საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მე მიყვარს ნიკო გომელაური...
2010/04/19 13:25:25

არ ვიცი, მასთან ინტერვიუ რომ  ჩამეწერა,  როგორ   დავიწყებდი წერას.

ალბათ, უბრალო იქნებოდა და სადა...

ალბათ, დამრჩებოდა უკმარისობის გრძნობა და მერე მთელი თვეები ნიკო გომელაურზე ვიფიქრებდი...

ახლა, როცა აღარ არის, აღმოვაჩინე, რა ძალიან მიყვარდა თურმე! მიყვარდა ლექსებით, თეატრით, თავისი როლებით, ინტერვიუებით...

„წლები წინდაწინ იწევენ,

ითხოვენ თავის წილს.

ანგარიშს არ კი მიწევენ,

ცოტა არ იყოს, მწყინს.“

მისი ცხოვრება იყო ხანმოკლე და ძალიან საინტერესო.

განსაკუთრებით, სიცოცხლის ბოლო დღეები. მძიმედ იყო ავად, სხვა მის ადგილას ჩაწვებოდა საწოლში და დაელოდებოდა სიკვდილს. ის მაინც წერდა, ის მაინც თამაშობდა სპექტაკლებში და ოფლში გაწუწული ამბობდა, „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“.

ამბობდა:

„აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,

მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი,

აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,

მაგრამ, მაინც, მაინც ვილტვი.

აღარ დამრჩა ნერვი ღერი,

 მაგრამ მაინც, მაინც ვმღერი,

მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,

რადგან ერთი რამე დამრჩა...“

ეს სიყვარული იყო - ნინა...  „მე ღმერთი მიყვარს შენში, შენ რა იპოვე ჩემში... „იპოვეს ერთმანეთი და ბინის კარზეც გაჩნდა წარწერა: „გომელაური-ჩოდრიშვილი“...

შენი ხელი ხელს ჰბანდა,

შენი ხელი ცვდებოდა,

მეც გეცვითე ხანდახან,

განა მეწყინებოდა...“

ნინამდეც და ნინასთან ერთად მთელი ცხოვრება იყო...

დაიბადა 1970 წლის 12 ივლისს, დედა - ვიოლა გომელაური, მამა - ჯეჯი გომელაური, ძმა - გაგა ინაური. სკოლა, სტუდენტობა, პირველი სპექტაკლი „გუშინდელნი“, მერე „ჰედა გაბლერი“, „ბილოქსი ბლუზი“, პირველი სიყვარული, პირველი მეუღლე ეკა ნიჟარაძე. შვილები ტასო და ჯეჯი. მერე იყო პირველი კინოსინჯი, 2001 წელს - ლექსების პირველი კრებული, 2002-ში  - მეორე კრებული, 2003-ში აუდიო წიგნი, მერე - მესამე და მეოთხე კრებულები.

2003 წელი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია სპექტაკლში         „კომედიანტები“; 2004 წელი - ბრესტის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი. სპექტაკლი „კომედიანტები“.

2006 წელი - ტრაპიზონი, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, სპექტაკლი „ძმები“. 

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,

თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...

მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები,

მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები...

ძალიან ბევრი ტიროდა ნიკო გომელაურს გულწრფელი ცრემლებით, მისი ლექსებით. უამრავჯერ წაიკითხეს ამ დღეებში და, ალბათ, კიდევ დიდხანს, დიდხანს იტყვიან თავიანთ სათქმელს გომელაურის სიტყვებით. დრო ყველაფერს არქმევს თავის სახელს და გულწრფელად რომ ვთქვათ, წინასწარ ვერ იტყვი, გლოვის შემდეგ რა იქნება. თუმცა...

„ოცნებები მცნებებივით იცვლებიან...

უსასრულო დასასრულში გავები...“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია