დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვინ იქნება ქუთაისის მესამე ვიცე-მერი?
2011/06/27 12:08:12

რა არის კარუსელი?

 

პირდაპირი მნიშვნელობით - გასართობი საქანელა, რომელიც ტრიალებს და ტრიალებს, ამ ტრიალში კი არაფერი იცვლება. ის ისევ ერთ ადგილზე დგას, ერთი და იგივე შემადგენელი ნაწილებით და ერთი და იგივე ფუნქციით.

 

თუმცა დღევანდელ ხელისუფლებაში კარუსელმა სულ სხვა დატვირთვა შეიძინა. არჩეულია გუნდი, სახელად „პარტია ნაციონალური მოძრაობა “, ერთმანეთის მიყოლებით ტრიალებენ, ხან ერთ თანამდებობაზე, ხან - მეორეზე, იცვლიან სამინისტროებს, დეპარტამენტებს, სამმართველოებს, განყოფილებებს, თუმცა, ზუსტი მეცნიერების კანონია, „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“.

ხელისუფლების ეს ტენდენცია ქუთაისშიც თვალშისაცემია. კარუსელი, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დატრიალდეს.

ქუთაისს მალე მესამე ვიცე-მერი ეყოლება. საკრებულოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დებულებაში შესულიყო ცვლილება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, ეს ცვლილება პროექტების რიცხვის ზრდასა და ბიუჯეტის მატებას უკავშირდება. ახალი ვიცე-მერი, სავარაუდოდ, საფინანსო-ეკონომიკურ ბლოკს ჩაიბარებს. საკითხის უფრო კონკრეტულად გასარკვევად, მერიის საზოგაროებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ. მათი განმარტებით, სანამ კანონი ძალაში არ შევა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვერავინ გააკეთებს კომენტარს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით დვალის განცხადებით: „უნდა დაინიშნოს თუ არა ქუთაისში მესამე ვიცე-მერი, - ამ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენთან გაიარეს  კონსულტაციები. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს საჭიროა, რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მოუქნელია მერიის სტრუქტურა. იმიტომ, რომ თითოეულ ვიცე-მერს ჩაბარებული აქვს რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო რგოლის კურატორობა, რაც, შესაბამისად, მათ შრომისნაყოფიერებას აშკარად ხელს უშლის. ქალაქს, მოსალოდნელია, დაემატოს სხვა და სხვა ფუნქციები,  ყოველ შემთხვევაში, გეგმები არის ასეთი. თუმცა, რამდენად გაართმევს თავს მმართველი ძალა, ეს სხვა საკითხია. სამუშაოებზე  ზედამხედველობა თუ იქნება ოპტიმალურად გადანაწილებული,  კარგად აისახება ჩვენს ქალაქზე.

სხვა საკითხია, რამდენად კვალიფიციურ კადრს დანიშნავენ და როგორ გაართმევს იგი დაკისრებულ მოვალეობას თავს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ კანდიდატები არ არიან წარმოდგენილნი.“ - განაცხადა მან.

იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს ქუთაისის საზოგადოება ამ საკითხზე, გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხულთა უმეტესობამ არც იცოდა, საერთოდ, ვინ არიან და რას აკეთებენ დღევანდელი ვიცე-მერები. თუმცა ახალი, მესამე მერის მოადგილის დანიშვნის შესახებ, ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაგვცეს:

„ჩვენს პატარა ქალაქს რად უნდა ამდენი ვიცე-მერი? კიდევ უნდა ვიხადოთ ხალხმა მისი ხელფასი და მივლინებების ფული? რას გააკეთებს მის საფასურს? არაფერს. მოუნდა ვიღაცას გამდიდრება და გამოიგონეს რაღაცა ახალი. ნეტა, ვიცოდე, რას იტევს ამდენს ეს მერია“. - გაკვირვებით მიპასუხა ჩვენმა თანაქალაქელმა.

საინტერესოა, ვინ შეიძლება იყოს მესამე ვიცე-მერი? კულუარული ინფორმაციით, დავით გორდელაძის და დავით ანდღულაძის გვერდით, შესაძლოა, ქალაქის ყოფილი ხელმძღვანელი, პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე, ნიკო კაჭკაჭიშვილი მოგვევლინოს.

მოკლედ, ასეა. „ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალთან ერთად, სახელისუფლებო კარუსელი!.. “ 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1351
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია