების ყურადღება აქ არ იგრძნობა, გარდა იმისა, რომ აქაურები „ციმციმა“ ელექტრომრიცხველებით იხდიან დენის საფასურს. ჩაბნელებული კორიდორის გავლით, ძველისძველ, დაფხავებულ კარს მივადექი. კარი დაუკითხავად შევაღე და ოჯახური იდილიის მოწმე შევიქენი: ერთი ციცქნა გაურემონტებელი, ძველი, გაქუცული ავეჯით სავსე ოთახში ახალგაზრდა მამაკაცს პატარა, ბუთხუზა გოგონა ჩაეხუტებინა და უნანავებდა. როგორც ჩანს, სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც მინდოდა რომ ვყოფილიყავი. ახალგაზრდა კაცი ზვიად სვანაძე აღმოჩნდა - მრავალშვილიანი ოჯახის მამა. მისი მეუღლე, ქეთევან გრძელიძე, შინ არ დამხვდა.

- „ქეთევანი ამ წუთას გავიდა სახლიდან, „მადლიერების სახლში“ დადის ბავშვებისათვის პურისა და მზა სადილის მოსატანად. მე და ქეთევანი 10 წლის უკან დავქორწინდით. და ოთხი ქალიშვილი შეგვეძინა. უფროსი - ნინო მეოთხე კლასში სწავლობს, უმცროსი ქალიშვილი შარშან, 14 ოქტომბერს შეგვეძინა, უმუშევრები ვართ, ოჯახის ერთადერთ შემოსავალს სოციალური დახმარება წარმოადგენს. ჩვენს ნაბოლარას რიგრიგობით ვუვლით. შეუღლებიდან 4 წელი რუსთავში ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში, ბოლო ხუთი წელი ავტოქარხანაში, ნათესავების ბინაში გვქონდა თავი შეფარებული. დიდ მადლობას ვუხდით ქალაქის მერსა და საბინაო ფონდის მაშინდელ ხელმძღვანელს, ქალბატონ ნარგიზა ჩოგოვაძეს იმისათვის, რომ გულთან მიიტანეს ჩვენი ოჯახის მძიმე მდგომარეობა და ამ ბინაში შემოგვასახლეს,“ - გვიამბობს ზვიადი.

ოთხი არასრულწლოვანი ბაშვისათვის აუცილებელ საარსებო პირობებს აქ ნამდვილად ვერ ვხედავ. ბავშვების საძინებელი ოთახი კორიდორისაგან ოთხი ცალი თხელი ფანერითაა გამოყოფილი, რაც ბავშვებს ზამთარში სითბოს ვერანაირად შეუნარჩუნებს. ირგვლივ ყველაფერს სიღარიბისა და გაჭირვების კვალი ადევს.

- ეს ფანერების კედელი, როცა შემოგვასახლეს, აქ დაგვხვდა, ჩვენამდის მცხოვრებ ლტოლვილებს ეკუთვნოდა. ამასწინათ გვესტუმრა ამათი პატრონი, დევნილი ქალბატონი და ცხარე ცრემლის ღვრით გვევედრებოდა, შვილისათვის წამლის შესაძენი ფული არ გამაჩნია, ეს ფანერები ჩემი ფულით მაქვს შეძენილი და ძალიან გთხოვთ გამატანეთო. აბა, როგორ გავატანდით, მაშინ ხომ ჩვენ თავად ღია კორიდორში აღმოვჩნდებოდით ჩვენს პატარებთან ერთად. უამრავი პრობლემა გვაწუხებს, ხელისუფლება ყოველდღიურ პურსა და გამზადებულ სადილს რომ არ გვაძლევდეს, ალბათ, შიმშილით დავიხოცებით. ერთადერთი, რაც გვაიმედებს ის გახლავთ, რომ ლტოლვილთა სამინისტრო მომავალი წლის ზაფხულში ამ შენობის კომპლექსურ გარემონტებას გვპირდება. გვექნება წყალიც, დენიც და საკუთარი ტუალეტ-აბაზანებიც, რაც ამჟამად არცერთ აქაურ ოჯახს არ გააჩნია. - იმედიანად მეუბნება ზვიადი.

ანალოგიურ პირობებში ცხოვრობს ოთხი შვილის დედის, 35 წლის ხათუნა აბზიანიძის ოჯახიც, იმ განსხვავებით, რომ საძინებელი ოთახის კედლები საზიარო ფანერებით არა აქვთ გამოყოფილი. სამაგიეროდ, უკან ისეთი მძიმე ყოფა და გაჭირვება მოიტოვეს, რომ ოჯახის ექვსი წევრიდან სამი წევრი ფსიქონევროდისპანსერის პაციენტი გახლავთ.

ოჯახის ერთადერთ საარსებო საშუალებას სოციალური დახმარება და ინვალიდობის პენსია წარმოადგენს. სანამ ამ შენობაში შემოასახლებდნენ, 2010 წლის ოქტომბრის თვემდე ნათესავებთან ოჯახში ცხოვრობდნენ მიქელაძე-მეველის ქუჩაზე.

„საცხოვრებელი ფართის გამოყოფამდე ჩვენი ცხოვრება სრულ ჯოჯოხეთს წარმოადგენდა. დედამთილ-მამამთილის ოჯახში, რომლებიც სოფელ გეგუთში ცხოვრობენ, არანაირი საარსებო საშუალება არ გაგვაჩნდა. არასრულწლოვანი ბავშვების დატოვება გონებაშეზღუდული მაზლისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში მიწევდა, რაც ყოვლად დაუშვებელი გახლდათ. ჩემი ოჯახისათვის საბინაო პირობების შესაქმნელად თხოვნით მივმართე გუბერნატორსა და საქართველოს პრეზიდენტს, საჩივარს საჩივარზე ვაგზავნიდი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა. მაშინ იძულებული გავხდი, ჩემი შვილებითურთ პრეზიდენტის კანცელარიაში დამედო ბინა. ორი თვე ჯოჯოხეთურ პირობებში ვიცხოვრეთ. ბავშვებთან ერთად კანცელარიის იატაკზე ვიძინებდით, პრეზიდენტთან შეხვედრას ვცდილობდით, მაგრამ არ შეგვხვდა. ბაშვებისათვის საკვები პრეზიდენტის დაცვის წევრებს მოჰქონდათ, ისინი მიწევდნენ დახმარებას. ჩვენი გუბერნატორი დახმარებას მაინც არ ფიქრობდა. საშინლად განერვიულებულმა უმცროსი - 2 წლის ბავშვი უგულო გუბერნატორს ხელებში ვესროლე.

იმ პერიოდში მეხუთე ბავშვზე გახლდით ფეხმძიმედ, მუცელი მომეშალა, შვილი დავკარგე. ჩვენი ოჯახის თანადგომის უნარი მხოლოდ ქალაქის მერს აღმოაჩნდა. დაგვიყვავა, მოგვისმინა და ამ შენობაში დროებით მცხოვრების სტატუსით შემოგვასახლეს, არც ამის შემდგომ დაგვკლებია მისი ყურადღება. პერიოდულად სურსათ-სანოვაგეს და პროდუქტებს გვიგზავნიან. რამდენიმეჯერ მერის მოადგილემ, ბატონმა ნიკო კაჭკაჭიშვილმაც მოგვინახულა, გერმანელებთან ერთად გვესტუმრა. ქალბატონ სანდრა რულოვსის პატრონაჟით ჩვენს ანას ყოველთვიური დახმარება აქვს დანიშნული, სოციალურ დახმარებასაც ვღებულობთ და მადლიერების სახლიდან სადილიც მოგვაქვს.

- ქალბატონო ხათუნა, იმ თორმეტი ოჯახიდან, რომლებიც თქვენს შემდგომ ამ შენობაში შემოასახლეს, კიდევ რამდენია სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე?

- მაკა, სოსო, დოდო, ნინელი, თამრიკო, ქეთევანი... გამოდის, შვიდი ოჯახი! ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ასევე აფხაზეთის ომის ვეტერანების ოჯახები, ერთ-ერთი მათგანი გოჩა გაბუნიას ოჯახი, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილე გახლავთ, ამ ზაფხულს შემოასახლეს, ჩვენს ქვემოთ, პირველ სართულზე ცხოვრობენ. ალბათ, იმათაც გაეცნობით.

- აფხაზეთის ომის ვეტერანი კი ვარ, მაგრამ „ვეტერანის“ წოდების მიღებას ვერ ვეღირსე, - ნაღველი ურევია ხმაში 42 წლის ყოფილ ოფიცერს გოჩა გაბუნიას. მათ ამ ზაფხულს, ივლისში შენობის ყოფილ საკუჭნაოში გამოუყვეს საცხოვრებელი ფართი.

- ვეტერანის სტატუსი რატომ არ მოგანიჭეს? - ვეკითხები.

- 1993 წლის აგვისტოს თვეში, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, ქუთაისის 21-ე ბრიგადის ახალწვეული ვიყავი. სამხედრო „გარადოკში“ ვიდექით დაახლოებით 500 კაცი. ჩვენს ბრიგადას დიმა მეფარიშვილი ხელმძღვანელობდა. ომის დაწყებისთანავე ჩვენი ბრიგადა შუაში გაყვეს, ნახევარი ერთი თვის მანძილზე ვიდექით ტამიშზე, ხან მერკულაში - წინა ხაზზე. საბრძოლო ოპერაციებს დიმა ხელმძღვანელობდა. სოფლის ნახევარი გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩვენი იყო, ნახევარი იმათი.

მიუხედვად იმისა, რომ ახალწვეულები ვიყავით, ჩვენი ხელმძღვანელობის უნარიანობის წყალობით 250 კაციდან მხოლოდ ხუთი კაცი დაგვეღუპა.

ჯარი სამხედრო ოფიცრის წოდებით დავტოვე. ვეტერანის წოდება ჩვენი ბრიგადის ბიჭებმა იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ ერთ-ერთი დაბომბვის დროს ჩვენი საბუთები განადგურდა და დღეს იმ ომის ბევრი ვეტერანი იმასაც ვერ ამტკიცებს, რომ ომის მონაწილე გახლდათ. ელიავა რომ შემოვიდა ხონში, მაშინაც წინა ხაზზე ვიდექით. ჯარი ავადმყოფობის გამო მივატოვე, მიღებული კანტუზიის გამო პერიოდულად ძლეირი თავის ტკივილები და შეტევები მეწყებოდა.

ჩემმა მშობლებმა ჩემი მკურნალობის ხარჯების გამო გაყიდეს სახლი და დაახლოებით 10 წელია ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით.

ჩვენი მდგომარეობა გულთან არავის მიუტანია, მგარამ ამ ზაფხულში ხელისუფლებამ ნავსი გატეხა და ქალაქის მერისა და საბინაო ფონდის ხელმძღვანელთა ხელშეწყობით ამ შენობაში მოგვცეს ბინა, რისთვისაც მათი დიდი მადლიერები ვართ, მაგრამ, რაც ძალიან გულს გვტკენს, ის არის, რომ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები სარგებლობენ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებებით და შეღავათებით. ჩვენ პირადად კი დღემდის არანაირი შეღავათებით არ გვისარგებლია. მხოლოდ გერმანელებს გავახსენდით, ჰუმანიტარული დახმარება გამოგვიგზავნეს ქალაქის მერიის ხელმძღვანელთა რეკომენდაციებით.

მძიმე განწყობით დავემშვიდობე გოჩა და თამრიკო გაბუნიების ოჯახს, მაგრამ უარესი თურმე ზემოთ, მეოთხე სართულზე მელოდებოდა, როცა აფხაზეთის და სამოქალაქო ომის მონაწილისა და გმირულად დაღუპული ზემდეგის, დავით დობორჯგინიძის მშობლების - სოსო და ზეინაბ დობორჯგინიძეების სტუმარი აღმოვჩნდი.

- ჩემი შვილი 1993 წლის 20 ოქტომბერს დაიღუპა, ხონის საზღვარზე, მდ. გუბისწყალთან, ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს სპეცნაზის ზემდეგი იყო, - გვიამბობს ბატონი სოსო, - აფხაზეთის ომში დაღუპულის სტატუსი არ მისცეს. როცა ვიკითხეთ, თუ რატომ, ასე გვიპასუხეს, ტყვია მაინცდამაინც იქ, აფხაზეთის ომში გასროლილი უნდა მოხვედროდაო, არა და აფხაზეთის ომში სამი ჭრილობა მიიღო. მთავარსარდლობის ბრძანებით, ომში უკან დახეულ მებრძოლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყელში დაჭრილმა, ფეხით გადმოლახა ჭუბერი, სახლში სიცხიანი დაბრუნდა, აკანკალებული, ანერვიულებული, ყელზე შემოხვეული სისხლიანი დოლბანდებით. სახლში მისი ორი შვილის ორი აკვანი გვედგა, პატარებს მოეფერა, მეუღლე დააიმედა. ვთხოვეთ, არ წასულიყო. შვილები არ მიეტოვებინა, უარი გვითხრა, „იქ, ნამომარი ბიჭები და ომით გასავათებული ლტოლვილები მელოდებიან, იმათ უნდა მივხედოთო“ - და წავიდა. ოსეთიდან დაწყებული საქართველოსთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდა.

ჩვენ კი იმასაც ვერ ვახერხებთ, რომ სამშობლოსთვის თავშეწირული შვილის ვეტერანობა დავამტკიცოთ - მისი შვილების ხელშესაწყობად. სახლში ორი თოთო ბავშვის აკვანი დაგვიტოვა, მაშინაც ნაქირავებში ვცხოვრობდით, „გარადოკში“.

როცა აფხაზეთის ომი დამთავრდა, გვაიმედებდა, ინსტიტუტს რომ დავამთავრებ, სამხედრო წოდებასაც მომცემენ და ბინასაცო. მთელი ოჯახი მის სიცოცხლეს შევხაროდით და, მოულოდნელად, ყველაფერი დამთავრდა, შვილიც დავკარგეთ და მომავლის იმედიც.“

გმირის მამის ხმაში ნერვული ნოტები მატულობს: „17 წელი ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრეთ. მადლობელი ვარ მერიის, იმიტომ, რომ ქუჩაში აღარ მომიწევს სიკვდილი. დავითის შვილები დღეს უკვე სტუდენტები არიან. სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ. იოსები დამოუკიდებელი უნივერსიტეტის მესამე კურსელია, ქრისტინე მეორე კურსზე სწავლობს. 1500 ლარი მარტო ქრისტინეს სწავლის საფასური უნდა გადავიხადოთ, მაგრამ ვერ ვიხდით, სამი ბანკიდან გვაქვს სესხი გამოტანილი მისი სწავლის საფასურის დასაფარავად.

- თქვენი მეუღლე სად არის, მასთან მინდა შეხვედრა, - ვუთხარი ბატონ სოსოს.

- დღეს ჩემი შვილის გარდაცვალების დღეა შვილო, იქ არის, სასაფლაოზე, მისი თანამებრძოლები და მეგობრები ერთად იკრიბებიან მისი სულის მოსახსენიებლად...

გადავწყვიტე ქალბატონ ზეინაბს პირადად გავსაუბრებოდი, მაგრამ როცა რამდენიმე დღის შემდეგ მას შევხვდი, ძალიან ვინანე. უდროოდ დაღუპული შვილის გარეშე განვლილ 17 წელიწადს ამ სათნო და კდემამოსილი ქალისათვის არცერთი ტკივილი არ გაუნელებია.

 

*** 

მაშინ, როცა მრავალშვილიან დედას თუ ოჯახის მამას დამოუკიდებლად არ შეუძლია საკუთარი შვილები გამოკვებოს, როცა I ჯგუფის ინვალიდი და სოციალურად დაუცველი სანაგვე ურნაში დაეძებს საკვებს; როცა აფხაზეთის ომის ვეტერანს არ გააჩნია დამოუკიდებელი სახსრები იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობის რეაბილიტაცია შეძლოს: როცა ომში დაღუპული და სამშობლოსათვის თავშეწირული გმირის შვილები სწვალის თანხის გადახდას ვერ ახერხებენ, - სასაცილო ხდება და პოლიტიკურ სიბეცეს წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან ყინულის მოედნებში, უგემოვნო შუშის სასახლეებში, მომღერალ შადრევნებსა და ხელისუფლების ფუფუნებისთვის გადაყრილი მილიონები.

 

ლელა ფხაკაძე-ზარანდია 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია