საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როხელების ლექსიკა - ქართული დიალექტოლოგიის საინტერესო ფურცელი
2010/05/17 12:19:35

ჩვენი სტუდენტობისას ქართული ენის კათედრაზე ერთი ნაზი, სიმპათიური ქალბატონი მუშაობდა უფროს ლაბორანტად - ლეილა უკლება. იმდენად მოკრძალებული და სათნო ადამიანი იყო, სტუდენტებიც კი ვამჩნევდით მის განსაკუთრებულ კდემამოსილებას, ყველას ძალიან გვიყვარდა.

დღეს ეს ადამიანი ჩვენს შორის აღარაა, მაგრამ, აი, ხელში ჩამივარდა სულ ახლახან გამოსული მისი წიგნი „იმერული დიალექტის სალექსიკონო მასალა“ და თითქოს თვალწინ ხელახლა გამიცოცხლდა ეს კეთილშობილი ქალბატონი, რომელსაც თურმე წლების მანძილზე დიდი რუდუნებით უგროვებია ძვირფასი დიალექტოლოგიური მასალა - ბაღდათის რაიონის სოფელ როხის მცხოვრებთა მეტყველების ნიმუშები.

წიგნის რედაქტორი - პროფესორი ჟუჟუნა ფეიქრიშვილი, წინასიტ-ყვაობაში აღნიშნავს: „ლეილა უკლებამ სიცოცხლეში ვერ მოასწრო ამ მასალების წიგნის სახით გამთლიანება და მისი წარდგენა სპეციალისტებისათვის. მართალია, იმ პერიოდში გარკვეული პირობების გამო მეც ვერ აღმოვუჩინე სათანადო დახმარება, მაგრამ შემდეგშიც არ დამვიწყებია ამ სალექსიკონო მასალის არსებობა და ჩემი ვალი ლეილას ხსოვნის წინაშე. გარდა ამისა, პროფესიული პასუხისმგებლობაც მავალდებულებდა, მეზრუნა ამ „მასალებზე...“ ქალბატონი ჟუჟუნას ინიციატივით, საქმეში ჩაერთვნენ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის დეპარტამენტი და სტუდენტთა სამეცნიერო წრეც... და, აი, შედეგი - ლეილა უკლებას ხელნაწერებმა მზის სინათლე იხილა.

წიგნში  საკუთრივ „იმერული დიალექტის სალექსიკონო მასალის“ გვერდით, სხვა საყურადღებო თემებიცაა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ლეილა უკლებას ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სტუდენტების - თამარ ნინიძის, ჯილდა ხუბუასა და ნინო კაკუშაძის (ხელმძღვანელები - პროფესორები ჟუჟუნა ფეიქრიშვილი, ეკა დადიანი, რუსუდან საღინაძე) მიერ წარმოდგენილი მოხსენებები. დამწყები მკვლევარები რთული და სერიოზული შედარებითი სამუშაოს საფუძველზე, კონკრეტული მაგალითების მოხმობით ამტკიცებენ, რომ ლეილა უკლებას მიერ ჩაწერილი სიტყვების ნაწილი დღემდე გამოცემულ ლექსიკონებში არსად დასტურდება და, ამდენად, მეცნიერული თვალსაზრისით მეტად ფასეულია. ასეთებია, მაგალითად:

ალეშკერებული - ლამაზად ზეაწეული, გადარკალული (წარბები); აჭოფავს - წინდას, „რეიტუზს“ ჩასაცმელად მოიმარჯვებს, ხელში აკრეფს, დაიმოკლებს, რომ ადვილად გაუყაროს ფეხი; ბათაშანა - მსუქანი, გაფუებული; გამფრინვალე - ქალი, დაოსტატებული სამიჯნურო საქმეებში; კანკოჩა - პატარა, დაბალი სკამი; კმაკური - ყბების ნძრევა;

მეხიმრება - მეუხერხულება; მუდაგი - უსუფთაოდ მკეთებელი;  ცქვიმფლი - ცუნდრუკი; წენწი - ტანწვრილი და მაღალი (ბიჭი); ხინცალი - აცმა... და სხვა.

ერთი სოფლის მაგალითზე უამრავი ასეთი საინტერესო სიტყვა დასტურდება.

ამ წიგნით კოლეგებმა და ახალგაზრდა ენთუზიასტებმა პატივი მიაგეს ქალბატონი ლეილას ხსოვნას, ხოლო ქართულ დიალექტოლოგიურ ლექსიკას საოცრად კოლორიტული ნაკადი შეუერთეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1879
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია