დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიყვარული „ნიმფების ხეივანში“
2012/04/17 12:30:06

ლელა ფხაკაძე-ზარანდია ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ერთ-ერთი გამორჩეული სახელია. სოციალურ თემებზე შექმნილი მისი მძაფრი პუბლიცისტური წერილები ხშირად მოქცეულა მკითხველი საზოგადოების ყურადღების ქვეშ. შემოქმედი ქალბატონი, რომელიც ერთმანეთს წარმატებით უხამებს მწერლისა და ჟურნალისტის შრომას, უდავოდ, შთამბეჭდავ კალამს ფლობს.

მოთხრობების პირველი კრებული კი თხუთმეტიოდე წლის წინ გამოსცა, მერე პროზაში აღარაფერი დაუბეჭდავს. ახლახან ის კვლავ გამოჩნდა მკითხველის თვალსაწიერში - ჟურნალ  „განთიადში“ ორი ახალი, საინტერესო მოთხრობა გამოაქვეყნა, ამ დღეებში კი უკვე შესანიშნავი წიგნითაც წარსდგა ლიტერატურული საზოგადოების წინაშე. „ნიმფების ხეივანი“ - ასე ჰქვია ამ ვრცელ მოთხრობას, სადაც ერთმანეთს ერწყმის ავტობიოგრაფიული მომენტები თუ მწერლის ფანტაზიით წარმოსახული ირეალური სამყარო (ეს ირეალურიც, სხვათა შორის, მწერლის გენეტიკური მეხსიერებით იკვებება...). რეალური თუ მითოლოგიური პერსონაჟები, ყოფითი დეტალები, ფოლკლორული რემინისცენციები, მხატვრული თხრობის განსაკუთრებული მანერა - ნაწარმოებს თვითმყოფადობას და ექსპრესიას ანიჭებს.

წიგნს, რომელიც ლელი ბაჩლელის ფსევდონიმით დაიბეჭდა, ახლავს ავტორის მრავლისმეტყველი მინაწერი: „ჩემი მეუღლე ჩემი შემოქმედებითი იმპულსების მუდმივი წყაროა... ის ჩემი ხუთი შვილის მამაა და დღეს მისთვის, უსინათლო კაცისათვის, სამყარო სინათლით, სითბოთი და ბედნიერებით მხოლოდ იმიტომ არის სავსე, რომ მის ირგვლივ მხოლოდ სიყვარულია...“

ამ სიყვარულით საზრდოობს ქალბატონი ლელას ეს წიგნიც და მთელი მისი ცხოვრებაც - დღეს იგი 50 წლის გახდა...

ვულოცავთ უნიჭიერეს შემოქმედ ქალბატონს, მრავალშვილიანი ოჯახის დედა-დიასახლისს და ლამაზ კალმოსანს, ნახევარსაუკუნოვან იუბილეს! ბედნიერად ევლოს მომავალი აღმართებისაკენ!

 

პატივისცემით - გაზეთ P.S.“-ის რედაქცია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2825
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია