საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ახალი წიგნი - „კაცობრიობის ბიბლია“
2009/10/14 14:42:05

მწერალთა სახლში არსებული „საინტერესო შეხვედრათა კლუბი“ 12 ოქტომბერს მწერალ ლია გვენეტაძეს მასპინძლობდა. ამჯერად მისი ახალი წიგნის – „კაცობრიობის ბიბლიის“ – წარდგინება მოეწყო. წიგნმა დამსწრე საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია.

ეს ლიას მესამე წიგნია, ის დოკუმენტურ-ფილოსოფიურ პროზას განეკუთვნება. თავად თვლის, რომ მისი პირველი წიგნი – ლექსებისა და რუსი კლასიკოსების თარგმანი, „თირუზი“ – განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.

„კაცობრიობის ბიბლიაში“ კი თავმოყრილია როგორც ფილოსოფიურ-დოკუმენტური მოთხრობები, ასევე ნოველები, წერილები, პუბლიცისტიკა, ესე და ფრაზები.

„ვფიქრობ, ეს წიგნი არ არის ყველასათვის განკუთვნილი. ჩემი, ისევე, როგორც ყველა შემოქმედის ფსიქიკა, არის მოძრავი, ამიტომ ვცდილობ, შევქმნა ისეთი ხასიათის ნაწარმოები, რომელიც შინაარსობრივად ასახავს იმ დროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ფორმატითაც განსხვავებულია, ორიგინალური და ამით კიდევ უფრო საინტერესო“, - გვითხრა ლია გვენეტაძემ.

ისაუბრეს ლია გვენეტაძეზე, როგორც პოეტზე, მწერალსა და ჟურნალისტზე. გაიხსენეს და განიხილეს ლიას შემოქმედება მისი პირველი ნაბიჯებიდან დღემდე. თუმცა, ძირითადი აქცენტები მაინც წიგნის სათაურზე გაკეთდა: „ეს სათაური პირობითია და არ შეიძლება აქ „ბიბლია“ მივიღოთ, როგორც ჩვენი, ქრისტიანული ბიბლია“, - განმარტა თავად ავტორმა.

„საინტერესო პიროვნებაა თავად ლია თავისი შემოქმედებით. ინტელექტუალური, განათლებული გოგოა, რაც მის ნაწერებში ჩანს კიდეც. პრეტენზიები იყო წიგნის მიმართ, უთხრეს კიდეც, რომ რაღაცები სადავოა, მაგრამ, მე მიმაჩნია, რომ ეს წიგნი მკითხველამდე გზას გაიკვლევს. წიგნი, რომლის არსებობაც ჩაილურის წყალივით ჩაივლის, არც კარგს გეტყვიან და არც ცუდს - ის თავისთავად ღირებული არ არის. შეიძლება, ბევრი რამე იყო სადავო, მაგრამ მთავარია, რომ ის იკითხება და საინტერესოა საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა იმერეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თემურ ლანჩავამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია