დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვამთელებთ ჟამთასვლას!
2010/05/10 12:33:14

პროექტის - „ყველაფერი ვეფხის-ტყაოსნის შესახებ“ - ქუთაისში პრეზენტაციაზე ჩვენ უკვე დავწერეთ, მაგრამ ხუთტომეულზე „ყველაფერი „ვეფხისტყაოსნის შესახებ“ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. მითუმეტეს, ამ პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში მოეწყო 2 მაისს, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, ქეთი მატაბელის და ჯგუფ „ქართული თექას“ ნამუშევრების გამოფენასთან ერთად. ეს ნამუშევრებიც  თემატურად  „ვეფხისტყაოსანს“  უკავშირდებოდა.

საქართველოს უნივერსალური ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ და ამ პროექტის ერთ-ერთმა განმახორციელებელმა ლევან თაქთაქიშვილმა ხუთტომეულის გამოშვების ისტორია უამბო იქ მოსულ საზოგადოებას.

„ეს შიდა საგამომცემლო საიდუმლოებებია, რომელთა გამომზეურება გამომცემლობას არ სურდა და არც კი წერია ამ წიგნების წინასიტყვაობებში, მაგრამ მე მაინც მინდა გიამბოთ, რადგან, რაც არ უნდა იყოს ისტორიაა.

გამომცემლობის ხელმძღვანელის შავლეგ შავერდაშვილის სურვილი იყო, რომ გამოეცა ენციკლოპედია „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. მან და მისმა დედამ, მანანა კარტოზიამ დაიწყეს მოლაპარაკებები მეცნიერებთან, მხატვრებთან. გადაწყდა, რომ ცალკე ტომად ყოფილიყო ბოლო რედაქცია, რომელიც 1966 წელს, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენლმა კომისიამ შეიმუშავა. ამ კომისიიდან მხოლოდ გურამ კარტოზიაა ცოცხალი, სწორედ მას ჰქონდა სურვილი, რომ ტექსტს თან არ ხლებოდა ილუსტრაციები. ამიტომ გადაწყდა, რომ ილუსტრაციები ცალკე წიგნად გამოცემულიყო. მეოთხე ტომში ძალიან გა საგებ ენაზე მოთხრობილია „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი. მერე თვითონ გამომცემლობამ მოინდომა, რომ მეხუთე ტომი, ბიბლიოგრაფიას დასთმობოდა. მისი შედგენისათვისაც კოლოსალური შრომა დაიხარჯა. ბოლო ტომში წლების განმავლობაში გამოცემულ 400-მდე „ვეფხისტყაოსანზეა“ თავმოყრილი ინფორმაცია. მათი აღწერილობა, ფოტოები... სხვადასხვა ქვეყნების: ბრიტანეთის, ჩინეთის, ბულგარეთის, ესპანეთის ბიბლიოთეკებში მოგვიხდა ჩასვლა და წიგნების ფოტოგრაფირება. ამ ტომში კოლექციონერზეცაა ინფორმაცია. თავად გამომცემლებს ისე ძალიან შეუყვარდათ ეს ხუთტომეული, რომ ერთ-ერთი ეგზემპლარისთვის თექის ყდაც კი შეუკვეთეს,“ - გვიამბო პრეზენტაციაზე ლევან თაქთაქიშვილმა.

მან განსაკუთრებულად ქეთი მატაბელის ილუსტრაციებზე გაამახვილა ყურადღება. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ილუსტრაციებს. ზიჩის დასურათებაც კი სუბიექტურია და იქ მხატვრის თვალსაზრისი უფრო ჩანს. ქალბატონი ქეთის ნამუშევრები კი, მალამოსავით ედება პოემას.“

 

***

ქეთი მატაბელი „ვეფხისტყაოსანზე“ 80-იანი წლებიდან მუშაობს.

მან, როგორც მხატვარმა, „ვეფხის-ტყაოსანი“ მას შემდეგ გაიაზრა, რაც ვიქტორ ნოზაძისა („ვეფხისტყაოსნის ღვთისმეტყველება“, „ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება“, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“, „ვეფხის-ტყაოსნის მზისმეტყველება“, „ვეფხის-ტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება“) და ზვიად გამსახურდიას („ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“) შრომებს გაეცნო.
„ამათ გარდა, მე გვერდით მყავდა მამუკა თავაქარაშვილი, - ამბობს ქეთი მატაბელი, - რომლის მიერ დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“ ჩემი შთაგონების წყარო გახდა“.

ქეთი მატაბელის დაფოლიანტებული „ვეფხისტყაოსანი“ მათი კვლევებით არის ნასაზრდოები და ამასთან, წარმოაჩენს მხატვრის სუბიექტურ დამოკიდებულებას, მის მიერ, უპირველესად, ფერში აღქმულ და დანახულ რუსთაველის სამყაროს. წიგნი, რომელიც „ჯეოექს ფაბლიშინგისა“ და სტამბა „სეზანის“ ერთობლივი პროექტის ნაწილია, ქეთი მატაბელის 101 ნამუშევარს მოიცავს.

***

„ეს არის წიგნი, რომელიც ამოუწურავია და სულ გაქვს სურვილი, მიუბრუნდე, მერე ყოველთვის ახლებურად აცნობიერებ. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ინდოეთში, არაბეთში ხდება, აქ მაინც ქართული სახეები და ხასიათებია, აქ არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის შერწყმა (თინათინი). ხშირია „ვეფხისტყაოსნის“ შედარება აღმოსავლური ლიტერატურის ძეგლებთან, მაგრამ გაცილებით მეტ სიახლოვეს ამჟღავნებს პოემა ბერძნულ-ბიზანტიურ და დასავლეთევროპული რაინდული ლიტერატურის ნიმუშებთან. რაინდული რომანები სავსეა ბიბლიური ალუზიებით. სულის მატერიაში ჩამოსვლის დრამა, კვლავ ღვთისკენ ზეაღსვლა ინიციაციის გზით. ჩემს ნამუშევრებს ლაიტმოტივად თავაქარაშვილის მიერ დანახული „ვეფხისტყაოსანი“ გასდევს, რადგან გაგონილი მქონდა, რომ ყველაზე მიახლოებულად მან განსაზღვრა ჩაცმულობა, ატრიბუტიკა, სიმბოლიკა. თუ დააკვირდით, ჩემს ნამუშევრებში ქართული ფრესკის შტრიხებია. ზოგზე ჩინური და იაპონური იეროგლიფებია, გერმანულად და ინგლისურად ნათარგმნი ტექსტებიცაა, ერთ-ერთ ნამუშევარს უსინათლოებისთვის აღქმადი ანბანი ახლავს.“

ილუსტრაციები პოემის ამონარიდებით არის დასათაურებული.  აქვე, ვიქტორ ნოზაძისა და ზვიად გამსახურდიას შეფასებებსაც აღმოაჩენთ, მაგალითად: „არაბეთი მეცნიერებისა და ფილოსოფიის სიმბოლოთა საუფლოა. კაცობრიობის ძველმა სიბრძნემ (როსტევანმა) იგრძნო სიბერე და გაამეფა თავისი ასული - გონება.

„ეს გაკეთდა იმიტომ, რომ გლობალური ყოფილიყო, რომ ყველასთვის ახლობელი  გამხდარიყო  „ვეფხის-ტყაოსანი“. წიგნში ყველაფრის სინთეზია ერთად, აქ არის შაგალიც და არის სპარსული სიბრძნეც. ესაა მთვარისა და მზის მისტერია, გრაალის მისტერია, ნესტანის პოვნას საკრალური ქორწინება დავარქვი, ქაჯეთის ციხის აღებას ჩვენს ქვეცნობიერში ცუდი ძალების დამარცხება და განდევნა,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქეთი მატაბელმა.

გარდა იმისა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე მუშაობისას ძალიან დიდ კმაყოფილებას გრძნობდა, ჰქონდა შეგრძნება იმისა, რომ გარღვეულ ჟამთასვლას ამთელებდა.

„ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი ცნობიერებაა, ახლა, როცა ამ პრეზენტაციის მოსაწვევებს ვარიგებდი, ვცდილობდი, ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის მიმეცა, რადგან აუცილებლად უნდა მოხდეს მათი დაახლოება ამ პოემასთან.“

ქეთი მატაბელი თვლის, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ფერი მზისფერია, როცა უშუალოდ მის პერსონაჟებს „ქმნიდა“, ცალ-ცალკე არ განიხილავდა არც ერთ მათგანს.

„ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა - ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი. ასეა თინათინი და ნესტან-დარეჯანიც. ეს საოცარი წიგნია, ერთი დიდი მთლიანობა.“

„ჩემი ნამუშევრები კოლაჟის პრინციპზეა აგებული. თუმცა, ანალოგი არ მოეძებნება, რადგან მათში არის რაღაც, რაც მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით გამოვიგონე“, - აღნიშნავს ავტორი, რომელიც ხელოვნურად დაძველებულ მასალაზე მუშაობისას იყენებს წებოს, თაბაშირს, რკინას, ფურცელს, ნაჭერს, ქვას...“ მოქანდაკე ფორმით აზროვნებს, მწერალი - სიტყვით, მე, როგორც ფერმწერი, ფერით. რუსთაველის პოემაში კი იმდენი ფორმა და ფერია, რომ მისი ამოცნობა დაუსრულებელი პროცესია. მის თითოეულ სცენაში სიმბოლიკაა ჩადებული, მაგალითად, ავთანდილი თეთრ ცხენზე ზის, ტარიელი კი - შავზე... მოგვიანებით, ავთანდილის თეთრი ცხენი დათრთვილული, წინწკლებიანი ხდება, რადგან მას სევდა შეეპარება... რაც შეეხება ამ ხუთტომეულს, ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი, ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ეს რომ მე 80-იან წლებში მქონოდა, ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან როცა „ვეფხისტყაოსანზე“ დავიწყე მუშაობა, სულ ცალ-ცალკე, სათითაოდ ვეძებდი ყველაფერს.“

 

***

პროექტის პრეზენტაციას „ყველაფერი ვეფხისტყაოსნის შესახებ“ კულტურის მინისტრი ნიკა რურუაც ესწრებოდა.

„ეს არის ძალიან კარგი პროექტი, „ვეფხისტყაოსანის“ შესახებ, ეს პოემა არ უნდა იყოს მხოლოდ სამეცნიერო ექსპონატი,“ - განაცხადა მან.

 

მაკა ჩინიჯიშვილი   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია