დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცოცხალი კლასიკოსი
2010/05/04 13:42:03

„ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში მივედი, ჩემი გაზეთი „ბაგრატი“ უნდა მიმეცა ერთი ადამიანისთვის. არ დამხვდა და მის თანაშემწეს დავუტოვე. მომიბრუნდა და მკითხა, რა ვუთხრა, ვინ დატოვაო. ცოტა არ იყოს, კი მეწყინა, ვუთხარი, გაზეთს აწერია ზედ-მეთქი.ბატონო ბაგრატ, რა გვარი ბრძანდებითო.“

ეს ამბავი, თავად მწერალ რეზო ჭეიშვილს რომ არ მოეთხრო საკუთარ საღამოზე, ალბათ, ვერასოდეს დავიჯერებდი. პირადად ჩემთვის მართლა დაუჯერებელია, ცოცხალი კლასიკოსი ვერ იცნო. ვერ იცნო რეზო ჭეიშვილი!..

ერთი კვირის წინ ის იუბილარი იყო. მრგვალი თარიღი არ ყოფილა - 77 წლის გახდა.

მწერალთა სახლში, საინტერესო შეხვედრების კლუბში იუბილართან მისალოცად ქალაქის ინტელიგენცია მივიდა. მარტო მილოცვები არ ყოფილა, მის შემოქმედებით და პიროვნულ ღირსებებზეც ბევრი ისაუბრეს.

მწერალმა თვითონ გაიხსენა, რომ 24 აპრილს მისი დაბადების დღის გარდა, დავით კლდიაშვილის გარდაცვალების დღეც იყო, ამ ორ ფაქტს კი დარბაზში მსხდომმა საზოგადოებამ სიმბოლური დატვირთვა მისცა.

იუბილეზე დამსწრეთა სიყვარული უშურველად მოიმკა - საღამო იყო მოკრძალებული, მაგრამ ამავე დროს ძალიან გულწრფელი და უშუალო. უბრალოდ, იგრძნობდი, რომ იუბილარი უყვარდა ყველას და არავინ იყო ისე, „ხათრისთვის“ მოსული. ეს სიყვარული კი განვლილი 77 წლით დაიმსახურა.

პირველი მოთხრობები 1958 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახში „პირველი სხივი“ გამოაქვეყნა. ავტორთა კრებულების „ბზიანეთი“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „დალი“, „მუსიკა ქარში“, „ყაჩაღები“, „კუდიანი ვარსკვლავი“, „ქარების დაბრუნება“, „ასკილის წითელი ყვავილი“.

მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი, შოთა რუსთაველისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, 1961 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, სხვადასხვა პერიოდში - ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში, იყო ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე: ჟურნალ „განთიადის“ მთავარი რედაქტორი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის დარმატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, გამოსცა და იყო რედაქტორი გაზეთებისა  „მოწამეთა“,  „მწვანე-ყვავილა“. ამჟამად აქვს გაზეთი „ბაგრატი“, რომელიც წელიწადში ორჯერ, გიორგობის დღესასწაულებზე გამოდის. მისი სცენარების მიხედვით შექმნილია ფილმები: „განთიადის წინ“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „ბზიანეთი“, „გამოაღეთ ფანჯრები“, „ზღვის მგელი“, „ჭიდაობას რა უნდა“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, მას ეკუთვნის ეკრანიზაცია ფილმებისა „ბაკულას ღორები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ყვარყვარე“...

„ცისფერი მთები“ კი მისი შემოქმედების ე.წ. სავიზიტო ბარათია.

მას არასოდეს მიუტოვებია ქუთაისი, ყოველთვის „შინ“ არის. და მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწარმოების გმირები განზოგადებული სახეებია, მათი ძირი, ხასიათი მაინც ქუთაისშია, მართლაც, „თბილისსა და ქუთაისს შორის „გაბმული“ მწერალია“, რომელიც მშობლიური ქალაქის, მშობლიური ქვეყნის საკეთილდღეოდ არასოდეს ერიდება ხმამაღალ, კრიტიკულ განცხადებებს, საკუთარი მოსაზრებების ღიად გამოთქმას. ცოცხალი კლასიკოსია - უნდა უსმინო, ეფერო და, უბრალოდ, იცნო. ისევ იმას ვუბრუნდები, იმ დალოცვილმა, რეზო ჭეიშვილი როგორ ვერ იცნო...

 

მართა მარგველანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია