დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი საბავშვო მწერლები ასტრიდ ლინდგრენის სამშობლოში
2010/05/31 13:22:54

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის წარმომადგენლები და ქართველი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების ჯგუფი შვედეთის მწერალთა კავშირის მიწვევით იმყოფებოდნენ სტოკჰოლმში, სადაც არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

გასული წლის 27 ოქტომბერს, ქართული საბავშვო წიგნის დღეს (ეს თარიღი დაწესდა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის მიერ და უკვე ოთხი წელია, რაც აღინიშნება), თბილისში ქართულ-შვედური საბავშვო ლიტერატურის სემინარი გაიმართა, რომელიც შვედეთის ინსტიტუტისა და მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის მიერ იყო ორგანიზებული. ქართული მხრიდან კი მათ კოლეგები, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ. პროექტის მეორე ნაწილს ქართველი მწერლების, ილუსტრატორების და ფონდის წარმომადგენლების შვედეთში ვიზიტი წარმოადგენდა.

თავდაპირველად შვედეთს საბავშვო ლიტერატურის ფონდის წარმომადგენლები, საბავშვო მწერლები ირმა მალაციძე და მარიამ წიკლაური ეწვივნენ. მოგვიანებით შვედეთის დედაქალაქში მწერალთა და ილუსტრატორთა ჯგუფიც ჩავიდა, რომელიც „ვორქ-შოპში“ შვედ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა.

სემინარის მეორე ნაწილს წარმოადგენდა ქართველი და შვედი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების ერთობლივი „ვორქ-შოპი“, რომელიც საქართველოში, ბათუმში ჩატარდა და წელს, მაისში, შვედეთში გაგრძელდა. „ვორქ-შოპის“ ფარგლებში მწერლებმა და ილუსტრატორებმა ერთობლივი საბავშვო წიგნები შექმნეს.

ფონდის წარმომადგენლებს ბევრი საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ. გაიმართა შეხვედრა შვედეთის საბავშვო წიგნის ინსტიტუტში, სადაც მათ მასპინძლობას უწევდა ლილემურ ტორსტენსონი.

აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტში, გარდა შვედური საბავშვო საწიგნო ფონდისა, ინახება შვედი საბავშვო მწერლების თარგმანები სხვადასხვა ენაზე. ამჯერად ინსტიტუტის ბიბლიოთეკას ასტრიდ ლინდგრენის ქართული თარგმანებიც შეემატა, რომლებიც ფონდმა საჩუქრად გადასცა შვედ კოლეგებს.

საინტერესო  აღმოჩნდა ვიზიტი  ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრიზის საორგანიზაციო კომიტეტში (ALMA). ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი პრიზი, რაც კი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის დარგში გაიცემა. პრიზი დაწესდა შვედეთის მთავრობის მიერ ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პატივსაცემად. გადაეცემათ სხვადასხვა ქვეყნის მწერლებს, ილუსტრატორებს და ორგანიზაციებს, რომლებიც საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის დარგში მოღვაწეობენ.

 

ირმა მალაციძე (საბავშვო ლიტერატურის ფონდის ხელმძღვანელი): „ყველაზე შთამბეჭდავი „იუნიბაკენში“ სტუმრობა იყო, სადაც მარკეტინგის მენეჯერ მარია რეუტერშკოლტსა  და სცენოგრაფ ტურ სვაესტს შევხვდით. „იუნიბაკენი“ ყველა ბავშვის ოცნებაა და გული მწყდება, რომ ქართველ ბავშვებს მისი ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს არის ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრების მიხედვით შექმნილი მინიატურული ზღაპრული სამყარო, სადაც ზღაპრის თანამონაწილე ხდები და პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობ იმ მოკლე დროის მანძილზე. გასაოცარი რამაა. შვედეთი, ალბათ, ყველა საბავშვო მწერლისათვის საოცნებო ქვეყანაა. მხოლოდ ასტრიდ ლინდგრენის სახელიც საკმარისია, რომ ამ სიტყვების სისწორეში ეჭვი არ  შეგვეპაროს.შვედი კოლეგების გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო. გაოცებას ვერ ვფარავდით, როცა ვხედავდით, როგორი სათუთი დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს საბავშვო ლიტერატურისა და ზოგადად, წიგნის მიმართ. ეს იგრძნობოდა ყველგან. კომფორტულ ბიბლიოთეკებში ბავშვები, როგორც სახლში, ისე მიდიან, ხანდახან მთელ დღეს აქ  ატარებენ.  მათთვის  მოწყობლია საბავშვო ოთახები, იქვე თამაშობენ, ერთობიან, კითხულობენ. ანუ, ბავშვი წიგნთან ხალისით ურთიერთობს და არავის უწევს იმაზე ზრუნვა, იძულებით  წააკითხოს ბავშვს წიგნი. ვფიქრობ, ქართველებმაც უნდა ვისწავლოთ მათგან ბევრი რამ, შევცვალოთ დამოკიდებულება როგორც ბავშვის, ასევე წიგნის მიმართ, და კითხვის პროცესი უფრო სახალისო გავხადოთ ბავშვისათვის.

მაგალითად, სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე   კულტურის   სახლში   არის   „ოთახი  ბავშვებისთვის“, სადაც მშობლებს ახლადფეხადგმული ბავშვებიც კი დაჰყავთ. ოთახს იმდენად ბევრი სტუმარი ჰყავს ყოველდღიურად, რომ შენობის ბოლო სართულზე, სადაც ისაა განთავსებული, დგას შუქნიშანი, რომელიც ქუჩიდანაც მოჩანს, იგი წითელი ფერით ატყობინებს შესვლის მსურველებს, რომ დარბაზი გადატვირთულია. აღსანიშნავია, რომ შვედეთში ბიბლიოთეკებში მომსახურება უფასოა.“

 

***

ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ საბავშვო საგანმანათლებლო  ტელე-რადიო კომპანიას (UR) და შეხვდნენ საბავშვო მწერალსა და პროდიუსერს ჰელენ რუნდგრენს. UR კერძო კომპანიაა, რომელიც აკეთებს ტელე-გადაცემებს, რადიო-პროგრამებსა და გამოსცემს წიგნებს. მათი საქმიანობის ძირითადი ნაწილი მიმართულია ბავშვებზე და ყველაფერ იმაზე, რაშიც საბავშვო კულტურა მოიაზრება. ამ გადაცემებს მილიონობით მსმენელი ჰყავს და საეთერო დროც ისეა განსაზღვრული, რომ ბავშვები თავისუფლები იყვნენ.

 

შეხვედრა მოეწყო ასევე „მწერალთა ცენტრის“ აღმოსავლეთ ფილიალის ოფისშიც, სადაც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ჰელენა ემბერგმა უმასპინძლა ქართველ მწერლებს.

 

ცენტრი წარმოადგენს ორგანიზაციას მოქმედი მწერლებისთვის. დაწესებულების მიზანია, გაავრცელოს ლიტერატურა საზოგადოებაში. მათი ერთ-ერთი ამოცანაა, მოუწყონ და დაუჯავშნონ მწერლებს შეხვედრები,  მაგალითად სკოლებში, ბიბლიოთეკებში და ა.შ.

ეს ორგანიზაცია 1967 წლიდან არსებობს და მთლიანად აგვარებს მასში გაერთიანებული 1400  მწერლის ყველა შეხვედრის ორგანიზებასა და დაფინანსებას. უნდა ითქვას, რომ ეს ცენტრი და მწერალთა კავშირი შეთანხმებულად მუშაობს. ცენტრში გაწევრიანებისათვის მწერალს 2 წიგნი მაინც უნდა ჰქონდეს გამოცემული რომელიმე სერიოზულ გამომცემლობაში.

 

მარიამ წიკლაური (საბავშვო ლიტერატურის ფონდის წარმომადგენელი, მწერალი): „შვედური ვიზიტის დროს მიღებული გამოცდილება, ალბათ აუცილებლად გამოიღებს რაიმე შედეგს. ჩვენი ფონდი, აგერ უკვე მეხუთე წელია, საკუთარი ძალებით ცდილობს ქართველი ავტორების გარშემო დაგროვილ პრობლემებზე ყურადღების მიქცევას. 22 აპრილს ჩატარებულმა აქციამ „გამოუცემელი წიგნების გამოფენამ“ შვედ მწერლებშიც დაინტერესება გამოიწვია და შეიძლება იქაც ჩაატარონ მსგავსი გამოფენა. ორივე ქვეყნის მწერლებს ბევრი რამ აღმოგვაჩნდა ერთმანეთისთვის გასაზიარებელი“.

„იუნიბაკენი“ არის ბავშვებისთვის საგანგებოდ შექმნილი ზღაპრული სამყარო, აღჭურვილი თეატრითა და წიგნის მაღაზიით, კაფეთი, სადაც პეპის მაჭკატებს და კარლსონის გუფთასაც მიირთმევს ადამიანი. ვილა „ყიყლიყო“ იქ დღეში რამდენიმე ასეულ დამთვალიერებელს მასპინძლობს. საინტერესო პავილიონები, რომლებშიც შვედური ლიტერატურის სამყაროა გაცოცხლებული, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებზე. მუზეუმის ძირითადი ნაწილი ეხება ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს. სცენოგრაფი ტურ სვაე დროდადრო მუშაობს იუნიბაკენის დარბაზების გაფორმებაზე. გარდა ამისა, შვედური ინსტიტუტის დავალებითა და თხოვნით შექმნილი აქვს საბავშვო წიგნების ბიბლიოთეკები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებშიც. კარგი იქნებოდა, რომ ასეთი პროექტი საქართველოშიც განხორციელდებოდეს. ეს საოცრება ყველა ბავშვმა უნდა ნახოს.

 

ქართველთა ვიზიტი შვედ საბავშვო მწერალთა საგაზაფხულო წვეულებას დაემთხვა, რომელსაც შვედეთის მწერალთა კავშირის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის სექცია, ყოველწლიურად, ორჯერ მართავს თავისი წევრებისთვის.  წვეულება სტოკჰოლმის სამხრეთ კუნძულზე, ერთ ძველებურ შენობაში შეიკრიბა. ქართველების მასპინძელმა, მწერალმა მარი ოსკარსონმა, წარადგინა ქართული დელეგაცია და ისაუბრა ფონდის საქმიანობაზე.

 

საინტერესო იყო შეხვედრა გამომცემლებთან სუზანე ემან-სუნდენთან და სესილია ნილსონთან. „Raben.Sjogren“ შვედეთის ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო წიგნების გამომცემლობაა, სხვა ავტორებთან ერთად გამოსცემს ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს. სუზანე ემან-სუნდენი 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი, დასურათებული წიგნების გამომცემელია, სესილია ნილსონი კი ყველა იმ წიგნისა, რომლებიც განკუთვნილია ბავშვებისთვის 7 წელს ზემოთ. ამ გამომცემლობაში 25 წელზე მეტხანს მუშაობდა რედაქტორად ასტრიდ ლინდგრენი. ის დილაობით თავის წიგნებს წერდა, საღამოობით კი სხვის წიგნებს ასწორებდა.  გამომცემლობამ ბინა შეიცვალა და დღესდღეობით  ერთ უძველეს ისტორიულ შენობაში,  შვედეთის უდიდეს გამომცემლობასთან ერთადაა განთავსებული.

შვედეთში სახელოვნებო ათზე მეტი გაერთიანება-კავშირი არსებობს.

„Stockholm Illustration“ წარმოადგენს ილუსტრატორების გაერთიანებას. ილუსტრატორებს საზიარო სამუშაო ადგილი აქვთ და ერთობლივად უკეთებენ თავიანთ ნაწარმს მარკეტინგს, მაგალითად, საერთო ვებ-გვერდის სახით. ანდერს ვესტბერგი ამ გაერთიანების ერთ-ერთი ილუსტრატორია.

შეხვედრების შემდეგ ფონდის წარმომადგენლები თბილისში გამოემგზავრნენ, ხოლო „ვორკ-შოპის“ ჯგუფი სტოკჰოლმიდან მოშორებით, ერთ მყუდრო შენობაში შეუდგა ახალი საბავშვო წიგნების წერას და ხატვას.

ქართული მხარისათვის ეს იყო ძალზე საინტერესო და სასარგებლო ვიზიტი, რომელსაც, ალბათ, შესაბამისი შედეგიც მოჰყვება.

 

ნატა გულბანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია