დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წიგნები „ბავშვთა სოფელში“
2010/04/19 13:24:05

წიგნის მოყვარულთა კლუბმა „ქიმერიონმა“ თავისი საქმიანობა რომ ქველმოქმედებით დაიწყო, ამაზე ჩვენი გაზეთის წინა ნომერში უკვე გიამბეთ.

ახლა იმას მოგიყვებით, როგორ დაიკავა ამ წიგნებმა მთავარი თარო ბავშვთა სოფლის არც თუ მრავალწიგნიან ბიბლიოთეკაში.„ბავშვთა სოფელში“  70-მდე ბავშვია, აქაც, რა თქმა უნდა, უმეტესობას წიგნს კომპიუტერი ურჩევნია, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე. რამდენიმეს კითხვა ისე უყვარს, რომ შეუძლიათ დიდხანს ილაპარაკონ საყვარელ მწერლებზე და მათ წიგნებზე. ამიტომაც „ქიმერიონის“ აქციის მონაპოვარს, 58 წიგნს დიდი სიხარულით შეხვდნენ. 

აქციაში „შეიძინე წიგნი „ქიმერიონში“ და აჩუქე შენი ავტოგრაფით ბავშვთა სოფელს“ ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, წიგნებიც დაგროვდა - ერთი დიდი ყუთი. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის გათვლილი: ანბანი, ზღაპრები, საბავშვო შემეცნებითი ლიტერატურა, მხატვრული პროზა, პოეზია. 

თამუნა კეპულაძე მე-9 კლასშია, კითხვა ძალიან უყვარს, მისი საყვარელი წიგნი „ჯეინ ეარია“.

„ახალი წიგნები ძლიან მომეწონა, უკვე რამდენიმეს დავადგი თვალი და აუცილებლად წავიკითხავ. მერე ხშირად წაკითხულს ერთმანეთს ვუზიარებთ.“ - გვითხრა თამუნამ.

მარი წერეთელმაც იქვე აღმოაჩინა მისთვის სასურველი წიგნი - „ალექსანდრე მაკედონელი“.

მარი წერეთელი: „ბიბლიოთეკაში რაც გვაქვს, უმეტესობა თითქმის წაკითხული მაქვს, ახალი წიგნები კარგია, ალექსანდრე მაკედონელის გარდა, ძველი ბერძნულ-რომაული მითების წიგნიც მომეწონა.“

პატარა გიორგის კი, რომელიც, ჯერჯერობით, მხოლოდ 8 წლისაა, ლექსები უყვარს, მნიშვნელობა არა აქვს, ვისი ავტორობით, ზუსტად ასე მითხრა: „ყველა ლექსი კარგია.“

აქციის ფარგლებში შეძენილ წიგნებს შორის ლექსებიც იყო, თან არცთუ ურიგო პოეტების.

ლევან ბალიაშვილი, „ბავშვთა სოფლის“ დირექტორი: „ჩვენ გვაქვს აქ ბიბლიოთეკა, როცა საქალაქო ბიბლიოთეკების გამსხვილება მოხდა, წიგნების გარკვეული რაოდენობა წამოვიღეთ, მაგრამ ახალი გამოცემები არა გვაქვს, დიდი მადლობა გაზეთ „P.S.“-ს, დიდი მადლობა „ქიმერიონს“, ეს არის ძალიან კარგი საქმე, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა.“ 

წიგნის მოყვარულთა კლუბმა „ქიმერიონმა“ პირველად ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები გაახარა. მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ბავშვებისთვის კვლავ ჩავატაროთ ღონისძიებები. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია