საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კაცი არეზე
2010/07/06 13:05:32

დღეს სხვანაირად ცხოვრობს: ყოველ დილით აღვიძებს პატარა გოგონას ტიკტიკი და, თვალს რომ ახელს, პირველად მის გაბურძგნულთმებიან თავს უყურებს, მერე ის და მისი ექვსი წლის ვაჟი ლამისაა ყირაზე გადადიან სახლში, საღამოობით მათთან ერთად ფეხით დასეირნობს ქუჩაში და უნდა, ასე უსასრულოდ გაგრძელდეს. მასთან ერთად  მისი გმირებიც დადიან, ჯერ მხოლოდ მის გონებაში რომ სახლობენ მოთხრობებად. დაიწერება ეს მოთხრობებიც და მოკრძალებულად მოაწერს ხელს - იოსებ იორღანაშვილი.  

 

შინ სოსოს ეძახიან. მეგობრებიც. მოკრძალებული კაცია და უფრო მოკრძალებული - მწერალი. არადა, თუ ერთხელ მაინც წაიკითხე მისი მოთხრობები, ვერ დაგავიწყებს თავს. ხვდები, გმირები კი არ ცხოვრებენ და განიცდიან მარტო, მათთან ერთად მათი შემქმნელიც სუნთქავს და შენც სხვანაირად იწყებ სუნთქვას, ფიქრს, მზერას.

არადა, ცოტას წერს. ახლა ამბობს, რომ დრო არ აქვს, ისე იწყება მისი დილა და მთელი დღეც ისე გრძელდება, რომ ძალიან უჭირს, მისთვის ყველაზე მთავარს - სულ ახლახანს   „შეცნობილ სამყაროს“ - მამობას მოჰპაროს წუთები და თუნდაც თავისი გმირების გაცოცხლებაში დახარჯოს. არადა, ორივე სამყაროზე ერთნაირი ემოციით და თვალებით საუბრობს - გმირებზეც და შვილებზეც. 

„არ მაქვს იმის მოთხოვნილება, რომ ვიღაცამ წაიკითხოს, ჩემთვის ისიც მთავარია, რომ დავწერ. მერე მე თვითონ მსიამოვნებს ჩემი მოთხრობების წაკითხვა, ასე მგონია, მათთან მივდივარ სტუმრად, რამდენიმე ხანი მათთან ვცხოვრობ. როცა პერსონაჟი კვდება, ჩემთვის არ კვდება, რადგან მე ძალიან ბევრჯერ „ჩავდივარ“ მასთან. როცა ვკითხულობ, სულ მეუფლება განცდა, რომ ისევ მათთან ერთად ვარ, ერთადერთი, რასაც ჩემი მკითხველისგან ვითხოვ, ეს წარმოსახვაა, მინდა ყველაფერი ის წარმოიდგინონ, რაც დაწერე.“

მისი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. უბრალოდ, ესაა, გარეგანი და შინაგანი სამყაროს ზღვართან დგანან ყოველთვის.

„მე იმ ხაზზე ვწერ, არ ორი სამყაროს გასაყარზე და, რაც უფრო წინააღმდეგობაში მოდის ესენი ერთმანეთთან, მით უფრო საინტერესოა. საერთოდ, ადამიანი ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ბედნიერია ან უბედური. ყველაზე მეტად სიკვდილზე ფიქრის დროს ვლინდება ადამიანი.“

თვითონაც ფიქრობს. „მე ფართოდ გახელილი თვალებით ვიხედები და მინდა მხოლოდ კარგი დავიმახსოვრო, მე მწამს ღმერთის და მინდა, როცა წავალ, გამყვეს ჩემი წილი, ჩემი წილი - რომელიც იქნება კარგი და კეთილი.“

ვიდრე წერას დაიწყებდა, მანამდე კარგი მკითხველი გახდა. ტრადიციულად დაიწყო - დეტექტივებით. კითხვისას ჯერ მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდა: ვინ მოკლა, მერე „ვინ“ კითხვას „რატომ“ ჩაენაცვლა და თავისით მოვიდა ადამიანის შინაგანზე ფიქრიც.

თხუთმეტი წლის იყო, წერის სურვილი პირველად რომ გაუჩნდა. სახლში რემონტი ჰქონდათ, ფურცელი გადმოიღო და მხოლოდ ერთი წინადადება დაწერა. კარგახანს იყო მხოლოდ ერთი წინადადება, მერე მიუბრუნდა და, როგორც თავად ამბობს, წყალივით წავიდა...

მაინც თავისთვის წერდა, კიდევ - მეგობრებისთვის. სტუდენტობისას  მისმა მეგობარმა ვანო თავხელიძემ მისი ნოველები მიხეილ ქურდიანს აჩვენა, მან ურჩია, რომ წიგნი გამოეცა და თან უთხრა, შენ ეს შეგცვლისო...

მას შემდეგ ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, მისთვის დაბეჭდვაზე უარი ეთქვათ, ყველა ლიტერატურული გაზეთი, ჟურნალი დიდი სიამოვნებით უღებდა კარს. ყველა ეუბნებოდა, რამე ახალი მოგვიტანეო. ბევრს არ წერდა, ამიტომაც, როცა დაწერდა, მერე არჩევანს ვეღარ აკეთებდა,  ვისთვის მიეტანა პირველად. ჩრდილში ყოფნა აირჩია, ძალიან გულწრფელად ამბობს, რომ თუ დასამკვიდრებელია, მაინც დაიმკვიდრებს თავს.

„ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევს, როცა ჩემი ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ადამიანს ცრემლს შევნიშნავ თვალზე. მე ვიცი ჩემი ნოველების ღირებულებები, მე არ მიყვარს უხამსობა. ვეთანხმები, როცა ამბობენ, რომ ცხოვრება ისეთი უნდა აღწერო, როგორიც არის, მაგრამ უხამსობის გამოსახატავად ლიტერატურაში უამრავი გზა არსებობს, მარტივად რომ ვთქვათ, ეს სამი წერტილია.“

გონებაში უამრავი მოთხრობა ჰყავს, წერისთვის მხოლოდ დრო სჭირდება, შეიძლება, დიდხანს ატაროს სათქმელი და მერე გადაიტანოს ფურცელზე, შეიძლება, რაღაცამ ან ვიღაცამ, შიგნით არ მოასვენოს და დააწერონოს თავი.

„ერთ-ერთ კლასიკოსს აქვს ნათქვამი, გენია ისაა, რაღაც გონებაში შექმნა და ისე მიუდგე, როგორც არსებულს, ეს ყველაზე სწორი მიგნებაა, არ უნდა გაგექცეს პერსონაჟი, ის უნდა იყოს დამაჯერებელი, არც ბევრი პერსონაჟების შემოყვანა მიყვარს, არ მინდა, მკითხველმა რომელიმეს ყურადღება დააკლოს. თითოეულ სიტყვას, თითოეულ წინადადებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთმა სიტყვამ, ერთმა ამოოხვრამ, ერთმა შორისდებულმა შეიძლება თქვას ყველაფერი. ხანდახან, გზაშიც დამიწერია. არის ასეთი მოთხრობა „მდინარე“. ბაკურიანში მივდიოდით და მაშინ გადავიარეთ ბავშვივით კრიალა მდინარე. ვერ მოვისვენე და იქვე დავწერე პატარა ნოველა. თუმცა, იმ კაცის მთელი ცხოვრება ჩანს შიგ. ყოფილა შემთხვევა, სიტყვების თამაშისთვის შემიქმნია სიტუაცია, მაგალითად „ბროლის ბუზი მარგალიტის ზღვაში“.

ყველა მოთხრობა თუ ნოველა არის ძალიან სადა და უბრალო, მაგრამ - მკითხველისთვის ახლობელი.

„ეს სუფთა ტექნიკის საკითხია, რომელზედაც ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ვიწვალე.“

მის პერსონაჟებს ყოველთვის სულიერი გასაჭირი აქვთ - ფსიქოლოგიური პრობლემები. ამბობს, რომ წერამ ცხოვრებაში არეზე ყოფნა ასწავლა. „ყველაფერს შორიდან ვუყურებ და ვაკვირდები. არა, ადამიანებზე ექსპერიმენტებს კი არ ვატარებ, შემიძლია, წინასწარ ვთქვა, რას იზამს ის. ბევრჯერ აწყდები მრისხანებას. მე იშვიათად მიყვირიან, მაგრამ მსიამოვნებს, როცა მიყვირიან. იმ ადამიანს რაღაც შინაგანი აყვირებს და უნდა მოუსმინო, უნდა სიტყვა უთხრა. ქუჩაშიც ხშირად შემხვედრია მრისხანება. მრისხანების დროს ხდება გონების დაბინდვა, ამ დროს მარადიული წამიერად გვეჩვენება და წამიერი კიდევ - მარადიულად. როცა ვწერ, პერსონაჟი მე მყავს და შემიძლია დიდხანს გავაჩერო ჩემთან, შემიძლია, სიტყვა შევუჩერო პირზე, ისინი ჩემი შექმნილები არიან. ცხოვრებაში ასე არ ხდება, მე ვიმახსოვრებ ცხოვრებას... კი არ ვიზეპირებ, უბრალოდ, ვიმახსოვრებ. ძალიან მიყვარს, როცა ვწერ, წერა ამ ცხოვრებიდან გაქცევის საშუალებასაც გაძლევს. მაგრამ ერთია, არაფრის გულისთვის არ ღირს, ადამიანს ატკინო, რადგან ამაზე ღირებული ღმერთისგან არაფერია შექმნილი.“

ხვალ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მისი მოთხრობის გმირი გახდეს...

როცა წერს, პირველად ოჯახში კითხულობენ, ის აკვირდება... მერე ერთი მეგობარი კითხულობს, ვალერი - მასაც აკვირდება, ვალერის იშვიათად მოსწონს რაიმე და  მის რეაქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მოეწონა, ე.ი. მოთხრობას მწვანე შუქი აქვს...

არ არსებობს, რამეზე მეფიქროს და არ დამეწეროს. ორ რამეზე ვჩერდები მხოლოდ, ესაა - ქუთაისზე ვერ დავწერე და კიდევ - საბავშვო ზღაპრები. ორივე ძალიან რთულია. ზღაპრით იმდენად სავსეა ნიბისმიერი ქვეყნის ეპოსი, ძნელია რამე ახალი მოიფიქრო. არადა, გამეორების მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ქუთაისია და რა ვიცი, ისე ძალიან მიყვარს, რომ მაინც ვფრთხილობ მასზე დაწერას.“

ბევრ რამეს განიცდის და ბევრ რამეზე ფიქრობს, ადამიანურ თანაგრძნობაზე პატარა ბიჭივით უჩვილდება გული, ხედავს, ამ სამყაროში, უფრო სწორად, ამ ქვეყანაში რაც ყველაზე მთავარია, იმაზე არავინ საუბრობს. ეშლება ნერვები, როცა ოფისებში შედის და ყველა კომპიუტერზე „ადნაკლასნიკებია“ გაშლილი, უკვირს, კაცობრიობის ამხელა მიღწევას რატომ ვიყენებთ მხოლოდ ლიცენზირებული ჭორაობისთვის.

„ტარდება დეფილეები, მიღებები, ამას ყველაფერს აშუქებენ... არადა არიან ადამიანები, თავისი ცხოვრება წვალებაში გაჰყავთ, მათზე არავინ არაფერს ამბობს. არადა, ადამიანური თანაგრძნობა ყველაზე მნიშვნელოვანია.“ 

ორი წიგნის ავტორი უკვე არის. მაინც ცოტაა, ახლა მესამეზე მუშაობს. ეს სიახლე იქნება, რადგან აქამდე არასდროს დაუწერია რომანი... ვნახოთ, რა გამოვა... ყოველდღე ფიქრობს, რომ ხვალიდან უფრო აქტიურად დაიწყებს წერას, ყოველდღე ხვდება, რომ რაც დღეს ხელს უშლის, ძალიან სიამოვნებს ეს „ხელისშემშლელი ფაქტორები“ - თავისი შვილები... იცის, ზარმაცია, და იცის, რომ ეს არაა კარგი, მაგრამ ჩრდილში ყოფნა მისი არჩევანია. ან მართლა სჯერა, რომ თუ დასამკვიდრებელი ხარ, მაინც დაიმკვიდრებ თავს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია