საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„მტერიც არ შემხვდა მტრისფერი...“
2010/09/27 13:11:42

სალომე - ლამაზი იმერელი გოგონა - სიყვარულით გათხოვდა კახეთში. ეს შარშან იყო. ახლა ის ერთი თვის თამარის დედაა, იმ თამარისა, რომლის გასაცნობად და დასალოცადაც ოჯახი და ჩვენ - ნათესავები - აგვისტოს ცხელ შაბათს ქუთაისიდან დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვედა ქედას ვეწვიეთ. 

 

დანდობილები და დამნდობები

 

მართლა ლამაზი სოფელია ქვედა ქედა - შირაქის ვაკეზე, საქართველოს უკიდურეს განაკიდეზე გაშენებული. იქვე, ჩვენი სიძის სახლიდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით, მდინარე ალაზანი საზღვრად მიედინება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, მის ორივე ნაპირზე კი ორივე ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ალაზანს გაღმა ისტორიული ჰერეთის აწ უკვე თათრული სოფელი მოსჩანს.

საღამოს აგრილდა და სოფლის შემოგარენს მოვედეთ, ბევრი ვიარეთ, ირგვლივ საქართველოსთვის დამახასიათებელი სილამაზე იყო, შორით - კავკასიონის, ახლო - ალაზნის ველის, აგვისტოს კრიალა ცის რაღაცნაირად ამაღლებული, ჰეროიკული სილამაზე. მერე მეწამული დაისი დაიფერფლა და ინდიგოსფერ ბინდში გაეხვია კახეთი, კუხეთი, ჰერეთი.

დილით, ვიდრე გულუხვი მასპინძლის ჯალაბობა ხინკალს ახვევდა და ორთქლის სამუმადენილ უზარმაზარ ქვაბში ჰყრიდა, სტუმარი მამაკაცები არაყით იხსნიდნენ მადას და სტუმარი ქალბატონები კი უკვე შეთვალებული ყურძნის თალარში ვისხედით, ჭიშკარს, სად იყო და სად არა, ხანდაზმული, მაგრამ ახალგაზრდულად წელგამართული, სანდომიანი ქალბატონი მოადგა, უპეებთან ნაოჭებმომრავლებული. ჯერ ისევ სხივიანი თვალებით, სათვალეებიდან დაკვირვებით იხედებოდა, ცოცხლად, გულღიად.

- პატარა ქალას დასალოცად მოვედი! - საჩუქარი გადასცა დიასახლისს, ბავშვთან არ შეჰყვა, - აბა, მე რად უნდა შემხედოს და შეშინდესო, - მაინც თხოვნა შეისმინა და დარჩა, დარჩა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა ბედად.

- მოგტაცეს, ხომ, და რაღას იზამდით! მაუხვედით, ჭკვიანები არიან თქვენი მძახლები, თქვენ, იმერლები, ხმაურიანი და გულიანი ხალხი ხართ! - ჩამელაპარაკა თბილად, იმ განუმეორებელი კილოთი, ვაჟას გმირები რომ ლაპარაკობდნენ, ალბათ (მე ცოტა კი მეხამუშებოდა, ყველა იმერელს რომ მიწოდებდა ამ ლეჩხუმელ ქალს, მაგრამ თავი დავარწმუნე - ახლა ლიხს იქით ყველა ერთია და, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ იქნა, ქმრისეულების ეგიდით უნდა გამოვიდე ლიხს აქეთურების წინაშე-მეთქი.).

- იმერლები გულიანი ხალხი ხართ, კულტურითაც წინა ხართ ჩვენზე, ჰო, ჰო, რად შაიკვირვე, ჩვენა თქვენამდე რომ მოვიდეთ, ერთი საუკუნე მაინც გვინდა, მე კიდენა ფშაველი ქალი ვარ... ფშაველები დანდობილები და დამნდობები არიან.

- ფშავის რომელი სოფლიდან ბრძანდებით? 

- ჩარგლიდანა ვარ.

(ჩარგალი! ამ სახელის გაგონება გულგრილად რომელ ქართველს შეუძლია!)

- რა გვარის ქალი ბრძანდებით? 

- ხელაშვილი.

- მიხა ხელაშვილს რად ეკუთვნით? 

- მიხას ქალიშვილი ვარ, - გამიღიმა.

აღარაფერს აღარ ვიტყვი იმაზე, თუ როგორ გამიკვირდა, როგორ ვერ ვიჯერებდი და მერე როგორ დავიჯერე და როგორ გამიხარდა... ემოციების ამოფრქვევის შემდეგ ბლოკნოტი და საწერელი მოვიმარჯვე და საუბრის ჩაწერა დავიწყე...

 

პოეტ მიხა ხელაშვილის შესახებ

 

ვინ არ იცის „ლექსო, ამოგთქომ, ოხერო!..“ აქამდე ის ხალხური ლექსი ეგონათ. VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი ასეა შეტანილი! არადა, მისი ავტორი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულ ძმათაგან ერთ-ერთი იყო, უნიჭიერესი პოეტი, რომლის ხსენება საბჭოთა ხელისუფლებას აკრძალული ჰქონდა! 

მიხა ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს დაიბადა უკანა ფშავში, ახადის თემში. თბილისში დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი და ბარისახოს ეკლესიაში მიიღო დიაკვნის ადგილი.

მრავალმხრივი ნიჭიერებით გამოირჩეოდა, ღვთისადმი რწმენით აღვსილი, სამშობლოს სიყვარულით ანთებული ჭაბუკი, ვის სულშიც პოეზიის მადლი და ნიჭი მზესავით ჩახჩახებდა, მუსიკალური ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. ფანდურსა და სალამურზე საკუთარ და სხვათა ლექსებს ამღერებდა, კაფიაობდა, ხალხში უზომო ავტორიტეტით სარგებლობდა, რადგან მათ სამშობლოს, ღვთის და კაცთა მოდგმის სიყვარულს ჩააგონებდა! ბუნებით რაინდი, უებრო ღონის პატრონი, ბეჭდაუდებელი მოჭიდავე, მხედარი და ჩუბინი იყო.

მისი სიჭაბუკის და სულიერი აღზევების წლები საქართველოს ძნელბედობის ჟამს დაემთხვა: მთის გასაბჭოება, კომკავშირელების, კომუნისტების ბრძოლა ღვთის, ეროვნულობის, ადამიანების წინააღმდეგ. მიხა იძულებული გახდა, ეკლესია დაეტოვებინა და ტყეში ეძებნა თავშესაფარი.

დიდხანს ებრძოდა ხელისუფლება მარტოხელა გმირს, მიხას კი ტყვია არ ეკარებოდა, მისი მტერი მარცხდებოდა, მისი სახელი და მისი ლექსი ქუხდა და დამცრობილ ერს სიამაყეს და იმედს უნერგავდა. შემდეგ ის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმს შეუერთდა და 22-24 წლების შეიარაღებულ გამოსვლებში მონაწილეობდა ფშავსა და ხევსურეთში საძულვილი რეჟიმის წინააღმდეგ. 24 წლის აჯანყების დამთავრების შემდეგ ის არ გაჰყვა შეფიცულ ძმებს უცხოეთში, სამშობლოში ყოფნა არჩია, თუმცა კარგად უწყოდა, აქ მომავალი არ ჰქონდა.

1925 წლის 25 იანვარს კი, სწორედ იმ დღეს, როცა 25 წლის გახდა, მიხა ხელაშვილი ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა ვერაგულად მოკლა.

 

ასე წავიდა წუთისოფელი...

 

- ქალბატონო თამარ, რომელ წელს დაიბადეთ?

- 1922-ში.

- მამათქვენზე ბევრი რამ ცნობილი გახდა, დედათქვენი ვინ იყო, მასზე და მის ოჯახზე გვიამბეთ.

- დედაჩემს დედუნა ერქვა, ბაჩიაშვილი იყო გვარად. მამამისი, ფოცხვერა, მდიდარი კაცი ყოფილა, მიწები ჰქონიყო (მიხას მამას კიდენა მარტო წიგნები ჰქონდა თურმე, მღვდლების ოჯახი ყოფილა, მიხაც დიაკონი იყო). 11 წლისა ფოცხვერა მოჯამაგირედ წასულა ცხვარში, 25 წლისა დაბრუნებულა, 500 ცხვარი მიუცია კეთილი საქმისათვის, ვისთანაც იდგა მოჯამაგირედ იმასა, გაამრავლა თურმე ცხვარი, გამდიდრდა, მაგრამა, დრო მოვიდა და კომუნისტებმა გაუხეთქეს გული - ქონება წაართვეს.

- მიხას და დედუნას ერთმანეთი როგორ შეუყვარდათ?

- მიხა 20-ის ყოფილა, დედუნა კიდე - 15 წლის ბალღი. მიუვიდა მამიდაჩემი სალომე, გონიერი ქალი ყოფილა დიდად, ჭკვიანი, ფოფოდია, ე.ი. მღვდლის ცოლი. წამაიყვანა ძმა, მიუვიდნენ ფოცხვერასა. - ესენი რაიზედ მოვიდნენ, აქ რას ჩამაცუცქულანო, - ფოცხვერამ. არზედ იცოდნენ დასხდომა ხათრისად... მე მღვდლის და დიაკონის ნაცხოვრები დავწვი და დავდაგეო, განა სიმშილით მოსაკლავად მყავ ქალიო, - ცივი უარი უთქვამს. შენ ფოცხვერა ქალს არ მოგცემსო, შენ თვითონ შეაჩვევინე გული მაგ ბალღსაო, - დურიგებია მამიდაჩემს, ჭკვიან ქალს, მიხა. - ხან გაუღიმე, ხან თავზე გადაუსვი ხელიო. ჰოდა, ნახევარ წელიწადში გოგოო, გიჟივით იყო თურმე, პაპაჩემს მაინც არ მიუცია ქალი, მისი სიკვდილის მეორე კვირას ღამით, ჩუმად გადასწერეს ჯვარი თურმე. ერთ კვირაში მეც დავბადებულვარ...

ბეჩავ მამაჩემს ჩემი ნახვა ენატრებოდა, ტყეში რომ იყო გასული. რო იმალებოდა, დურბინდი ჰქონდა და იმით მიყურებდა, ძუძუს როგორ მაწოვებდა დედაჩემი . დააბარებდა ვინმეს დედაჩემთან - გამაიყვანოს ბალღიო, სახლის იქეთ დასვას სადმე და დატოვოსო.

ეჩავი, ბეჩავი მამაჩემი ლექსად აკი ამბობს:

„მტერიც არ შემხვდა მტრისფერი,

ვარ უბედური დღისაო.“

- ამას ვისზე ამბობდა?

- დედამისი კომკავშირელებმა ხანჯლებით დასჭრეს, მოკლეს, ფშავლები იყვნენ! ფშავლები უნამუსო საქმეს რად სჩადიანო, - სული უწუხდა, სისხლიც არ აუღია დედის - შეუნდო!

- ასეთი ავი საქმე რად ჰქნეს ფშაველებმა, დანდობილები და დამნდობნი არიანო, რომ ბრძანებდით?

- რუსეთის ხელში ჩავარდნილ ხალხს რას მოსთხოვ, ეშმაკის ხელთ იყვნენ.

- მიხას ხომ შეეძლო უცხოეთში წასვლა, ქაქუცას რაზმელებთან ერთად, ქაქუცა ხომ სთხოვდა, მასთან ერთად წასულიყო თურქეთში...

- მიხამ - არაო! არ წაჰყვა, ჩემი კლდეები მამაგონდება და გული მამკლავს მაინცაო, აბა, რად გინდივარო.

მოწამლეს მიხა, მეორე დღეს კახეთს უნდა წასულიყო, დაალეინეს, დააძინეს და მერეღა ესროლეს თავში...

- ხალხს დიდხანს უმალავდნენ მის სახელს, მისი ლექსები ხალხური ეგონა ყველას...

- „სახლო, არ დაინგრეოდე, ცოლო, არ გასთხოოვდებოდე“-ო მამაჩემმა! პირიქით მოხდა ყველაფერი: სახლიც დაინგრა, საცოდავი დედაჩემი ლამაზი ყოფილა და ყველა ეტანებოდა. თურმე რომ არ გადაესახლებინათ, 20 წლისა ახლობლებმა 70 წლის კაცს გაატანეს ძალით. მე სხვისას გავიზარდე, ბევრი სიმწარე ვნახე. მასწავლებელი ვარ, ლიტერატორი, ვაჟას სახლმუზეუმში ვმუშაობდი წლების მანძილზე, ვაჟა დიდი სიწმინდე იყო.

მეუღლე ციგროშვილი მყავდა, ერთი ქალი გავაჩინე - დავეჯიბრე რუსებსა!.. აბა, რუსების ყურება ჩვენ რას გვარგებს - ისინი ისედაც მრავალნი არიან, ერთი, და ისიც ქალი, რა არის? შენა, ჩემო ქალო, ვაჟები რამდენი გყავ?

- ერთი ვაჟი და ერთი ქალი.

- ცოტაა, ჩემო ქალო! გააჩინო უნდა ვაჟები, ჯერ ახალგაზრდა ხარ და მამულს უკეთესს ვერას გაუკეთებ.

- ახლა როგორ ცხოვრობთ?

- ვაგონში ვცხოვრობ. ჩემმა შვილმა და მისმა ოჯახმა იყიდა სახლი, მაგრამ ის რა სახლია! ინგრევა ის სახლი, მე ჩემთვის მირჩევნია.

მე ის ადამიანი ვარ, ვისაც სხვისი სიხარული უხარია, აბა, რა მაცოცხლებს მშიერს და ტიტველს! ყველაფერი მიყვარს, სიყვარული კიდე წამალი ყოფილა, ცაც მიყვარს, ფოთოლიც მიყვარს. ბოჩოლა დაკლეს ჩემი გუშინწინა, ბღაოდა და ვეღარც სჭრიდნენ თავსა. შემნანდა, სულიერ იყო ისიცა! ღმერთს ხომ ის უნდა, კარგად იყოს სუყველა, ეშმაკი მაინც ჩამაივლის, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ღმერთს კარგი საქმითა.

მას წინათ მოვიდა ერთი ყმაწვილი დიაკონი, მაღალი, ლამაზი, ფული მაჩუქა, პროდუქტიც მომიტანა. პენსია ხომ მაქვს პურის საყიდლად, დავღონდი, რად ვაწუხებ ხალხსა! შარშან ახალგაზრდები მოვიდნენ: ჩვენაო, მიხას ამბავი მოვისმინეთო, - ბევრი რამ მომიტანეს...

ასე წავიდა წუთისოფელი... ახლა კიდევა სიცოცხლე მინდა. მშვიდობით იყავ, უნდა წავიდე ახლა, ჩემო ქალო. დაგინახე თუ არა, რაღაცნაირად გიცან, რო ჩემიან იყავ. ნურა გაგიჭირდეს და, თუ გაგიჭირდეს, ღმერთმა მოგხედოს, შენი შვილ-მისადევარი სულ კარგად იყვნენ.

ბელა უჩაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია