დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბაგა-ბაღში შესახლებული დევნილები შენობის რემონტს ითხოვენ
2011/07/11 13:01:19

1993 წელს აფხაზეთიდან დევნილი ოცი ოჯახი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღში შეასახლეს. დროთა განმავლობაში შენობა წვიმამ დააზიანა და, ფაქტობრივად, საცხოვრებლად უვარგისი გახდა. დევნილთა თქმით, სახლის სახურავი მთლიანად გამოსაცვლელია.

 

ჩვენ ადგილზე ვესტუმრეთ დევნილებს და მათი პრობლემები მოვისმინეთ.  

 

კლარა კუკულაშვილი: „ონკანებიდან წყლის მაგივრად ფეკალური მასები მოედინება, სასმელ  წყალს ვედროებით, დაახლოებით, ერთი კილომეტრიდან ვეზიდებით. შენობის სახურავი გაფუჭებულია და წვიმის დროს სახლი წყლით ივსება. ყველაზე საშინელება ზამთარშია, ჩვილი ბავშვები გვყავს და ხშირად ავადმყოფობენ. რა დახმარებაზეა საუბარი, როდესაც 22 ლარს გვაძლევენ და იმასაც გვამადლიან. ერთი თვის წინ დევნილთა სამმართველოდან დავით აფციაური თავის ამფსონებთან ერთად მოვიდა. იცით, რა გვითხრეს, წლევანდელ ზაფხულზე გაგიკეთებთ რემონტსო. მას შემდეგ არავინ გამოჩენილა. მოვითხოვთ დროულად შენობის გარემონტებას.“

ანჟელა ქარდავა: „ამ შენობაში თვრამეტი წელია ვცხოვრობთ, შენობა იმდენად დაზიანდა, აქ ცხოვრება შეუძლებელია. ჭერი საერთოდ არ ვარგა, სახურავი აუცილებლად გამოსაცვლელია.

ჩვენთან შარშან მინისტრი, კობა სუბელიანი ორჯერ იყო მოსული და გვითხრა, არ ინერვიულოთ, პირველ რიგში თქვენთან შემოვალთ და გაზაფხულზე რემონტს აუცილებლად გაგიკეთებთო. სასმელი წყლის და კანალიზაციის მილი ერთმანეთზეა შეერთებული. ისეა გაფუჭებული წყალი, ვერ ვსვამთ. სხვა არაფერი გვინდა, მხოლოდ რემონტი გაგვიკეთონ.“

ქსენია გულუა: „რამდენჯერ უნდა მივმართოთ აფციაურს, მეტი აღარ შეგვიძლია.  აგერ, სასტუმრო „კოლხეთში“ მალე შევლენ და დაიწყებენ რემონტს. ჩვენ სიაში პირველები ვიყავით, ასე გამოდის, არც პირველები და არც მეორეები ვყოფილვართ! ამ შენობაში ოცი ოჯახი ვცხოვრობთ, არჩევნები რომ მოახლოვდება, მაშინ ახსენდებათ ჩვენი არსებობა. ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები რას არ გვპირდებოდნენ. წელს, ზაფხულში თუ არ გაარემონტეს შენობა, ზამთარში აქ ვერ ვიცხოვრებთ.“

როდესაც დევნილებს ვესაუბრებოდით, მათი თავშესაფრის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან გულუა მოულოდნელად შემოგვიერთდა და ოპერატიულად  ჩაერთო  საუბარში:  „რამდენიმე  წუთის  წინ დავით აფციაურთან ვიმყოფებოდი, რომელიც შენობის გარემონტებას დაგვპირდა.  რემონტი ერთდროულად არ დაიწყება, ქუთაისში 23 ობიექტია შესაკეთებელი. ამჟამად ხელოსნები სასტუმრო „კოლხეთში“ კოსმეტიკურ სარემონტო სამუშაოებს ეწევიან. ამ დღეებში ჩვენთან საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ შემოვა და შენობას შიფერით გადახურავენ“. - განაცხადა რომან გულუამ.

დევნილებმა ბატონ დავით აფციაურის გამოგზავნილი ინფორმაცია  მორიგ აუსრულებელ დაპირებად მიიჩნიეს და ფიქრობენ, რომ წელს შენობის გარემონტება არ დაიწყება.

 ამ საკითხთან დაკავშირებით  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსს, დავით აფციაურს სამსახურში ვეწვიეთ. როგორც ყოველთვის, მრავალტიტულოვანი ბატონი აფციაური კაბინეტში დაგვხვდა, მაგრამ მედიასთან კონტაქტი კვლავ (მერამდენედ!) არ ისურვა.

დავით აფციაურის პრესსამსახურმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უფროსთან, ეკა გულუასთან გადაგვამისამართა. ქალბატონ ეკას ტელეფონით დავუკავშირდით და დევნილთა მოთხოვნა გავაცანით, ჩვენი მრავალგზის შეხსენების შემდეგ, როგორც იყო, ელექტრონული წერილით ასე გვიპასუხა: „ეს ობიექტი ჩასმულია სარეაბილიტაციო ობიექტების ნუსხაში და დევნილები აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან. შესაბამისად, ობიექტი დევნილებს საკუთრებაშიც გადაეცემათ“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1391
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია